არცთუ ისე ნულოვანი ტოლერანტობა

2011 წელი საქართველოს სისხლის სამართლის პოლიტიკის რეფორმაში მნიშვნელოვან თარიღად შეიძლება იქცეს. ხელისუფლებამ პრაქტიკულად უარი თქვა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შემდგომ წარმოებაზე, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის შემცირების მაჩვენებელიც და საზოგადოებრივი განწყობაც ამ პოლიტიკის მხარდამჭერი გახლდათ. ამასთან, მთავრობა საკუთარი გადაწყვეტილების ღიად დეკლარირებას ერიდება და ნულოვან ტოლერანტობაზე საუბარს აგრძელებს, ოღონდ ამორჩევით – მძიმე დანაშაულებების მიმართ. არადა ამ პოლიტიკის არსი, რეალურად, სწორედ მცირე დანაშაულთან შეურიგებლობაშია.  

ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ოფიციალურად 2006 წლიდან იღებს სათავეს – პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წვრილმანი დანაშაულისადმი შეუწყნარებლობის შესახებ 2006 წლის 14 თებერვალს პარლამენტში, წლიური მოხსენებისას განაცხადა.
ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შედეგებზე წარმოდგენას შსს-ს სტატისტიკა იძლევა: 2006 წელს სულ დანაშაულის 62 283 ფაქტი იყო რეგისტრირებული, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის წარმოების ხუთი წლის თავზე კი – 34 739 ფაქტი. კრიმინალის ფაქტების რაოდენობა დაახლოებით 49 პროცენტით შემცირდა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მძიმე დანაშაულებების კლების დინამიკა – 2006 წელს 29 249 მძიმე დანაშაული იყო რეგისტრირებული, 2010 წელს – 9 987. ეს სიტუაციის დაახლოებით 70-პროცენტიან გაუმჯობესებაზე გვამცნობს.
 
კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი იუსტიციის სამინისტროს ინიცირებით და ევროკავშირის დაფინანსებით გორბის მიერ 2010 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ კვლევაში ჩანს. საქართველოს მასშტაბით 3 ათასი რესპონდენტი გამოკითხეს.  შედეგების თანახმად, საზოგადოების 95-97 პროცენტს საქართველოში უსაფრთხოების განცდა აქვს (დღისით 68 პროცენტს მუდმივად, 29 პროცენტს – ჩვეულებრივ, ღამით კი შესაბამისი მაჩვენებლები 64 და 31 პროცენტია). 45 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოში მომავალი 5 წლის განმავლობაში დანაშაული შემცირდება.
ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის კორექტირებამ კრიმინალური ვითარების გაჯანსაღების ტენდენცია, შესაძლოა,  საწინააღმდეგო მიმართულებით შეცვალოს.
 
ცხადია, გარდა კრიმინალის შემცირების მონაცემებისა, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას სხვა სტატისტიკური შედეგიც აქვს: მის გამოცხადებამდე 2005 წელს საქართველოში 9573 მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, დღეს კი დაახლოებით 23 600 პატიმარია. ამ ციფრებმა 2010 წელს საქართველო მსჯავრდებულთა რაოდენობით (537 პატიმარი – 100 000 მოსახლეზე) მსოფლიოს ქვეყნების პირველ ექვსეულში მოაქცია (ლონდონის სამეფო კოლეჯის World Prison Population List-ის მონაცემები). ამავე მონაცემებით აშშ, სადაც 100 000 მოსახლეზე 743 პატიმარი მოდის, პირველ ადგილს იკავებს, მეორეზე რუსეთია (577), მე-3 – კარიბის ზღვის კუნძულოვანი სახელმწიფო სენტ-კიტსი და ნევისი  (551), მე-4 – რუანდა (545) და მე-5 – ვირჯინიის კუნძულები (აშშ)
 
ადამიანის უფლების დამცველები ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის კრიტიკის დროს რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი ტაბულასთან ციხეების გადატვირთულობაზე საუბრობს. ის მიუთითებს ალტერნატიული სასჯელის გამოყენების პრაქტიკის არარსებობაზე, მცირე ზარალის შემთხვევაში სისხლის სამართლის მკაცრი ზომების მიყენებაზე, „სამართლიანი სასამართლოს” არარსებობაზე და სხვა ფაქტორებზე. ჩუგოშვილის აზრით, ზედმეტად მკაცრია სასჯელის შეკრებითობის სისტემა, რაც მსუბუქი დანაშაულებების შემთხვევაში სასჯელის გაუმართლებელ დამძიმებას იწვევს.
 
ამ განწყობების და ზოგადად პოლიტიკური უკმაყოფილების მუხტის საპასუხოდ, 2007 წლიდან ხელისუფლების მიერ დანაშაულისადმი მიდგომა შემსუბუქდა.
 
მაგალითად, ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე (ხულიგნობა, ქურდობა შეღწევის გარეშე და ასე შემდეგ) შედარებით მსუბუქი სასჯელის ზომებს გამოიყენებენ. მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ კანონიერი ქურდების, მექრთამეობის, ყაჩაღობის და სხვა მძიმე დანაშაულებების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა შენარჩუნდება.
 
ეს მიდგომა ნულოვანი ტოლერანტობის არსს არსებითად ეწინააღმდეგება. ნულოვანი ტოლერანტობის მიხედვით, სწორედ მცირე დანაშაულებებისადმი შემწყნარებლობა წარმოშობს დაუსჯელობის განცდას. ეს საზოგადოებას უფრო დიდი და მძიმე დანაშაულის სახით უბრუნდება.
ხელისუფლების მიერ დანაშაულებებისადმი მიდგომის შერბილებამ უარყოფითი შედეგი უკვე გამოიღო – 2007 წლიდან ყოველწლიურად დანაშაულებების შემცირების დინამიკა იკლებს: 2010 წელს 2009 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაუმჯობესება სულ 10 პროცენტია. მაშინ, როცა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის დეკლარირებიდან ანუ 2006 წლიდან 2007 წლამდე მძიმე დანაშაულის მაჩვენებელი ერთ წელიწადში დაახლოებით 45 პროცენტით შემცირდა.
 
ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა საქართველოში არ გამოუგონიათ. მისი დანერგვის ყველაზე ცნობილი მაგალითი გასული საუკუნის 90-იან წლებში, ნიუ იორკის მერის რუდოლფ ჯულიანის მიერ წარმოებული დანაშაულთან ტოტალური ომია. მისი მიზანი ქალაქში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება იყო. ჯულიანის მიაჩნდა, რომ „სამოქალაქო უფლებებში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი უფლებაა – იყო უსაფრთხოდ”. სამართალ დამცველების უფლებები კი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პოლიციელს შეეძლო კრიმინალში ზოგადად შემჩნეული ადამიანი ისეთი უმნიშვნელო დანაშაულისთვისაც კი დაეპატიმრებინა, როგორიც მანქანის მართვის მოწმობის გარეშე ტარება ან ქუჩის კუთხეში ლოტოს თამაშია.
 
შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო: გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის ნიუ იორკში 100 ათას კაცზე 31 მკვლელობა მოდიოდა. ამ პოლიტიკის შედეგად ქალაქში 3 წლის განმავლობაში მკვლელობათა რაოდენობა 51 პროცენტით, ძირითადი დანაშაული – 38 პროცენტით, საერთოდ დანაშაული კი 32 პროცენტით შემცირდა.  
 
მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკის მერის, ჯულიანის პოლიტიკასაც ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, კრიმინალის წინააღმდეგ მის ეფექტიანობაზე თითქმის არავინ დავობს. ამ პოლიტიკამ ნიუ იორკი ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ქალაქიდან ამერიკული სტანდარტებით უსაფრთხო ქალაქად აქცია.
ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ე.წ. ჩატეხილი ფანჯრის თეორიას ეფუძნება. ამერიკელი სოციოლოგების, ჯეიმს უილსონისა და ჯორჯ კელინგის თეორიის თანახმად, როცა უბანში ერთი ფანჯარა გატეხილია, აქ დასახლებული ადამიანებისთვის ეს იმის ნიშანი შეიძლება იყოს, რომ ამ უბანში ფანჯრების გატეხვა ჩვეულებრივი მოვლენაა. თეორია არ გულისხმობდა მხოლოდ სისხლის სამართლებრივ რეაგირებას წვრილმან დანაშაულებზე. დაიწყო კონტროლის გამკაცრება იმ უბნებზე, სადაც განსაკუთრებით მაღალი იყო დანაშაულის დონე.
 
აშშ-ის ქალაქ ლოუელში (მასაჩუ-სეტსის შტატი) ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში პოლიციამ შერჩეულ უბნებში ასოციალური ქცევების – ლოთობის, ნაგვით დაბინძურების, ქუჩის ფანრების გატეხვის წინააღმდეგ ბრძოლა გააძლიერა. ამ უბნებში მძიმე დანაშაულებების შესახებ შეტყობინებებმა 20 პროცენტით დაიკლო იმ უბნებთან შედარებით, სადაც პოლიცია კრიმინალთან ბრძოლის ძველ მეთოდებს იყენებდა.
 
ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა თეორია, რომ მცირე დანაშაულებები მძიმე დანაშაულებებისთვის ნაყოფიერ გარემოს ქმნის. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი განზრახვა – ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობა მხოლოდ მძიმე დანაშაულისადმი შეინარჩუნოს, რეალურად სხვა არაფერია, თუ არა ამ პოლიტიკაზე უარის თქმა, რამაც მოსალოდნელია მომავალში უფრო მკვეთრი უკუსვლა გამოიწვიოს. 
 

კომენტარები