სავაჭრო საქონლის ხელით შემოტანა იკრძალება

1 თებერვლიდან საქართველოს სახმელეთო საზღვარზე საცალო იმპორტიორებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. „სამართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო სისტემისთვის” ახალი კურსის ფარგლებში გადადგმული ეს ნაბიჯი, შესაძლოა, არც ისე სამართლიანი და მარტივი აღმოჩნდეს, როგორც ამას ინიციატორები ამბობენ.  

საბაჟოზე შემოღებული ახალი წესების თანახმად, საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის ხელით შემოტანა აიკრძალა. არ შეიძლება ამ ტვირთის სამგზავრო ავტოტრანსპორტით შემოტანაც. 1 თებერვლიდან სავაჭრო საქონლის შემოტანა დასაშვებია მხოლოდ დალუქული, სატვირთო ტრანსპორტის საშუალებით. ამასთან, საინტერესოა, რომ გასაყიდად არის თუ არა განკუთვნილი, ამას საზღვარზე მებაჟე დაადგენს. საქართველოს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ განსაზღვრის კრიტერიუმები საზღვრის გადაკვეთის რაოდენობა ანაც ერთგვაროვანი საქონლის რაოდენობაა. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ცხაკაიამ ტაბულას განუცხადა, რომ გადაწყვეტილება სამ ძირითად მიზანს ემსახურება: უსაფრთხოების უზრუნველყოფას (მაგალითად, საყოფაცხოვრებო ნივთებში ნარკოტიკის და სხვა აკრძალული ნივთიერებების შემოტანის უკეთ გაკონტროლებას); კონტრაბანდული საქონლის შეზღუდვას და ამ გზით სამართლიანი კონკურენტუნარიანი გარემოს დამყარებას და საზღვარზე საცობების აღმოფხვრას, რასაც საცალო იმპორტიორთა შემოწმების პროცედურები იწვევდა. კონკრეტული პასუხი – თუ რა მასშტაბით კონტრაბანდის გათეთრებაზეა საუბარი, ტაბულამ ვერ მიიღო. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქმე უმნიშვნელო მასშტაბს ეხება. ტაბულასთან ინტერვიუში ფინანსთა მინისტრი აქცენტს ამაზევე აკეთებს – ის ამბობს, რომ სულ 800 მოვაჭრეზეა საუბარი. საინტერესოა კიდევ ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი – საქართველოში, მაგალითად 2009 წლის მონაცემებით, დასაქმებული 1 მილიონ 656 ათასი ადამიანიდან მხოლოდ 596 ათასია დაქირავებული, 2/3 (1 მილიონ 59 ათასი) ადამიანი კი თვითდასაქმებულია, რაც წვრილ ბიზნესში დასაქმებასაც გულისხმობს. დღემდე წვრილი ბიზნესის წარმომადგენლებს, რომელთა ძირითადი საქმიანობაც საქართველოს რეგიონებში და თბილისშიც პატარა ტანსაცმლის ან საყოფაცხოვრებო მაღაზიებსა ან სექციებში ვაჭრობაა, საქონელი სწორედ საკუთარი ტრანსპორტითა თუ ჩანთებით შემოჰქონდათ. არსებული კანონმდებლობით, 300 ლარის და მეტი ღირებულების საქონელი, პირადი მოხმარების შემთხვევაშიც, იბეგრება. გადასახადებისგან თავის არიდებას, წვრილი მოვაჭრეები, როგორც წესი, დროის მოკლე მონაკვეთში საზღვრის რამდენჯერმე გადალახვით ცდილობდნენ (რაც, სხვათა შორის, ისედაც არ იყო რთული შესამჩნევი). ასეთ შემთხვევაშიც ამ საქონლის დაბეგვრის სფეროში მოქცევა, მაღაზიების სწორი ადმინისტრირებით არის შესაძლებელი. კონტრაბანდის გავრცელებული ფორმა გახლავთ ე.წ. შმონდერობა, ანუ ტანსაცმლის ერთმანეთზე ჩაცმა და საზღვარზე ისე შემოტანა. ეს ახალ ბრძანებულებამდეც იკრძალებოდა და დამატებითი რეგულაციის შემოღება, ამ მიმართულებით ეფექტის მომტანი ნამდვილად ვერ იქნება.

სამაგიეროდ, ახალი წესები კანონმორჩილ წვრილ მოვაჭრეებს უქმნის ახალ პრობლემებს. მაგალითად, მათ დანახარჯებს ზრდის საქონლის იმპორტირების პროცესში სატვირთო ტრანსპორტის სავალდებულო ჩართვა – ერთი 20-ფუტიანი კონტეინერის ჩამოტანა აზერბაიჯანიდან დაახლოებით 1200-1300 დოლარი ღირს, თურქეთიდან კი ფასები 2200 აშშ დოლარი და მეტია. ამასთან, წვრილ მოვაჭრეებს მოუწევთ კონტეინერის შესავსებად პარტნიორები მონახონ. მათი ტვირთის ჩამოტანას, ფულთან ერთად, მეტი დროც დასჭირდება. გარდა ამისა, საჭირო იქნება დამატებითი საბუთებიც.

გადაწყვეტილების უკუეფექტებზე საუბრისას ოპონენტები შემდეგი მიმართულებით აკეთებენ აქცენტს: ამ რეგულაციით მოსახლეობის ყველაზე ხელმოკლე ფენა დაზარალდება: საქონლის შემომტანები, რომლებიც რეგულაციის მიღებამდე სწორედ ასეთი წვრილმანი ვაჭრობით ირჩენდნენ თავს; ასევე, ის ხელმოკლე მოქალაქეები, რომლებიც ვეღარ შეძლებენ იმ იაფი საქონლის შეძენას, რომელთა შემოტანაც შეწყდება.

რეგულაციით იხეირებენ მსხვილი შემომტანები, რადგანაც უამრავ წვრილ კონკურენტს ჩამოიშორებენ.

ფასები გაიზრდება, რადგან ბაზარზე იაფი საქონლის წილი შემცირდება.

ასეთი ტიპის დისკრეციის დატოვება საბაჟო სამსახურის თანამშრომლებისთვის ორი ტიპის პრობლემას წარმოშობს: შეიძლება შეაფერხოს იმ ადამიანების თავისუფალი გადაადგილება, რომლებიც პირადი მოხმარების მიზნით შემოიტანენ რაიმე საქონელს და შესაძლოა გახდეს კორუფციის წყარო ანუ სავაჭრო მიზნით საქონლის შემომტანი საბაჟოს თანამშრომლებთან გარიგდეს.

შესაბამისად, გადაწყვეტილება ვერც ანტიინფლაციურად ჩაითვლება და ვერც – თავისუფალი კონკურენციის ხელშემწყობად, რაც ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის ნაცვლად ხელის შემშლელ ფაქტორად შეიძლება იქცეს

კომენტარები