ორიოდ თბილი სიტყვა ბრაზილიაზე

ბრაზილიური ფეხბურთის გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვაფასებდი მათ ფანტასტიკურ ტექნიკას, თამაშის განუმეორებელ, ლაღ სტილს, ამოუცნობ მოძრაობებსა და ფინტებს (ამის არდანახვა მხოლოდ ბრმას თუ შეუძლია!). მაგრამ, ვინაიდან მე ბავშვობიდან მათი არგენტინელი მეზობლების თავგადაკლული ფანი გახლავართ, პენტაკამპეონთა წარმატებები დიდად არასდროს მახარებდა. თანაც, მე შენ გეტყვი, ესენიც არ იძლეოდნენ სანერვიულო საბაბს!

როგორც ჩანს, ასაკში ყველაფერი სხვანაირ ელფერს იძენს. მართალია, დუბაიში მესის გოლით გამარჯვებამ და გასულ კვირაში, კონტინენტურ პირველობაზე არგენტინელ იუნიორთა მოგებამ (2:1) ახლაც ჩინებულ ხასიათზე დამაყენა, მაგრამ პატარა ნეიმარის ტალანტმაც მომხიბლა და ბრაზილიელთა საბოლოო გაჩემპიონებაც მშვიდად გადავიტანე.

აი ახლაც, რონალდო წავიდა ფეხბურთიდანო გავიგე და თითქოს ვიღაც ახლობელი დამაკლდა. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, არც “კიჭა” ყოფილა “ჩემი რომანის გმირი”. პირიქით, საფრანგეთის მუნდიალის დროს, ტროკადეროზე ჯერ იმდროინდელი რონალდინიას (სუზანა ვერნერის) გაცნობამ გაგვხეთქა შურით, საფინალო მატჩის შემდეგ კი მე და კახა იმნაიშვილმა მთელი ელისეს მინდვრები “მარსელიეზას” სიმღერით ჩავიარეთ, ტრიუმფალურ თაღზე გამონათებულ გიგანტურ ზიზუსაც ვეცით თაყვანი და სიხარულით აჟიტირებულებმა კინაღამ გერმანიისკენ მიმავალ მატარებელზე დავაგვიანეთ...

ორი წლის წინ ექტორ კუპერმა მითხრა, რონალდოზე ნიჭიერი შეგირდი არ მყოლია, მაგრამ არც მასზე უფრო მოუწესრიგებელ ფეხბურთელთან მიმუშავია ოდესმეო. ისიც დააყოლა, ღმერთმანი, სულ ტყუილად მაბრალებს თითქოს “ინტერში” დამეჩაგროს – უმძიმესი ტრავმის მერე ვუფრთხილდებოდი და სწორედ ამის წყალობით მოახერხა აზიაში (კორეა-იაპონია) გაბრწყინებაო. სხვათა შორის, იტალიელები მაშინვე წერდნენ, რონალდოს “რეალში” წასვლა უნდა, მაგრამ მასიმო მორატისთან მამა-შვილური ურთიერთობის დაკარგვაც არ აწყობსო. ჰოდა, პატარა ბავშვივით, ყველაფერი “ბოროტ ბიძია ექტორს” დააბრალა და კმაყოფილი გაიქცა მადრიდში...

მსგავსი მიამიტობა ბრაზილიელებს საერთოდ ახასიათებთ. საფეხბურთო სამყაროში ამის უამრავ მაგალითს გადააწყდებით. რუსმა ჟურნალისტმა იგორ ფესუნენკომ ისტორიას შემოუნახა მანე გარინჩას ამბავი, რომელმაც 1962 წლის მსოფლიო პირველობაზე ინგლისის მთელი ნაკრები მოატყუა, რადგან არ იცოდა რომელი მათგანი იყო მცველი ჯიმ ფლაუერსი, ვინც მისი ამოკეტვის პირობა დადო! იმავე კოჭლ გენიოსსა და მცველ ალტაირს უნდა ვუმადლოდეთ ფეირ-პლეის დაუწერელ წესსაც, როცა თამაში ჩერდება მეტოქის ტრავმის გამო, დაზარალებული გუნდი კი ბურთს აბრუნებს. არაერთ განუმეორებელ ნოველას გვთავაზობს ფრანგი მაქს იურბინი წიგნში “საფეხბურთო ისტორიები”. რად ღირს თუნდაც მეკარე კაშამბუს ამბავი, რომელიც ყოველი მატჩის წინ კატის ხორცს მიირთმევდა – ნახტომს გამომიკეთებსო! ან დაბადებით ბრმა გულშემატკივრის ისტორია, რომელსაც ფეხბურთი არასოდეს უნახავს, მაგრამ არც ერთ მატჩს არ ტოვებდა და ტრიბუნაზე რადიორეპორტაჟს უსმენდა... 

დღემდე ვერ გამიგია, რა მოსდით კარიერის პიკზე ასულ იქაურ ვარსკვლავებს. ნებისმიერი სხვა ხალხისგან განსხვავებით, “კანარინიები” ძალიან ადვილად თმობენ პოზიციებს, სუქდებიან, ლოთდებიან ან დისკოთეკებზე დილამდე ცეკვაში კარგავენ სპორტულ კონდიციებს. დისციპლინის დარღვევა და რიოს კარნავალზე გაქცევა ხომ ცალკე თემაა! რომელი ერთი გავიხსენოთ? რონალდო, ადრიანო, დენილსონი, ედმუნდო, რომარიო, რონალდინიო...

როგორც ჩანს, ჩვენს პრაგმატულ დროშიც კი, ფეხბურთი ბრაზილიელთათვის კვლავაც თამაშად, გართობად რჩება! ამიტომაც გრძნობდნენ მინდორზე თავს ასე ლაღად კოჭლი გარინჩა, ცალთვალა ტოსტაო, ერთმანეთზე მსუქანი რომარიო და რონალდო... ამიტომაც ჰყავს ბრაზილიას ამდენი გულშემატკივარი, რომელიც ყვითლად ღებავს მსოფლიოს ყველა სტადიონის ტრიბუნებს და საოცარ ფერადოვნებას ქმნის – ზუსტად ისეთს, როგორიც მათი განუმეორებელი კარნავალია...

P.S. მგონი, ბრაზილიელთა მიმართ მეტისმეტი სითბო გამოვავლინე. ამიტომ გეტყვით, რომ უზბეკურ ხალათში გამოწყობილ რივალდოსა და კარიმოვის ანჟიში გადასვლაზე დაყაბულებულ რობერტო კარლოსს მაინც ლოთი არიელ ორტეგა მირჩევნია. დიეგო კი პელეზე უკეთესად მღერის, რომ აღარაფერი ვთქვათ ფეხბურთის თამაშზე!



 

 

კომენტარები