დემონსტრაციების მეთერთმეტე დღე ეგვიპტეში - ”გადადგომის პარასკევი”

ეგვიპტეში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების მეთერთმეტე დღეს ქაიროს ცენტრში დილიდან ათასობით დემონსტრანტია შეკრებილი. აქციის მონაწილეები დღევანდელ დღეს ”გადადგომის პარასკევს” უწოდებენ. დემონსტრანტები ქაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე, სადაც ბოლო ორი დღის მანძილზე პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებას ასამდე ადამიანი ემსხვერპლა, ბარიკადებს აგებენ და ქვებით სავსე ყუთები მოაქვთ, იუწყება ევრონიუსი.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია — ისინი 82 წლის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ. ფართომასშტაბიანი გამოსვლები ქაიროსა და ეგვიპტის სხვა ქალაქებში დღეს, სავარაუდოდ, პარასკევის ლოცვების შემდეგ დაიწყება. გაეროს მონაცემებით, 25 იანვრიდან მიმდინარე დაპირისპირებებს ეგვიპტეში 300 ადამიანი ემსხვერპლა, 4000-ზე მეტი კი დაშავდა. პრეზიდენტ მუბარაქის მოწინააღმდეგეები დღეს ტაჰრირის მოედანზე მათი დაღუპული თანამოაზრეების სიმბოლური დაკრძალვის მოწყობას აპირებენ.

პრეზიდენტ მუბარაქის მომხრეები და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ანარქიით მოცული ქვეყნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას იცავენ. ხუთშაბათს საღამოს სატელევიზიო გამოსვლაში ეგვიპტის ვიცე პრეზიდენტმა, ომარ სულეიმანმა მზადყოფნა გამოთქვა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებები აწარმოოს. პრეზიდენტმა კი ტელეკომპანია ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის გადადგეს, ოღონდ შიშობს, რომ ამის შემდეგ ქვეყანას ქაოსი მოიცავს. 

კომენტარები