წყნარ ოკეანეში სიგიჟის გარეშე

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კინოპროექტი ”სიგიჟის მთა” უახლოეს მომავალში აღარ გამოვა. გილერმო დელ ტოროს უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა ფილმის გადასაღებად, მთავარი როლი ტომ კრუზს უნდა ეთამაშა, პროდიუსერი ჯეიმს ქემერონი იქნებოდა, პროექტზე მუშაობა ივნისში უნდა დაწყებულიყო.

კინოკომპანია Universal Pictures-მა ფილმის დაფინანსებაზე უარი თქვა. მიზეზად ”სიგიჟის მთის” R რეიტინგი (არასაბავშვო ფილმი), არაჰოლივუდური დასასრული და პროექტში მდედრობითი სქესის წარმომადგენლების არყოფნა ივარაუდება. პროდიუსერებს შეეშინდათ მაყურებლის რეაქციის და 150 მილიონი დოლარი ვერ გაიმეტეს.

გილერმო დელ ტორო უსაქმოდ არ დარჩება. ის ახალ პროექტს ”წყნარი ოკეანე” ჩაუდგა სათავეში. სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელიც ოკეანიდან ამოსულ საშინელ წყლის ურჩხულებზე მოგვითხრობს, რომლებიც სამყაროს დაპატრონებას შეეცდებიან. თუ რეჟისორის უსაზღვრო ფანტაზიას და ფენტეზის ჟანრში მის წინა ნამუშევრებს გავითვალისწინებთ (”ფავნის ლაბირინთი”, ”ჰელბოი”, ”ეშმაკის ხერხემალი”), სავარაუდოდ, პროექტი ძალიან საინტერესო გამოვა.

კომენტარები