თბილი მითები

 მსოფლიო ბანკის საკვებზე ფასის ინდექსმა 2010 წლის ოქტომბრიდან 2011 წლის იანვრამდე პერიოდში 15%-ით მოიმატა. შარშანდელთან შედარებით, საკვებზე ფასები 29%-ით გაიზარდა. თუმცა 2008 წლის პიკს ფასები 3%-ით ჩამორჩება. მსოფლიო საკვების კრიზისის ახალ ტალღაზე ალაპარაკდა. ამასობაში გაერომ რიტორიკა შეცვალა და 2007-2008 წლებისგან განსხვავებით, საკვების კრიზისში ბიოსაწვავის განვითარების წვლილზე აღარ საუბრობს. მისი ახალი ინიციატივა სოფლის მეურნეობის გლობალური სტიმულირებაა.

 2010 წელს ბიოსაწვავზე ხორბლის მსოფლიო მოსავლის 6.5%, ხოლო მცენარეულ ზეთზე – 8% დაიხარჯა. 2007 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებლები ხორბლის შემთხვევაში თითქმის 3-ჯერ, ხოლო ზეთის შემთხვევაში – 8-ჯერ მეტია. ამ მაჩვენებლების დიდი წილი ბრაზილიაზე მოდის, სადაც დიდი მოთხოვნაა შაქრის ლერწმის ეთანოლზე, და ევროპაზე – სადაც ბიოდიზელია მოთხოვნადი. მართლაც, გლობალურად შაქარი და ზეთი ყველაზე მეტად გაძვირდა.

 
ბიოსაწვავის თემა გაეროსთვის უხერხული თემაა: ჯერ ერთი, ეს თემა მას სამუშაოს და დაფინანსებას ართმევს, რადგან დედაბუნებას ამ მიმართულებით ზრუნვაში სხვა ლიდერები გამოუჩნდნენ: აშშ ბიოსაწვავით, ბრაზილია შაქრის ლერწმის ეთანოლით და ევროპა ბიოდიზელით. მეორეც, გაეროსთვის ლიდერის პოზიციების დათმობა მით უფრო მტკივნეულია, რომ ალტერნატიული საწვავის თემა მთლიანად გლობალური დათბობის მისეული „აღმოჩენის” შედეგია.
 
გლობალური დათბობის შესახებ პირველად, 1990 წელს, ამცნო გაერომ მსოფლიოს და მას შემდეგ ამ მოვლენაში ადამიანის პროცენტულ ბრალეულობას ყოველწლიურად ზრდის. გაეროს კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილი მთავრობათაშორისი პანელის უახლესი, 2010 წლის ანგარიში, რომელიც გაეროს თქმით 2500 მეცნიერის ანალიზს ეყრდნობა, ასკვნის, რომ გლობალური დათბობა 90%-ით ადამიანის ჩარევის შედეგია. დედამიწის ატმოსფერო იმიტომ თბება, რომ ადამიანის საქმიანობის შედეგად მასში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია სულ უფრო იმატებს. სასათბურე გაზი კი ატმოსფეროში სითბოს შეკავებას უწყობს ხელს. 
 
ანგარიშის მომზადებაში ჩართული მეცნიერი დოქტორი რიჩარდ ლინძენი ამბობს, რომ რეალურად, დოკუმენტის შედგენაში მხოლოდ 13 მეცნიერი მონაწილეობს. ავტორების  უდიდესი ნაწილი კი გარემოსდაცვითი და ინდუსტრიული ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსებისგან შედგება. თითოეული მათგანი დაინტერესებული მხარეა: ორგანიზაციებს გლობალური დათბობის კვლევისა და ადვოკატირებისთვის დაფინანსება, პოლიტიკოსებს კი ალარმისტულ-მესიანისტური პლატფორმა ხიბლავთ.
 
ალარმისტები ამბობენ, რომ გლობალური დათბობის შედეგად, არქტიკის ყინული ლღვება და სულ მალე პოლარული რეგიონი „ტროპიკული სამოთხე” გახდება. აქ ჩნდება კითხვა: თუ ადგილი აქვს გლობალურ დათბობას, მაშინ, თუნდაც წელს, რატომ იყო უჩვეულოდ ცივი ამინდები ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში? 
 
ამ კითხვაზე ალარმისტებს ერთი პასუხი აქვთ: ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი უფრო სანდოა; ერთწლიანი დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ ჯამში, გლობალურად ტემპერატურა იმატებს, ზამთარში ტემპერატურის მკვეთრი დაცემა კი მხოლოდ დროებითი მოვლენაა. 
თუმცა უფრო მარტივი პასუხიც არსებობს: მსოფლიოს პერიოდული გათბობა-გაციება ბუნებრივი ციკლის შედეგია. საკვების გლობალური კრიზისებიც, როგორც წესი, ამ ციკლს ემთხვევა. მაგალითად, ასე მოხდა, 2007-2008 წელსაც.
 
2007 წელს ხორბლის მოყვანისთვის არახელსაყრელმა ამინდებმა (გვალვამ რუსეთში, მშრალმა ამინდმა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, ჭარბმა ნალექმა კანადაში და წყალდიდობამ პაკისტანში), გლობალურად მოსავლიანობა 107 მილიონი ტონით შეამცირა. დეფიციტმა მარცვლეულზე ფასები გაასამმაგა. საკვების კრიზისი მაშინვე დარეგულირდა, როგორც კი ხორბლის მოსავლიანობისთვის ხელსაყრელი ამინდი დადგა.
 
თუმცა მანამდე, გაერომ მოასწრო და კრიზისის დასაძლევად საერთაშორისო თანამეგობრობისგან 755 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა. გაერომ ეს ფული მიიღო. 
 
თავის წიგნში „გლობალური დათბობის პოლიტიკურად მცდარი მეგზური” კრისტოფერ ჰორნერი წერს: „გლობალური დათბობა მართლაც ისეთი საშიში პრობლემა რომ იყოს, როგორც ამას მემარცხენე ფატალისტები წარმოაჩენენ, მაშინ მისი „გადაჭრა” უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ხარჯს გავიღებთ, სულ უფრო მეტი იქნება საჭირო. ეს გლობალური დათბობის თემას მიზეზების უძირო ჭად აქცევს და ხელს უწყობს მთავრობის ზომის დაუსრულებელ ზრდას”.
 
სწორედ გლობალური დათბობის საფრთხე გამოდგა საუკეთესო საბაბი ალტერნატიული საწვავის მთელი ინდუსტრიის შესაქმნელად: სასათბურე გაზს (ნახშირორჟანგს) კაცობრიობა გამოყოფს ნავთობპროდუქტების დაწვით და ამდენად, ნავთობის მოხმარება უნდა შემცირდეს. ალტერნატიული საწვავის ინდუსტრია ცალსახად სამთავრობო სუბსიდიების წყალობით არსებობს. 
 
მსოფლიო მთავრობები განახლებად ენერგიასა და ბიოსაწვავების ტექნოლოგიების განვითარებაზე ყოველწლიურად დაახლოებით 43-46 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავენ. თუმცა, ეს თანხა ძალიან მცირეა იმ 557 მილიარდ აშშ დოლართან შედარებით, რაც წიაღისეული საწვავის მოპოვებას ხმარდება.
ამასთან, ბიოსაწვავის ეფექტიანობა ეჭვქვეშ სულ უფრო მეტად დგება. ბოლო წლების განმავლობაში, აშშ-ის მთავრობამ ბიოსაწვავის სუბსიდირებისთვის 4 მილიარდი დოლარი დახარჯა – მარტო შარშან სამთავრობო დაფინანსება 80 მილიონი დოლარი იყო – თუმცა ამით აშშ-მ საკუთარი ბენზინის მარაგების მხოლოდ 2%-ის ჩანაცვლება მოახერხა. გადასახადის გადამხდელმა კი ჩანაცვლებული საწვავის ყოველ ლიტრში 1.95 დოლარით მეტი გადაიხადა.
 
სხვადასხვა ეკონომიკური გათვლით, საკვებზე ფასები შემცირდება, თუ ხორბლის მარაგები თავისი პირდაპირი დანიშნულების მიხედვით განაწილდება და საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი რესურსების უდიდესი ნაწილი ეთანოლის წარმოებას არ მოხმარდება. 
 
სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა მოსაბეზრებელ გათვლებს ყურადღებას მიაქცევს, გაერომ მას ახალი ინიციატივით თავბრუ ისევ დაახვია – საკვების კრიზისის ახალი ტალღის შესაჩერებლად, სოფლის მეურნეობის სტიმულირება. უახლეს G7 და G24 მსოფლიო ლიდერთა შეხვედრებზე, გაერომ, ამ მიზნით კიდევ 500 მილიონი აშშ დოლარი გაინაღდა.
 
სოფლის მეურნეობის დაფინანსებისთვის მხოლოდ მსოფლიო ბანკი, 1998-2004 წლების განმავლობაში, ყოველწლიურად 3.5-4.5 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავდა. ამ პერიოდში საკვებზე ფასები უმეტესად იზრდებოდა. თუმცა სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების მხარდასაჭერად, ბანკმა საკვების კრიზისის პერიოდში (2004-2008 წლებში), დაფინანსება 8 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. საკვებზე ფასებმაც განაგრძეს მატება. 
გაუგებარია გაეროს დაფინანსებამ როგორ უნდა შეცვალოს ეს ტენდენცია. სინამდვილეში, სოფლის მეურნეობის სფეროს საკვებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ გაუჭირდებოდა, ბიოსაწვავი ამ მოთხოვნას რომ არ აორმაგებდეს და სოფლის მეურნეობის სტიმულირებაში, თვითონ გაერო სავაჭრო ბარიერების აღმართვას რომ არ მიესალმებოდეს. 
 
რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტის შეზღუდვას გაეროს კრიტიკა არ მოჰყოლია. ეს მიუხედავად იმისა, რომ ამით ხორბალი მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის გაძვირდა: მსხვილმა მწარმოებლებმა, მომავალში ნედლი პროდუქციის დეფიციტის შიშით, წინასწარ გაზარდეს ფასები, რომ საკუთარი მარაგები გარე რისკებისგან დაეცვათ. შესაბამისად, დანარჩენი მსოფლიოსთვის არა მხოლოდ ხორბალი, არამედ მთელი საკვების კალათა გაძვირდა. აშშ მსოფლიო ხორბლის ექსპორტის თითქმის ნახევარს აკონტროლებს. ამ ქვეყნის ინფლაციაში საკვების კალათას 7.8%-ული წილი აქვს. 
რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა, რომელთაც მას მიბაძეს, მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვა გაამართლეს მოსახლეობის ღარიბი ფენის საკვებთან „გარანტირებული” წვდომის მოტივით. ამას, მათი აზრით, გლობალური ეკონომიკის, მათ შორის, ვაჭრობის ლიბერალიზაცია აფერხებდა. 
ეს არგუმენტი აბსურდულია. ჯერ ერთი, „გარანტირებული” საკვები, როგორც ასეთი, ბუნებაში არ არსებობს და მეორე, ეკონომიკის ლიბერალიზაციას უბრალოდ არ შეუძლია საკვების დეფიციტი გამოიწვიოს. ავიღოთ თუნდაც დიდი შიმშილობის პერიოდი (1315-1317), როცა ღარიბებს (მაშინ, პრინციპში, უმეტესობა ღარიბი იყო) საკვების გარანტირებული ულუფა არ ჰქონდათ: კარგ ამინდში ხორბლის ერთ თესლზე საკვებად ვარგისი 7 მარცვალი მოდიოდა, ცუდ ამინდში კი მოსავლიანობა 2 მარცვლამდე ეცემოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საკვებად 1 მარცვალი რჩებოდა, რადგან მეორე – მომავალ წელს უნდა დათესილიყო. შუა საუკუნეებში საკვების დეფიციტს ბრიტანეთში, საფრანგეთში, სკანდინავიაში, გერმანიაში, დასავლეთ ევროპასა და შიმშილობის სხვა ეპიცენტრებში, სხვადასხვა გათვლით, მოსახლეობის 10-25% ემსხვერპლა.
 
ეს სასტიკი რეალობა სწორედ ეკონომიკის ლიბერალიზაციამ და ვაჭრობის საზღვრების გახსნამ გამოასწორა: სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციის შედეგად, საკვები იმ არეალისკენ მიედინებოდა, სადაც უფრო მეტი ადამიანი შიმშილობდა, რადგან იქ საკვებზე მოთხოვნა მაღალი იყო და შესაბამისად, ფასიც. მიწოდების ზრდასთან ერთად, ფასი მცირდებოდა, საკვები უკეთ ნაწილდებოდა და ღარიბებს მისი შეძენის მეტი საშუალება ჰქონდათ.
 
დღესაც, ხალხი, რომელსაც შია, გლობალიზებული, ლიბერალური ეკონომიკის ქვეყნებში არ ცხოვრობს. მეტიც, იმ ქვეყნების მოსახლეობა უფრო შიმშილობს, რომელთა მთავრობებიც საკუთარ მოქალაქეებს „გლობალური ეკონომიკური ლიბერალიზაციისგან” თავგამოდებით „იცავენ”.

კომენტარები