ამერიკულმა კომპანიამ Edelman ბიზნესის როლის მიმართ დამოკიდებულებები გამოიკვლია. კომპანიამ ერთადერთი კითხვა დასვა: „ეთანხმებით თუ არა მილტონ ფრიდმანის გამონათქვამს, რომ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მოგების გაზრდაა?” 23 სახელმწიფოს ინფორმირებული საზოგადოების – ძირითადად უმაღლესი განათლებისა და მაღალი შემოსავლების მქონე პროფესიონალების სულ მცირე 20% – ეთანხმება. თუმცა ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან.
ნობელის პრემიის ლაურეატის, მილტონ ფრიდმანის ციტატა, 1970 წელს ჟურნალ The New York Times-ისთვის დაწერილი სტატიიდანაა – „ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მოგების გაზრდაა”. დღეს დებულება განსაკუთრებული დებატების საგანია – მწვანე გარემოს შენარჩუნების მოტივით სახელმწიფო სუბსიდიები ყოველწლიურად იზრდება. ასტრონომიული თანხების პირობებშიც კი მდგრადი შედეგები არ მიიღწევა, ამიტომ მთავრობებს ბიზნესის მდიდარი რესურსებიც სჭირდებათ.
ნობელის პრემიის ლაურეატის, მილტონ ფრიდმანის ციტატა, 1970 წელს ჟურნალ The New York Times-ისთვის დაწერილი სტატიიდანაა – „ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მოგების გაზრდაა”. დღეს დებულება განსაკუთრებული დებატების საგანია – მწვანე გარემოს შენარჩუნების მოტივით სახელმწიფო სუბსიდიები ყოველწლიურად იზრდება. ასტრონომიული თანხების პირობებშიც კი მდგრადი შედეგები არ მიიღწევა, ამიტომ მთავრობებს ბიზნესის მდიდარი რესურსებიც სჭირდებათ.
მოგების გარდა, ნებისმიერი პასუხისმგებლობა – გარემოს დაცვა თუ სიღარიბის დაძლევა, ფრიდმანის აზრით, ბიზნესის მხრიდან თვალთმაქცობა და „ჭეშმარიტი სოციალიზმის ქადაგებაა”.
თვალთმაქცობაა იმიტომ, რომ ვითომდა ფილანთროპული მიზნებით გაცემული ხარჯების დაბალანსებისთვის, ბიზნესი სახელმწიფო სუბსიდიებს ან მთავრობებისგან კორუფციულ მხარდაჭერას მიიღებს. ან გაკოტრდება. სოციალიზმის ქადაგება კი იმიტომაა, რომ ნებისმიერი ბიზნესკომპანიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, ამა თუ იმ „კეთილშობილური” მიზნით განკარგოს კომპანიის ინვესტორების თანხები, არა მხოლოდ ზედმეტი გადასახადის დაკისრება, არამედ ამოღებული თანხის ერთპიროვნულად განკარგვაცაა. გამოდის, რომ რესურსების განაწილება სწორედ პოლიტიკური და არა საბაზრო პრინციპებით ხდება.
მემარცხენეები ასეთ ანალიზს არ ეთანხმებიან: ინვესტორებს ყოველთვის შეუძლიათ უკმაყოფილება გამოხატონ და ფირმის პოლიტიკა შეცვალონ. თუმცა ეს არგუმენტი ფრიდმანის შეხედულებას მხოლოდ ამყარებს: როცა საჭირო ხდება ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება, უკვე არა საბაზრო მექანიზმი, არამედ პოლიტიკური მექანიზმია, რომელსაც საფუძვლად კონფორმულობა უდევს. საზოგადოებრივი წნეხის პირობებში, ინდივიდი მიდრეკილია ემსახუროს საყოველთაო სოციალურ ინტერესს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ადგენს ამას – დიქტატორი, ეკლესია თუ უმრავლესობა.
ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა Edelman-ის კვლევა: კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ცნების პატივისცემა ნაკლებია იმ ქვეყნებში, სადაც ან ბიზნესია კარგად განვითარებული ან ეკონომიკურად სწრაფად იზრდება.
ფრიდმანის პირველი მომხრე არაბეთის გაერთიანებული საემიროებია. ეს ალბათ გასაკვირი არცაა: შედარებით მცირე ტერიტორიიანი ქვეყანა მთლიანად ბიზნესზეა ორიენტირებული. მეორე ადგილზეა იაპონია. იქ დიდი კომპანიების მიერ ბიზნესის მართვის კულტურა არსებობს. ინვესტორების ინტერესების პატივისცემა და დაცვაც დამკვიდრებული პრაქტიკაა. ფრიდმანის მომხრეების სამეულს ინდოეთი ასრულებს. ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ დიდია ღარიბი მოსახლეობის წილი, ქვეყნის განათლებული მოქალაქეები კი ამ პრობლემის დაძლევას ბიზნესის განვითარებაში ხედავენ. ბოლო წლებში ინდოეთი ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ქვეყანაა. თუმცა, იგივე ჩინეთი, რომელიც ეკონომიკური ზრდის მიხედვით მსოფლიო ლიდერია, რეიტინგში მეცხრამეტეა. ამას სავარაუდოდ ქვეყანაში არსებული კომუნისტური წყობა განაპირობებს. საწარმოების უმეტესობაც ნაციონალიზებულია. გარდა ამისა, ჩინეთს სჭირდება კორპორატიულად პასუხისმგებლიანი ქვეყნის იმიჯი იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს მის მიმართ, როგორც მზარდი ეკონომიკური მონსტრის მიმართ გაჩენილი მოლოდინები, რომლებიც საყოველთაო ჩინეთიზაციის მითით კიდევ უფრო მყარდება. რეიტინგში ბოლო ადგილებზე მოხვდნენ გერმანია, იტალია და ესპანეთი. ამ სამ ქვეყანას მწვანე გარემოზე ზრუნვა აერთიანებს. მწვანე გარემოს თემა, პირველად გერმანიამ წამოჭრა და არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში გაააქტიურა. იტალიაში, სასათბურე გაზის წინააღმდეგ, ბოლო წლებში, მწვანე კვირეულები იმართება. ესპანეთი მზის ენერგიაზე და ელექტრომობილებზე განსაკუთრებული ყურადღებითაა ცნობილი. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობს სასათბურე გაზის შემცირების ესპანეთის წარმატებულ მოდელზე. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მილტონ ფრიდმანის სამშობლო რეიტინგში მეცხრე ადგილზე მოხვდა.
მადრიდის უნივერსიტეტის უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ ესპანეთის მთავრობის სუბსიდიების საფუძველზე შექმნილ ყოველ „მწვანე” სამუშაო ადგილს საშუალოდ ორნახევარი სხვა სამუშაო ადგილი ეწირება. ამასთან, გრძელვადიანი, ათიდან ერთი ასეთი მწვანე სამუშაო ადგილია. ამერიკის შემთხვევაში, პრეზიდენტ ობამას მწვანე ინიციატივები და ბიზნესისთვის თავსმოხვეული კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ქვეყანას შეიძლება 60 მილიონ სამუშაო ადგილად დაუჯდეს.
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ათვლის წერტილი მწვანე გარემოზე ზრუნვაა. პოლიტიკური დოკუმენტები – ბრიტანეთის 2006 წლის კომპანიების აქტი და გაეროს გლობალური ხელშეკრულება – ბიზნესებს ავალდებულებს ყოველწლიურ ანგარიშში აღნუსხონ ამ მიმართულებით საკუთარი მიღწევები.
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესს ისეთი ადვილად გაზომვადი კრიტერიუმების გარდა, როგორებიცაა კანონმორჩილება და ინვესტორებისთვის მოგების მოტანა, თავს ახვევს სრულიად სუბიექტურ მიზნებს – სოციალურ სარგებლიანობას და გარემოს მდგრადობას. ამ მიზნების ბიზნესაქტივობაში ჩართვა აუცილებლად წამგებიანი იქნება, თუ ხარჯები არ დაბალანსდება ან ქამრების მოჭერის პრინციპით, ან იმავე ხელისუფლებასთან სხვადასხვა კორუფციულ გარიგებაში შესვლით. ამიტომ, ხელისუფლებისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა „ტროას ცხენივითაა”: სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიით მას უადვილდება კერძო სექტორის კორპორაციების ნაციონალიზება და მათი აქტივების და ადამიანური კაპიტალის საკუთარი ინტერესების მიხედვით მართვა. ამის უახლესი თვალსაჩინო მაგალითია – BP.
1995 წლიდან BP კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მემარცხენე სამყაროს შეუერთდა და „მწვანე” ნავთობკომპანია გახდა. მისი მწვანე ლოგო – უფრო მეტი ვიდრე ნავთობი – დამყარებული იყო ილუზიაზე, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიო მხოლოდ ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს გამოიყენებდა და ამით გარემოს დაბინძურებას აღმოფხვრიდა. გარდასახვის შემდეგ კომპანიის სარეკლამო კამპანიას ერთი რამ „გამორჩა” – ალტერნატიული წყაროების განვითარებას ფართომასშტაბიანი სამთავრობო სუბსიდიები დასჭირდებოდა. როგორც დრომ აჩვენა, ამ სუბსიდიების დიდი წილი ისევ BP-ის ჯიბეში მოხვდა. სწორედ ასეთი დაფინანსებისა და მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერით შეძლო BP-მ, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გვერდის ავლით, ამერიკული გადამამუშავებელი ქარხნების Amoco-სა და Arco-ს ჩაყლაპვა. ეს უკანონობაც ალტერნატიული ენერგიის განვითარების გამოცდილებით დაკანონდა. საპასუხოდ BP-მ დააფინანსა დემოკრატიული პარტიის კანდიდატები, მათ შორის, პრეზიდენტი ობამა და მხარი დაუჭირა ამერიკის კლიმატის საკითხებზე პარტნიორობის სამოქმედო გეგმას.
ამ ხარჯების დასაბალანსებლად კომპანიამ ქამრების მოჭერა დაიწყო და თანამდებობიდან გაათავისუფლა Amoco-სა და Arco-ს გამოცდილი მენეჯერები. ამას უბედური შემთხვევების სერია მოჰყვა. 2005 წელს BP-ს ათეულობით თანამშრომელი დაიღუპა ან დაშავდა ტექსასის შტატში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად. 2006 წელს ალასკაზე BP-ს ნავთობსადენიდან 200 ათასმა ბარელმა (32 ათასი ლიტრი) ნავთობმა გაჟონა. 2010 წელს BP-მ მექსიკის ყურეში მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის – სულ 5 მილიონი ბარელი (795 ათასი ლიტრი) ნავთობი ჩაღვარა. ჩაღვრილი ნავთობის რაოდენობა დღეში 53 ათასი ბარელი (8.5 ათასი ლიტრი) იყო.
ვაშინგტონმა მთელი პასუხისმგებლობა კომპანიას დააკისრა. თეთრმა სახლმა აქტიურად იმუშავა მის დემონიზებაზე, რომ საკუთარი წვლილი გადაეფარა და შექმნილი სიტუაცია ნავთობკომპანიებზე საგადასახადო ტვირთის გაზრდისთვის გამოიყენა. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ BP-ს ჩაციებამ კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, მას მართვის აუცილებელი პასუხისმგებლობები დაავიწყა და ისიც, თუ საერთოდ რატომ იყო BP ბიზნესში.
მილტონ ფრიდმანს ამაზე ერთი პასუხი აქვს – მოგება ნიღბის გარეშე.




