მედიით გავრცელებული მასალის საფუძველზე სამართალდამცველები დაითხოვეს

გაზეთ კვირის პალიტრის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე  შინაგან საქმეთა სამინისტროს  ძველი თბილისის სამმართველოს  დეტექტივის ორი თანაშემწე-გამომძიებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ  2011 წლის 6 თებერვალს შსს-ს მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის მესამე განყოფილების თანამშრომლებმა ძმები ბაქარ და ლაშა ლუტიძეები დააკავეს. მათ ბრალად დაედოთ წვრილმანი ხულიგნობა, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება და სამართალდამცავი ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობა. ლუტიძეები თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასამართლეს, ბრალეულად ცნეს და 400-400-ლარიანი ადმინსტრაციული ჯარიმა დააკისრეს.

კვირის პალიტრამ  ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა მოიპოვა, სადაც ჩანდა, რომ დაკავებულები საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევდნენ და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ჩანაწერზე ჩანს, რომ პოლიციელებმა  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქეებს, რომლებიც ქუჩაში მოდიოდნენ და პოლიციელების მოთხოვნას გაჩერებულიყვნენ უხმოდ დაემორჩილნენ. ჩანაწერი 14 თებერვალს გამოქვეყნდა. ფირის გამოქვეყნებიდან  ერთ საათში შსს-მ განაცხადა, რომ გენერალურმა ინსპექციამ გავრცელებულ ვიდეოფირთან დაკავშირებით სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ  ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების  პარტიის წარმომადგენლებმა 2010  წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი  პოლიციის შესახებ კანონის მე-9 პრიმა მუხლის გაუქმების შესახებ. თავისუფალი დემოკრატების თქმით, აღნიშნულ სარჩელს მტკიცებულების სახით ის ვიდეოფირიც დაერთვება, რომელზეც ძმები ლუტიძეების დაკავებაა ასახული. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იზორია მიიჩნევს, რომ  ”მუხლი  რომელიც ყოველგვარი კონკრეტული საფუძვლისა და მიზნის გარეშე პირის შეჩერებას და მის ტანსაცმელზე ზედაპირული შემოწმების წარმოების უფლებას იძლევა,  პოლიციელს სხვა თვითნებური, ადამიანის უფლებების შემლახველი მოქმედებებისკენ უბიძგებს, რადგან ის თავის თავში პოლიციელის გადამეტებულ უფლებამოსილებასაც მოიცავს.” 

კომენტარები