სენატის მოსალოდნელი რეზოლუცია და გაეროს 1994 წლის მოხსენება

აშშ-ის სენატის რეზოლუციის პროექტი

2010 წლის 11 დეკემბერს სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებით საჯარო გახდა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შეტანილი საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი. იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერში კონგრესის შუალედური არჩევნები ჩატარდა, სარწმუნო წყაროების ინფორმაციით, რეზოლუცია ხელახლა იქნება წარდგენილი ახალ სენატში 2011 წლის თებერვალ-მარტში.

საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია აშშ-ის სენატის მხარდაჭერა. ამასთან, სასურველია, რომ წარმომადგენელთა პალატამაც მიიღოს მსგავსი რეზოლუცია. ნიშანდობლივია, რომ როგორც კი სენატის რეზოლუციის პროექტი გამოქვეყნდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისვე მოახდინა რეაგირება და მკაცრად გააკრიტიკა ამერიკელ კანონმდებელთა ინიციატივა. მოსკოვის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია დოკუმენტის იმ ნაწილმა, რომელშიც ლაპარაკია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციასა და საერთაშორისო ვალდებულებების იგნორირებაზე.

რეზოლუციის პროექტი მრავალმხრივ არის საყურადღებო. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ იგი ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-საქართველოს ქარტიის მნიშვნელობას. პროექტში ასევე აღნიშნულია ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და ეუთოს ფარგლებში მიღებული სხვა დოკუმენტების ფუძემდებლური ხასიათი ევროპაში საზღვრების ურღვეობისა და სახელმწიფოთა სუვერენული უფლებების საკითხში.

რეზოლუციის პროექტი ასევე მიუთითებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის მიერ საქართველოს მხარდასაჭერად გაკეთებულ განცხადებებზე და თეთრი სახლის მტკიცე პოზიციაზე, რომ „რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ოკუპაცია”. რეზოლუციის დადგენილებით ნაწილში სენატი აღიარებს, რომ „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებს” და მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ყველა პირობა და ვალდებულება.  

სენატის რეზოლუციის პროექტში ხარვეზები და ნაკლოვანებებიცაა. იგი, მართალია, ლაპარაკობს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იძულებით ადგილნაცვალი პირების თავიანთ სახლებში დაბრუნების აუცილებლობაზე, მაგრამ მათ გამოდევნას მკვიდრი ადგილებიდან არ აძლევს ეთნიკური წმენდის კვალიფიკაციას. გარდა ამისა, დოკუმენტი, ერთი მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციამ ვეტო დაადო ეუთოსა და გაეროს მისიების გაგრძელებას საქართველოში და სამართლიანად აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან სხვა მრავალმხრივი [საერთაშორისო] ორგანიზაციის მანდატის გარეშე”, მეორე მხრივ, იგი არაფერს ამბობს იმაზე, რომ საჭიროა, შემუშავდეს ეფექტიანი საერთაშორისო საპოლიციო/სამშვიდობო მექანიზმი, რომელიც ჩაანაცვლებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების არალეგალურ ოკუპაციას. 

ამასთან, მართალია, სენატის რეზოლუციის პროექტი პირველივე წინადადებაში სამართლიანად აღნიშნავს, რომ 1993 წლიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხარდაჭერილია „საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 36 რეზოლუციით”, იგი არ მიუთითებს იმაზე, რომ გაეროსა და ეუთოს მისიების მარცხი გამოწვეულია იმით, რომ რუსეთს თავის დროზე გაუმართლებლად დიდი უფლებები მიეცა მათი მანდატებისა და ფორმატების შემუშავებაში, რამაც მას საშუალება მისცა, შეერყია საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი საერთაშორისო მექანიზმის შემუშავების თვალსაზრისით, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ.

ამ გარემოებიდან გამომდინარე, მისასალმებელი იქნება, თუ სენატის რეზოლუცია დაგმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას და ერთ პუნქტს მაინც დაუთმობს გაეროს გენერალური მდივნის 1994 წლის 25 იანვრის მოხსენებას, რომელიც მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმის ასახსნელად, თუ რატომ განიცადა ფიასკო გაეროს მისიამ საქართველოში და რატომ იყო იგი წარუმატებლობისათვის იმთავითვე განწირული.

 

გაეროს გენერალური მდივნის 1994 წლის 25 იანვრის მოხსენება

1994 წლის 25 იანვარს, სოხუმის დაცემიდან რამდენიმე თვის შემდეგ, გაეროს იმჟამინდელმა გენერალურმა მდივანმა ბუტროს ბუტროს-გალიმ უშიშროების საბჭოს მოხსენება წარუდგინა „აფხაზეთში, საქართველო არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით”.  დოკუმენტის აღწერილობით ნაწილში საუბარია კონფლიქტისა და სამშვიდობო პროცესის დინამიკაზე, კონფლიქტის მონაწილე მხარეთა პოზიციაზე, რაც დაფიქსირებული იყო 1994 წლის 13 იანვარს ხელმოწერილ სპეციალურ  კომუნიკეში, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობის ინტერესების სრულად დაცვის” პირობებში ყოვლისმომცველი პოლიტიკური მოგვარების, როგორც მხარეთა უპირველესი მიზნის, მიღწევის აუცილებლობასა და საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის (UNOMIG) როლზე მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში.

300 ათას იძულებით ადგილნაცვალ და ლტოლვილ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ აფხაზეთში მათ დაბრუნებას აფერხებდა „ადეკვატური უსაფრთხოების” არარსებობა და, ამ გარემოების გათვალისწინებით, „მესამე მხარის სამხედრო ძალის” ყოფნა აუცილებელი პირობა იყო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გაეროს გენერალური მდივანი ასევე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ 1994 წლის 21 იანვარს მას „უმორჩილესად სთხოვა აფხაზეთში გაეროს სამხედრო ყოფნის რაც შეიძლება სწრაფად გაზრდა”. მეორე მხრივ, გენერალური მდივანი ყურადღებას მიაპყრობდა ქართულ-აფხაზური კომუნიკეს იმ მუხლს, რომელშიც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მხარეები მხარს უჭერდნენ „გაეროს სამშვიდობო ძალების ან გაეროს მიერ უფლებამოსილი სხვა ძალების განლაგებას კონფლიქტის ზონაში”. ამასთან, გენერალური მდივანი აღნიშნავდა, რომ კომუნიკეს თანახმად, მხარეებმა „საერთო თანხმობა გამოხატეს, რომ ამგვარი ძალების შემადგენელ ნაწილად გამოყენებულ ყოფილიყო რუსეთის სამხედრო კონტინგენტი”.

თავისი მოხსენების დასკვნით ნაწილში გაეროს გენერალური მდივანი მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით უშიშროების საბჭოს სთავაზობდა „აფხაზეთში უფრო ფართო საერთაშორისო სამხედრო ყოფნის” ორ ვარიანტს.

1-ლი ვარიანტის თანახმად, უშიშროების საბჭოს შეეძლო, შეექმნა „გაეროს ტრადიციული სამშვიდობო ძალა გაეროს სარდლობისა და კონტროლის ქვეშ”, რომლის მანდატიც საწყის ეტაპზე მოიცავდა გალის რაიონს და მდინარე ენგურისა და მდინარე ფსოუს მიმდებარე ტერიტორიებს. გენერალური მდივანი აღნიშნავდა, რომ რუსეთის ფედერაციამ ასეთი ოპერაციის მხარდასაჭერად არაფორმალურად გაავრცელა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც საჭიროდ მიაჩნდა დაახლოებით 2,500 მშვიდობისმყოფელის განლაგება. გენერალური მდივანი დასძენდა, რომ „გაეროს ნორმალური პრაქტიკის თანახმად, ეს იქნებოდა მრავალეროვნული ძალა და მასში არც ერთ ქვეყანას არ ეყოლებოდა 1/3-ზე მეტი” სამხედრო მოსამსახურე.  

მე-2 ვარიანტის მიხედვით, უშიშროების საბჭოს შეეძლო, გაეცა „უფლებამოსილება მრავალეროვნული სამხედრო ძალის” განლაგების თაობაზე, რომელიც „არ იქნებოდა გაეროს სარდლობის ქვეშ და რომლის შემადგენლობაც ჩამოყალიბდებოდა გაეროს დაინტერესებული  წევრი-სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის, მიერ გამოყოფილი [სამხედრო] კონტინგენტებით 1-ლ ვარიანტში აღწერილი ფუნქციების შესასრულებლად”. ასეთ შემთხვევაში, 200-ოდე სამხედრო დამკვირვებლისაგან შედგენილი UNOMIG-ის მოვალეობა იქნებოდა „მრავალეროვნული ძალის მიერ განხორციელებული ოპერაციების მონიტორინგი, აფხაზეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონტაქტი და ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე ზედამხედველობა”.

გენერალური მდივანი რეკომენდაციას იძლეოდა, რომ მე-2 ვარიანტის არჩევის შემთხვევაში ქვეყნებს, რომლებიც მრავალეროვნულ ძალას შექმნიდნენ, გაეროსათვის მიეწოდებინათ ინფორმაცია „ამ ძალის მოქმედების კონცეფციის, მართვისა და კონტროლის მექანიზმების და დისლოკაციის” შესახებ. გარდა ამისა, გენერალური მდივანი გამოთქვამდა რწმენას, რომ მრავალეროვნული ძალა ეუთოს ფარგლებში მიღებული პრინციპების შესაბამისად იმოქმედებდა. მას მხედველობაში ჰქონდა კონკრეტულად ისეთი პრინციპები, როგორებიცაა „სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მხარეთა თანხმობა, მიუკერძოებლობა, მრავალეროვნული ხასიათი, მკაფიო მანდატი, გამჭვირვალობა, უშუალო კავშირი კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკურ პროცესთან და [სამხედრო კონტინგენტის] მოწესრიგებული გაყვანის გეგმა”. მოხსენების ბოლოში გენერალური მდივანი დაბეჯითებით აღნიშნავდა, რომ „საერთაშორისო აღიარება არ მიეცემოდა ისეთ ერთეულს, რომელიც შეეცდებოდა საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლას”. მეორე მხრივ, იგი შესაძლებლად მიიჩნევდა ისეთ მორიგებას, რომელიც დაეფუძნებოდა „თავიანთ სახლებში დაბრუნებული მრავალეთნიკური მოსახლეობის მიერ საერთაშორისო მეთვალყურეობის პირობებში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს”.

აღსანიშნავია, რომ 1994 წლის 31 იანვარს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულმა 896-ე რეზოლუციამ, სხვა საკითხებთან ერთად, მხედველობაში მიიღო გენერალური მდივნის 25 იანვრის მოხსენება, კერძოდ კი მისი ის ნაწილი, რომელშიც რეკომენდაციის სახით მოცემულია სამშვიდობო ოპერაციის ორი შესაძლო ვარიანტი. ამავე რეზოლუციაში დაგმობილია აფხაზეთის, საქართველო „დემოგრაფიული შემადგენლობის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა, მათ შორის, იმ პირებით მისი ხელახალი დასახლება, რომლებიც იქ მანამდე არ ცხოვრობდნენ”.

1994 წლის 14 მაისს ხელმოწერილმა მოსკოვის შეთანხმებამ კარდინალურად შეცვალა ვითარება. რუსეთმა „მხარეთა თანხმობით” „დსთ-ს სამშვიდობო ძალა” შეიყვანა „კონფლიქტის ზონაში”, რითაც ფაქტის წინაშე დააყენა საერთაშორისო თანამეგობრობა და სრულად გამორიცხა უშიშროების საბჭოსადმი გაეროს გენერალური მდივნის მიერ შეთავაზებული „გაეროს ტრადიციული სამშვიდობო ძალის” განლაგების შესაძლებლობა, ანუ 25 იანვრის მოხსენებაში აღნიშნული 1-ლი ვარიანტი. უშიშრობის საბჭომ დსთ-ს სამშვიდობო ძალის უფლებამოსილება ცნო 1994 წლის 21 ივლისს მიღებული 937-ე რეზოლუციით, რომელიც, თავის მხრივ, დაეყრდნო 1994 წლის 12 ივლისს გენერალური მდივნის მიერ წარდგენილ ახალ მოხსენებას.

ახალ მოხსენებაში გაკეთებულია მინიშნება წინა მოხსენების ორ ვარიანტზე და აღნიშნულია, რომ შეირჩა „დსთ-ს სამშვიდობო ძალის ოპერაციათა [მე-2] ვარიანტი” იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც იქნა მიწოდებული გენერალური მდივნისათვის მის მიერ წარგზავნილი „ტექნიკური მისიის მიერ”, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს „დეტალური გეგმა არც ერთი ვარიანტისათვის არ შეუმუშავებია”. გენერალური მდივნის ახალ მოხსენებაში და, შესაბამისად, უშიშროების საბჭოს 21 ივლისის რეზოლუციაში აღარაფერია ნათქვამი მე-2 ვარიანტის ისეთ მნიშვნელოვან ატრიბუტებზე, როგორებიცაა სამშვიდობო მოქმედების კონცეფცია, კონტინგენტის მრავალეროვანი ხასიათი, მკაფიო მანდატი, გამჭვირვალობა და მოწესრიგებული გაყვანის გეგმა, რაც, როგორც ჩანს, შეცვლილი გარემოებებისა და რუსეთის მხრიდან ზეწოლის შედეგად მოხდა.

ასე დაიწყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი სამშვიდობო მისია, რომელიც სრული კრახით დამთავრდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არასაკმარისი ყურადღებისა და რუსეთისათვის განსაკუთრებული ფაქტობრივი სტატუსის მინიჭების გამო.

 

დასკვნა

ამ სტატიის დასაწყისში ტყუილად არ გვისაუბრია აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაზე. როგორც აღვნიშნეთ, რეზოლუციის პროექტში მინიშნება კეთდება რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტსა და განცხადებაზე. ამასთან, მიზანშეწონილი იქნება, თუ სენატის რეზოლუცია ასევე გაამახვილებს ყურადღებას გაეროს გენერალური მდივნის მიერ 1994 წლის იანვარში შეთავაზებული სამშვიდობო ოპერაციის ორ ვარიანტზე და მიუთითებს იმაზე, რომ მკაფიო მანდატისა და ნამდვილი მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმის არარსებობამ ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთს თავისი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისაკენ.

გენერალური მდივნის 1994 წლის მოხსენებაზე მინიშნება მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისითაც, რომ, ჩვენი ღრმა რწმენით, უნდა მოხდეს საქართველოში გაეროს მისიის 15-წლიანი მოღვაწეობის სრულფასოვანი ანალიზი და ავტორიტეტული საერთაშორისო ჯგუფის მიერ უნდა დადგინდეს ყველა ის მიზეზი, რამაც მისიის წარუმატებლობას შეუწყო ხელი. ასეთი დასკვნის მომზადებაში გაეროს გენერალური მდივნის მიერ 1994 წლის იანვარში უშიშროების საბჭოსათვის წარდგენილ მოხსენებას განსაკუთრებული წონა და მნიშვნელობა ექნება.

1994 წელს შეთავაზებულ ვარიანტებზე აპელირება საქართველოს ასევე შეიძლება დაეხმაროს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო საპოლიციო/სამშვიდობო ძალის განლაგების აუცილებლობის სამართლებრივ და პოლიტიკურ დასაბუთებაში.  

 



კომენტარები