სპეციალისტების აზრით, უახლოესი 48 საათი იაპონიისთვის გადამწყვეტი იქნება

იაპონიაში 9-ბალიანი მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ ატომურ სადგურ ფუკუსიმაზე  ვითარება უკიდურესად მძიმეა. სპეციალისტების ინფორმაციით, მდგომარეობა მესამე და მეოთხე რეაქტორებზე მომხდარი აფეთქებების შედეგად გართულდა.  ექსპერტების აზრით, უახლოესი 48 საათი გადამწყვეტი იქნება: თუ სადგურზე მომუშავე ინჟინრები ვერ შეძლებენ სიტუაციის გაკონტროლებას,  რადიაციული დაბინძურება ”კატასტროფულ მასშტაბებს” მიაღწევს.  ამის შეახებ ინფორმაციას  The Daily Telegraph-ი აქვეყნებს. გაზეთის ცნობით,  48 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა უნდა მოახერხონ ბირთვული საწვავის დნობის შეჩერება.  ამერიკელი სპეციალისტების თქმით, თუ  ბირთვული საწვავის გაგრილება ვერ მოხერხდა,  ის აალდება  და რადიაცის დონე ჩერნობილის მასშტაბებს მიაღწევს.

გაზეთ Wall Street Journal-ის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა  იაპონიაში მომხდარი კატასტროფის მასშტაბებს ”აპოკალიპტური” უწოდა. უახლოეს საათებში იაპონიაში  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი იუკიო ამანო ჩავა.  ამანომ  იაპონიის ხელისუფლებას მოუწოდა უფრო მეტი ინფრომაცია მიაწოდონ სააგენტოს ატომურ ელექტროსადგურებზე არსებული ვითარების შესახებ. 200 ადამიანიდან, რომელიც ფუკუსიმას ელექტროსადგურზე ავარიის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობს,  40 აფეთქებისა და რადიაციული დასხივების შედეგად დაზარალდა.  უცხოური მედია იუწყება, რომ მათგან ერთი რადიაციული დასხივების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი კი უგზოუკვლოდ დაიკარგა.

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად გაგზავნილ ამერიკელ ჯარისკაცებს პენტაგონმა ატომურ რეაქტორთან 80 კილომეტრზე მიახლოება აუკრძალა.  

კომენტარები