ბაჰრეინში ოპოზიციის ლიდერები დააპატიმრეს

 ბაჰრეინში პოლიციამ ოპოზიციის ხუთი ლიდერი დააკავა. ამის შესახებ ტელეკომპანია BBC  იუწყება. ოპოზიციონერების დაპატიმრება ბაჰრეინის დედაქალაქში გუშინ პოლიციასა და ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებს შორის სისხლიან შეტაკებას მოჰყვა. დაპირისპირებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაიჭრა. უცხოური მედიის ცნობით, მანამას მთავარი მოედანი, სადაც ბოლო სამი კვირის მანძილზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა,  ამ დროისთვის ცარიელია.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, თავიანთ მომხრეებს დემონსტრაციების დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდეს. უკვე სამი დღეა ბაჰრეინში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყნის მონარქმა ოპონენტებთან გამკლავების მიზნით, დახმარებისთვის სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ლიდერებს მიმართა. ბაჰრეინში უკვე ჩავიდა საუდის არაბეთის 1000-კაციანი და არაბეთის გაერთიანებული საემიროების 500-კაციანი დანაყოფები.

ბაჰრეინის შიიტური ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების იგნორირებას ახდენს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ბაჰრეინის მთავრობა დემონსტრანტების მიმართ ”გადაჭარბებული ძალის  გამოყენებისთვის” გააკრიტიკა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

კომენტარები