შემოდგომა/ზამთარი 2011-12

 დასრულდა შემოდგომა/ზამთარი 2011-12 წლის მოდის კვირეულების ციკლი.

მილანის მოდის კვირეულის საქმიანი ატმოსფერო წელს ორმა ამბავმა – ოსკარების დაჯილდოებამ და ჯონ გალიანოს ხულიგნობამ დაარღვია. კრიტიკოსები ან წითელ ხალიჩაზე ნანახ კაბებზე საუბრობდნენ ან გალიანო-დიორის მომავალზე დებდნენ ფსონებს.

წარმოდგენილი კოლექციების დიდი ნაწილი კომერციულ, ლუქს კლასის მოდას განეკუთვნებოდა. როგორც ჩანს, სეზონიდან სეზონამდე მოდელიორებს ღრმა შემოქმედებითი ძიებებისათვის სულ უფრო ცოტა დრო და ენერგია რჩებათ. ამიტომაც, გასული საუკუნის სხვადასხვა დეკადის რეპრეზენტაცია ხშირია და ინდივიდუალიზმისგან დაცლილი. Gucci 70-იანებს უბრუნდება, Versace-სთან 80-იანი წლებია, Bottega Veneta-მ კი 60-იანი წლები გაიხსენა.
 
Jil Sander-ის სამხატვრო ხელმძღვანელმა რაფ სიმონსმა, გასული საუკუნის შუა წლების მაღალი მოდა სრულიად განსხვავებული კუთხით დაინახა. მან  საკუთარი კოლექციის კონცეფცია იმდროინდელ სპორტულ, კერძოდ კი სათხილამურო ტანისამოსს დაუკავშირა – მკვრივი წელვადი ქსოვილებისაგან ვიწრო შარვლები და დათბილული კაბები ხასხასა, ინტესიურ ფერებში წარადგინა. მოდის სახლმა პატარა ქუდები და ნაქსოვი ზედა ტანსაცმელიც აჩვენა. უაღრესად მარტივი თარგი და ინოვაციური ტექსტილი მკაცრ, თანამედროვე განწყობას ქმნის და ცოტა ხანში უდავოდ მიბაძვის მიზეზი გახდება. 
 
მოდის სახლმა Marni-მ დამახასიათებელი ტაქტიკა შეცვალა. ბრენდის ძირითადი მომხმარებელი ბოჰემური ახალგაზრდები იყვნენ და აქცენტი ტანსაცმლის დეკორირებაზე, ნაქარგსა და აპლიკაციაზე კეთდებოდა. ახალი კოლექცია კი ელეგანტური, დახვეწილი ქალისთვისაა – გრაფიკული ზედაპირები ამ შემთხვევაში ისლამურ გეომეტრიულ ორნამენტს მოგვაგონებს. წყნარი ტონები, მაღალი ხარისხის შალის კრეპი და გაბარდინი ჰარმონიულ კოლექციას ქმნის თავდაჯერებული, თანამედროვე ქალისათვის.
 
მიუჩია პრადამ განსხვავებული პროპორციები – ლაბადის მსგავსი კაბები – დაბალი და განიერი წელით განიერ ქამრებთან ერთად – წარმოადგინა. კოლექცია მრავალფეროვანი მასალებისაგან აეწყო და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მოდის ვნებიან ლექსიკონში – ბეწვი, პითონის ტყავი, პლასტიკის გამჭვირვალე კილიტები – ყველაფერი ინტენსიურ ყვითელ, სალათისფერ და მწვანე ტონებში. ერთი მხრივ, წარმოუდგენელი კომბინაციები, სწორად შერჩეულ აქსესუარებთან ერთად, საბოლოო ჯამში ორიგინალურ ტანისამოსს ქმნიდა. 
 
8 დღის განმავლობაში, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, კოლექციები 67-მა მოდის სახლმა აჩვენა.
 
პარიზის მოდის კვირეული, რა თქმა უნდა, ყველა მოდის კვირეულთა კვირეულია, როგორც ორგანიზების მაღალი დონით, ასევე მონაწილე სახლების საერთაშორისო მასშტაბით. 
 
ამ სეზონზე ყველაზე დიდი გამოხმაურება არა ტანსაცმელს, არამედ პოლიტკორექტულობას და ანტისემიტიზმს მოჰყვა. მოდის სახლმა Christian Dior-მა ცნობილი მოვლენების გამო, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დაითხოვა ჯონ გალიანო. ბუნებრივია, უმალ დაიწყო  მითქმა-მოთქმა, თუ ვინ დაიკავებს ამ საოცნებო პოზიციას.
 
კონგლომერატი LVMH-ი რამდენიმე ა-კლასის ბრენდს აერთიანებს. Christian Dior-ი, თავისი 60-წლიანი ისტორიით ერთ-ერთი მათგანია. მოლაპარაკება ჯერ არავისთან დაწყებულა, თუმცა ინდუსტრიის მოთამაშეები თვლიან, რომ კორპორაცია საკუთარ რესურსს გამოიყენებს და იმ მოდელიორს მოიწვევს, რომელთანაც უკვე თანამშრომლობს.
 
მოდის სახლ Christian Dior-ის ჩვენება 4 მარტს გაიმართა. ჩვენების დასაწყისში სახლის დირექტორი, წარმოშობით ებრაელი სიდნი ტოლედანო სტუმრების წინაშე სიტყვით წარდგა. მან განმარტა, რომ ფასეულობები, რომლებსაც მოდის სახლი ეყრდნობა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჯონ გალიანოს ქმედებას. შესაბამისად, მოდელიორთან ურთიერთობას ვეღარ განაგრძობენ. ცნობილმა მოდის ფოტოგრაფმა მარიო ტესტინომ კი აღნიშნა – „ეს უფრო დაკრძალვაა, ვიდრე დეფილე”. 
 
პარიზის კვირეულზე არა ერთი საინტერესო კოლექცია აჩვენეს. გერეთ პიუმ შავი ტყავის, ლურჯი აბრეშუმის და ოქროსფერი მეტალისაგან დამზადებული ნეოგოთური კოლექცია წარმოადგინა, მისი სტილი სულ უფრო დამაჯერებელი, მკაფიო და ორიგინალური ხდება.
ფიბი ფილომ ავტომობილების ინტერიერი დამახასიათებელი ხის და ტყავის ფაქტურებით კოლექციის შთაგონებად აქცია. მკაცრი სილუეტი, მძიმე და ძვირფასი ქსოვილები, ბეწვი და ტყავი მან ახალ მინიმალისტურ მიმართულებად განავითარა და მოდის სახლ Celine-სათვის ურბანული კოლექცია შექმნა. 
 
რიკ ოვენსი არ ღალატობს ასკეტურ სულიერებას და უცნაურ მოდერნისტულ ტანსაცმელს ქმნის. ამ სეზონზე მან ბეწვის თავსაბურავები, მონუმენტური სახელოები და აქრომატული მოსასხამები აჩვენა.
 
ალბერ ელბაზმა უზარმაზარი ტირიფის ფონზე აჩვენა Lanvin-ის სახლისათვის შექმნილი რომანტიკული კაბები და ლაბადები. ამჯერად მან მისთვის დამახასიათებელ წელვად ტრიკოტაჟზე უარი თქვა და აბრეშუმის  გაზარი გამოიყენა. ეს ქსოვილი, თავისი თვისებებით მძიმე ქსოვილს ჰგავს, სინამდვილეში კი ძალიან მსუბუქია. მეტალის ვარდებისაგან  მონუმენტური ყელსაბამები და სამაჯურები შექმნა, შავი აბრეშუმის ვარდები კი ხასხასა ფერის კაბების თავსაბურავებად გამოიყენა.
 
მარკ ჯეიკობსმა Louis Vouitton-ის სახლისათვის ფეტიშის ატრიბუტები – ხელბორკილები, ლატექსი, ნიღაბი, სიგარეტი, თასმებიანი მაღალი ჩექმები – ერთ დრამატულ ჩვენებაში გააერთიანა. მოდელები ოთხი  ორნამენტირებული ლიფტით ამოდიოდნენ პოდიუმზე, რომელიც  ბურჟუაზიული სასტუმროს დერეფანს ჰგავდა. ჩვენება ქეით მოსმა დახურა, ისიც ხომ ფეტიშის ერთგვარი „საგანია”. 
 
პარიზის მოდის კვირეულის ბოლო დღე ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა კიდევ ერთი სპეკულაციისათვის. ამჯერად საქმე პრინც უილიამის  ქორწილს ეხება. ხმა დაირხა, რომ ქეით მიდლტონისათვის კაბას, სარა ბარტონი, სახლ Alexander McQueen-ის წარმომადგენელი ქმნის. მან ხელით ნაქარგი და არაჩვეულებრივად დამუშავებული კაბების კოლექცია წარადგინა. მათ შორის ქათქათა თეთრი ფერის ზღაპრული კაბა გამოირჩეოდა. 

კომენტარები