Caucasus Barometer: ქართველები აფხაზეთის შესახებ - რა უნდა გაკეთდეს?

საქართველოს მოსახლეობის ხედვა აფხაზეთის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. ამის შესახებ Caucasus Barometer-ის 2010 წლის კვლევაშია ნათქვამი.  კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მომხდარი უსამართლობები უნდა მოგვარდეს იმისათვის, რომ კონფლიქტი დარეგულირდეს.

კითხვაზე ”ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაჭრის მიზნით, უნდა დავტოვოთ თუ არა წარსულში ის უსამართლობები, რომლებიც ადრე მოხდა,  თუ უნდა მოვაგვაროთ ისინი?” გამოკითხულთა 33-მა  პროცენტმა უპასუხა, რომ ეთანხმება იმას, რომ უსამართლობები მოგვარდეს, ხოლო 20-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ  ”მტკიცედ ეთანხმება” ამას. გამოკითხულთა 20 პროცენტი კი ამბობს, რომ უსამართლობების წარსულში დატოვებას ეთანხმება,  13 პროცენტი აცხადებს რომ ამას ”მტკიცედ ეთანხმება”. კვლევის ავტორების თქმით, გამოკითხულთა 2 პროცენტი არც ერთ ვარიანტს არ დაეთანხმა, ხოლო 9 პროცენტს ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41 პროცენტი ფიქრობს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთის დაბრუნების შანსი შემცირდა, 35 პროცენტი მიიჩნევს რომ შანსები არ შეცვლილა, გამოკითხულთა 9 პროცენტის აზრით - გაიზარდა.  ხოლო გამოკითხულთა 14-მა პროცენტმა კითხვაზე პასუხი ვერ გასცა.

კომენტარები