#fbimage#http://www.tabula.ge/media/putin(1).png##fbimage#
რუსეთის პრემიერ მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა გაეროს რეზოლუციას, რომელიც მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის დაწყების უფლებას იძლევა, ”საზიანო, გაუგებარი და არასრულყოფილი” უწოდა. ”რეზოლუცია ყველაფრის უფლებას იძლევა და თავისი არსით შუა საუკუნეების ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოწოდებას ჰგავს,” აღნიშნა პუტინმა ვოტკინსკში მუშებთან შეხვედრისას.რუსული მედიის ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ გაოცებულია იმით, თუ რა ადვილად იღებს აშშ გადაწყვეტილებას საერთაშორისო მასშტაბით ძალის გამოყენების შესახებ. ”კლინტონის დროს მათ დაბომბეს ბელგარდი, ბუშის დროს - ერაყი და ავღანეთი. ახლა ლიბიის ჯერია და ეს ეს ყველაფერი ვითომდა მოსახლეობის დაცვის საბაბით. სად არის ლოგიკა და სინდისი? მათ არც სინდისი აქვთ და არც ლოგიკა,” აღნიშნა რუსეთის პრემიერ მინისტრმა. მისივე თქმით, რუსეთი არავისთან ომს არ აპირებს, თუმცა აქვე დასძინა, რომ ”შექმნილი ვითარების გამო სამხედრო პოტენციალის გაზრდა აუცილებელია.”
გაეროს რეზოლუციის მიღების შემდეგ საერთაშორისო სამხედრო ოპერაციას მუამარ კადაფიმაც ”ჯვაროსნული ლაშქრობა” უწოდა.
გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია ლიბიაში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ 17 მარტს მიიღო. საბჭოს სხდომაზე კენჭისყრის დროს რუსეთმა თავი შეიკავა, გაეროს წევრი კიდევ ოთხი ქვეყნის - ჩინეთის, ბრაზილიის, ინდოეთის და გერმანიის მსგავსად.




