”ისლამის გმობისთვის” პაკისტანში 17 წლის მოზარდს სიკვდილით დასჯა ემუქრება

”ისლამის გმობის” ბრალდებით პაკისტანში 17 წლის მოსწავლეს ასამართლებენ. სიედ სამიულას ფიზიკისა და ისლამური სწავლებების დისციპლინებში წერითი გამოცდების პასუხების ფურცლებზე ”ღვთის გმობის” შემცველი წარწერების გაკეთებაში ადანაშაულებენ.  უცხოური მედიის ცნობით, მსაჯულები ახლა ექსპერტების დასკვნას ელოდებიან, რათა გაარკვიონ აქვს თუ არა ეჭვმიტანილს ფსიქიკური პრობლემები. თინეიჯერის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ის ფსიქიკურად დაავადებულია.

ადამიანის უფლებათა დამცველების განცხადებით, მედიკოსთა დასკვნამ, შესაძლოა 17 წლის მოზარდი სასიკვდილო განაჩენს გადაარჩინოს. თუმცა, მათი თქმით, სიედ სამიულას მთელი ცხოვრების მანძილზე მოუწევს ”ფსიქიკურად დაავადებულის” იარლიყის ტარება.

”ისლამის გმობის” ბრალდებით სამუდამო პატიმრობამისჯილი პაკისტანელი ქრისტიანი, ჰამარ დავიდი გასულ კვირას თავის საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ამავე მოტივით ქვეყანაში გასული სამი თვის მანძილზე კიდევ ორი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. 2001 წლის იანვარში პაკისტანის ერთ-ერთი პროვინციის მმართველი, სალმან ტასეერი მისი პირადი დაცვის წევრმა მოკლა იმის გამო, რომ ტასეერი ისლამის გმობის შესახებ კანონს აკრიტიკებდა. 2 მარტს კი მოკლეს პაკისტანის მინისტრთა კაბინეტის ერთადერთი ქრისტიანი წევრი, უმცირესობების მინისტრი შაბაზ ბჰატი. მისი მკვლელობა თავის თავზე თალიბანის დაჯგუფებამ აიღო.

პაკისტანში მოქმედი კანონი ღვთის გმობის შესახებ მხოლოდ ისლამზე ვრცელდება და სხვა რელიგიების შეურაცხყოფაზე რაიმე სახის სასჯელს არ ითვალისწინებს.

კომენტარები