ზურაბ აბაშიძე: მოსკოვში სასულიერო პირები, შესაძლოა, ილია მეორის აფხაზეთში ვიზიტს განიხილავენ

ქართველი და რუსი სასულიერო პირების შეხვედრებზე მოსკოვში ერთ-ერთი განსახილველი თემა, სავარაუდოდ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აფხაზეთში ვიზიტი იქნება. ამის შესახებ ქართული დელეგაციის წევრმა, რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა და ამჟამად საქართველოს საპატრიარქოს მრჩეველმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. რადიო „პალიტრას“ ეთერში საუბრისას მან აღნიშნა რომ ეს „მხოლოდ ვარაუდია“ და რომ შეხვედრებზე განსახილველი თემების შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს. აბაშიძემ განაცხადა, რომ სასულიერო პირები ასევე განიხილავენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდებას ორ ქვეყანას შორის დიალოგის დაწყების შესახებ. „იმედი მაქვს ეკლესია რეგიონში მშვიდობის დამყარების საქმეში გარდატეხას შეიტანს,“ აღნიშნა მან.

აფხაზეთში სავარაუდო ვიზიტის შესახებ პატრიარქმა 11 თებერვალს ტელეკომპანია BBC-ს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში ისაუბრა. ”მე 11 წლის მანძილზე ვიყავი ცხუმ- აფხაზეთის მიტროპოლიტი და ჩემთვის ეს ეპარქია ახლოა. მე კარგად ვიცნობ აფხაზ ხალხს და ახლო მომავალში უნდა ვეწვიო აფხაზეთს, როგორც ამ ეპარქიის ხელმძღვანელი,” განაცხადა ილია მეორემ, რომელიც გასული დეკემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტად იწოდება. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე და რომ ამას ”რუსული ეკლესიაც აღიარებს.”

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციაში, რომელიც მოსკოვში კვირის ბოლომდე დარჩება, შედის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე შარაშენიძე, დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი, არქიმანდრიტი დავით ჯინჭარაული და საპატრიარქოს მრჩეველი, პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, დელეგაციის წევრები რუსეთის პატრიარქს კირილსაც შეხვდებიან.

კომენტარები