იაპონიაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში დღეს რიხტერის შკალით 8.9 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი წყნარ ოკეანეში, იაპონიის დედაქალაქიდან 400 კილომეტრის მოშორებით იყო. მიწისქვეშა ბიძგებმა ძლიერი ცუნამი გამოიწვია. წყნარი ოკეანიდან მომავალმა ტალღებმა იაპონიის სანაპირო რაიონები და  ტოკიოს ნაწილი დატბორა. უცხოური მედიის ცნობით, დიდი სიმძლავრით მოვარდნილმა წყალმა მანქანები, გემები და შენობები წაიღო. მსხვერპლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა ოფიციალური პირების ვარაუდით, სტიქიას ბევრი ადამიანი ემსხვერპლა.

 ძლიერმა მიწისძვრამ იაპონიაში ხანძრები გამოიწვია. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, იწვის დედაქალაქთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. იაპონიის პრემიერ მინისტრმა, ნაოტო კანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში მოქმედი ატომური სადგურები მიწისქვეშა ბიძგების დაწყებისთანავე ავტომატურად გაჩერდა, თუმცა განაცხადა, რომ არსებობს რადიაციის გაჟონვის საფრთხე. ”მოვუწოდებ იაპონელ ხალხს, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ,” განაცხადა პრემიერმა.

უცხოური მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ იაპონელებისთვის მიწისძვრა უცხო არ არის, ბევრი მათგანი ამბობს, რომ მსგავსი სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები არასდროს უგრძვნიათ. ”შენობები ირყეოდა. მე ქუჩაში ვიყავი და თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს გემბანზე დავდიოდი. ხალხი შოკში იყო,” წერს BBC-ს კორესპონდენტი როლანდ ბუერკი, რომელიც ტოკიოში იმყოფება.

სეისმოლოგების ინფორმაციით, წყნარ  ოკეანეში ძლიერი მიწისძვრით გამოწვეული ტალღები ფილიპინებს, ინდონეზიას, ტაივანს, რუსეთს, ჰავაის და ჩინეთს ემუქრება. ამ ქვეყნების სანაპირო რაიონებში ევაკუაცია გამოცხადდა. აშშ-ს გეოლოგიური კვლევების ცენტრის მონაცემებით, იაპონიაში დღეს მომხდარი მიწისძვრა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძლავრი, ხოლო მსოფლიოში დღემდე მომხდარ მიწისქვეშა ბიძგებს შორის მეშვიდეა.  

კომენტარები