ბაჰრეინში შეტაკებებს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ბაჰრეინში პოლიციამ დედაქალაქ მანამას ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტები ტანკების, ცრემლსადები გაზის  და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. უცხოური მედიის ცნობით, შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა. დემონსტრანტები, რომელთა უმეტესობა შიიტები არიან, უკვე სამი კვირაა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარების მოთხოვნით დედაქალაქის მთავარ მოედანზე იკრიბებიან. დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას გუშინ ორი ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაიჭრა. ”ეს ქმედებები ოპონენტების განადგურების მიზნით ხდება,” თქვა ბაჰრეინის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა აბდელ ჯალილ ხალილმა.

ბაჰრეინის მთავრობამ, რომლის უმეტესობა სუნიტია, სამშაბათს სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მონარქმა ჰამად ბინ ისა ალ ხალიფამ ბაჰრეინში საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეირაღებული ძალები შემოიყვანა. ბაჰრეინში სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების სამხედრო ძალების შეყვანა შიიტურმა ირანმა მკაცრად გააკრიტიკა და შეაფასა, როგორც ”ოკუპაცია.”  ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, რომელმაც თებერვალში ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები ძალის გამოყენებით დაშალა, დღეს განაცხადა,  რომ მანამაში დემონსტრანტებზე იერიშის მიტანა ”გაუმართლებელი” და ”გამოუსწორებელი” ქმედება იყო. 

კომენტარები