ტელეკომპანია იმედთან გამნაღმველები და კინოლოგები მუშაობენ

ტელეკომპანია იმედის ტერიტორიაზე, სადაც წუხელ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენის შემცველი ორი მოწყობილობა აღმოაჩინეს, ამ დროისთვის გამნაღმველები და კინოლოგები მუშაობენ. დაცვის სამსახურის თანამშრომლები ტელეკომპანიის შენობას გაძლიერებულად იცავენ. ასაფეთქებელ მოწყობილობებს ტელეკომპანია იმედის ტერიტორიაზე გამნაღმველებმა საქართველოში მომხდარი ტერაქტების მოწყობაში ეჭვმიტანილი გოგიტა არქანიას ჩვენებების საფუძველზე მიაკვლიეს. სამართალდამცველების თქმით, ნაღმები რკინის ქილებში იყო ჩამონტაჟებული.

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ერთ-ერთი ნაღმი ტელეკომპანიის ავტოსადგომთან, მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა კი იმედის მთავარი შენობიდან 10-15 მეტრის მოშორებით იპოვეს. ტელეკომპანიის შენობაში პოლიციის წარმომადგენლები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ შსს-ს წარმომადგენლებიც, რომლებმაც შემთხვევის ადგილი უკომენტაროდ დატოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე  სპეციალურ განცხადებას დღეს გააკეთებს. 

კომენტარები