ვიკილიქსი: აგვისტოს ომის შემდეგ საფრანგეთი პოლონეთს ემუქრებოდა

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საფრანგეთი პოლონეთს და შვედეთს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შეწყვეტით ემუქრებოდა, თუ ისინი რუსეთ-საქართველოს ომის გამო მოსკოვისთვის სანქციების დაწესებას მხარს დაუჭერდნენ. საინფორმაციო პორტალ ვიკილიქსზე გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით, EUobserver.com იუწყება, რომ 2008 წლის ნოემბერში შვედმა დიპლომატმა ამის შესახებ ამერიკელ კოლეგას, რობერტ სილვერმანს აცნობა.

ვიკილიქსზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ შვედმა დიპლომატმა იოჰან ფრისელმა სილვერმანს უთხრა, რომ საფრანგეთი შვედეთსა და სხვა ქვეყნებზე ზეწოლას ახდენდა, რათა მათ ევროკავშირ-რუსეთის მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის ხელი არ შეეშალათ.  ”როგორც კი რუსეთთან პარტნიორიობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გამართვა გადაწყდა, შვედეთს და პოლონეთს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტიორობის ინიციატორები იყვნენ, მწვანე შუქი მისცეს,” ნათქვამია  ჩანაწერში.

EUobserver.com-ის ცნობით, საფრანგეთი რუსეთის მიმართ მხარდაჭერას მაშინ იჩენდა, როცა რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე იდგნენ და ამით საფრანგეთის შუამდგომლობით გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებას არღვევდნენ.  2008 წელის რუსულ-ქართული ომის შესახებ ვიკილიქსის მიერ ადრე გამოქვეყნებულ მასალებში აღნიშნული იყო, რომ საფრანგეთი, გერმანია და იტალია კონფლიქტის ყველა ეტაპზე ცდილობდნენ რუსეთის მიმართ ევროკავშირის რეაქცია შეემსუბუქებინათ.

კომენტარები