სამჭედლო

 ისეთი ამაყი, დღეს რომ ვარ, ჯერ არ ვყოფილვარ. რას ვგულისხმობ? ვარსკვლავებს, რა თქმა უნდა. არ ვიცოდი, ამდენი სავარსკვლავე კაცი თუ გვყავდა. ეს უკვე რაღაც ვარსკვლავთცვენაა. თბილისი, რომელიც ოდესღაც მზის და ვარდების მხარედ ითვლებოდა, დღეს ვარსკვლავთა ნამდვილ სამჭედლოდ ქცეულა.

დღე არ გავა, აქ ვინმეს ვარსკვლავი არ გაუხსნან. ბოღმა და ბაიყუში უნდა იყო, მთელ ამ ამბავმა არ შეგძრას და სიხარულით არ აგავსოს. ასე თუ გაგრძელდა, ქალაქში მალე ნემსის ჩასავარდნი ადგილი აღარ დარჩება და, რაც მთავარია, არც კაცი დარჩება უვარსკვლავოდ. ყველა ქართველს მალე ალბათ თამამად შეეძლება თქვას: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ვარსკვლავი”. მით უფრო, რომ არაა გამორიცხული, ცოტა ხანში თბილისს სხვა ქართულმა ქალაქებმა, დაბებმა, სოფლებმა და დასახლებულმა პუნქტებმა არ მიბაძონ და მათაც არ დაიწყონ აბორიგენთათვის ვარსკვლავების გახსნა. გგონიათ, არ მოიძებნება მალთაყვაში, ბანძაში ან ოფშკვითში სავარსკვლავე ხალხი?

მართალია, ჯერ კიდევ შეიძლება ქართველთა ორ ნაწილად გაყოფა – ვარსკვლავებად და ვარსკვლავთმრიცხველებად, მაგრამ, ეჭვი მაქვს, სულ მალე აღმრიცხველი აღარ დარჩება. ვინაიდან ყველა ვარსკვლავი გახდება. საკითხავია, მერე როგორ მოვიქცეთ? ხომ ცხადია, რომ ამ ამბავში ყველა თანაბარი ვერ იქნება. ამიტომ ჯერ, ალბათ, სუპერვარსკვლავები გაჩნდებიან, შემდეგ მეგავარსკვლავები, ჰიპერვარსკვლავები, თანავარსკვლავედები, და ა.შ. უბრალო ვარსკვლავურ მტვერზე რომ არაფერი ვთქვათ.
 
როგორც მახსოვს, უახლოეს წარსულში დაახლოებით ასეთივე სიხშირით რიგდებოდა ღირსების ორდენებიც. რომ გადაგეფურთხებინა, უთუოდ რომელიმე ორდენოსანს მოახვედრებდი. არ დაცალდა შევარდნაძეს, თორემ ხომ დაკიდებდა თითოეულ ქართველს ღირსების ორდენს.
 
რაც შემეხება მე, რას წარმოვიდგენდი, ვარსკვლავი თუ მეღირსებოდა, მაგრამ... რა ვიცი, ისეთი დრო დადგა, შეიძლება მეც კი გამიხსნან. მით უფრო, რომ ეშმაკს არ ძინავს. არავინ რომ აღარ დარჩება უვარსკვლავოდ, ბოლოს ალბათ მართლაც გამიხსნიან სადმე ზოოპარკში სულ პატარა, თაგვის ცურცლისხელა ვარსკვლავს. ვინძლო უკვე გამიხსნეს კიდეც. სხვათა შორის, ამის შიშით იმავე ზოოპარკში, სადაც ძალიან მიყვარს სეირნობა, ამიტომაც ვეღარ შევსულვარ. ხომ შეიძლება, სადმე მღრღნელების გალიასთან ჩემი ვარსკვლავი აღმოვაჩინო?
 
ასე რომ, გულს ნუ გაიტეხთ, ჩემო ბატონებო. ვისაც ღირსების ორდენი არ გერგოთ თავის დროზე, მალე ყველას გექნებათ პირადი ვარსკვლავი. მთავარია, ყურადღებით იყოთ! შეიძლება, თქვენ ამ სვეტს კითხულობთ, თქვენი ვარსკვლავი კი სწორედ ამ წუთებში იხსნება. დღეს ხომ საქართველოში ვარსკვლავისგან არავინაა დაზღვეული. 
 

კომენტარები