ინფლაცია კლავს

არა, ეს გზა სინგაპურამდე ვერ მიგვიყვანს! მე იმის მეშინია, საერთოდ უკან არ დავბრუნდეთ.

2010 წლის მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში სინგაპურის ეკონომიკა იმდენად გაიზარდა, რამდენადაც საქართველოს ეკონომიკა მთელი წლის განმავლობაში (7 პროცენტზე ოდნავ ნაკლებით).

საქართველოს რეალური (ანუ ინფლაციაგამოკლებული) მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 6 პროცენტზე ოდნავ მეტით. სინგაპურისა კი – თითქმის 15-ით.

გასული წლის მხოლოდ ნოემბერში სინგაპურში იმდენი ადამიანი ჩავიდა, რამდენიც საქართველოში – მთელი წლის განმავლობაში (დაახლოებით მილიონი).

ერთადერთი, რაშიც სინგაპურს გავუსწარით, ინფლაციაა: სინგაპურში 3 პროცენტი, ჩვენთან – დაუჯერებელი 11.7! ასეთი მაღალი ინფლაცია საქართველოს 2007 წლის მერე არ უნახავს. სწორედ ეს ინფლაციის ზრდა არის, მე რომ მაშინებს.

ინფლაცია ფულის გაუფასურებაა, ანუ როცა ერთი და იგივე პროდუქტი დღეს უფრო მეტი ღირს, ვიდრე გუშინ. მაგალითად, შარშან ლუდი რომ 3.5 ლარი ღირდა, დღეს 4.30-ია;  ყველი: შარშან – 6 ლარი, წელს – 9. ან, სხვანაირად რომ შევხედოთ, – ინფლაციაა, როცა ერთი და იგივე რაოდენობა ლარებით გასულ წელთან შედარებით ნაკლები რაღაცის ყიდვა შეიძლება. მაგალითად, როცა შარშან ტაქსი 4 ლარად საბურთალოდან რუსთაველზე წაგიყვანდა, წელს კი – მხოლოდ ვერაზე მიგიყვანს.

ინფლაცია ადამიანის ნორმალური ცხოვრებისთვის აუცილებელი ასეთი პროდუქტებისგან და მომსახურებისგან შემდგარ ვირტუალურ კალათაზე დაკვირვებით იზომება. ამ კალათაში უფრო მეტი წონა იმ პროდუქტებს აქვთ, რომელთა მოხმარებაზე უარის თქმა რთულია (მაგ. პური, ხორცი, ელექტროენერგია). მათზე ფასების ზრდა, დანარჩენებზე მეტად აუფასურებს ფულს.

ფასების ზრდას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: გადასახადების გაზრდა, მსოფლიო ბაზარზე ფასების მატება და ეროვნული ბანკის მიერ ფულის ბეჭდვა. საქართველოს შემთხვევაში სამივესთან ერთად გვაქვს საქმე.

შარშან საქართველოში გაიზარდა გადასახადები და საბაჟო განაკვეთები ზოგიერთ არაპირველადი მოხმარების პროდუქტზე. გარდა ამისა, მსოფლიო ბაზარზე გაიზარდა ხორბლის ფასი. სწორედ ამ უკანასკნელით ხსნის ჩვენი მთავრობა და ეროვნული ბანკი წლევანდელ ორნიშნა ინფლაციას და, მინდა გითხრათ, რომ ბოლომდე სიმართლეს არ ამბობს.

ამას ერთი მარტივი დაკვირვება ადასტურებს. სომხეთში, ისევე როგორც საქართველოში, შარშან გადასახადები გაიზარდა. ისევე, როგორც საქართველოში, სომხებიც მოიხმარენ იმპორტულ ფქვილს. სომხეთში წელს ინფლაცია იყო საქართველოზე 2-ჯერ ნაკლები. მიზეზი? სომხეთის მთავრობა და ეროვნული ბანკი საქართველოსაზე უფრო დისციპლინირებულია.

ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობას მთლიანად ქვეყანაში წარმოებული პროდუქტის ან სერვისის მიმოქცევაში მთლიანად არსებული ფულის რაოდენობასთან თანაფარდობა განსაზღვრავს. თუ პროდუქციის მოცულობა იზრდება და ფულის მასა იგივე რჩება, მსყიდველუნარიანობა იზრდება (დეფლაცია), თუ პირიქით – მცირდება (ინფლაცია).

გასულ წელს საქართველოში ფულის მასა 3-ჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე პროდუქციის ან მიწოდებული სერვისის მოცულობა. ამიტომაც არის, რომ სინგაპურსაც და სომხეთსაც გავუსწარით!

ამ საეჭვო რეკორდის შემოქმედი პირველ რიგში ჩვენი ეროვნული ბანკია – საქართველოში ფულს ის აწარმოებს. ჭარბი ფულის მთავარი მომხმარებელი კი მთავრობაა, რომელიც ამ ფულით ბიუჯეტის დეფიციტს აფინანსებს.

ერთ-ერთი მექანიზმი ზოგადად ასე გამოიყურება: ეროვნული ბანკი აძლევს ფულს კომერციულ ბანკებს (ე.წ. რეფინანსირების სესხების მეშვეობით), რომელსაც ისინი უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით მთავრობას ასესხებენ. როცა ამბობენ, რომ მთავრობა ფულს ბეჭდავს, სწორედ ამ მექანიზმს გულისხმობენ. სხვათა შორის, ეს ქართული ნოუ-ჰაუ არ არის: ბარაკ ობამას ადმინისტრაცია იმავეს აკეთებს საკუთარი ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად.

სხვა სიტყვებით, ეროვნულმა ბანკმა კანონით დადგენილი საკუთარი პირდაპირი მოვალეობა (ინფლაციის კონტროლი) ვერ ან არ მოახერხა. მთავრობამ კი იმაზე მეტი დახარჯა, რაც ჰქონდა. ეს არის ჩვენსა და სინგაპურს შორის მთავარი განსხვავება. როგორც ვთქვი, იქ მთავრობა უფრო დისციპლინირებულია.

შექმნილი სიტუაცია მოკლევადიან პერსპექტივაში რამდენიმე რისკის მატარებელია. პირველ რიგში მოსახლეობაში ინფლაციური მოლოდინები მოიმატებს – ყველამ “ვიცით”, რომ ფასები მალე კიდევ გაიზრდება, ამიტომ ჯობია, რომ ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტის ფასი ჩვენვე დღესვე გავზარდოთ. მაგალითად, წელს მოვითხოვოთ მეტი ხელფასი. სწორედ ამას ცდილობენ (ინსტინქტურად) სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რადგან გრძნობენ, რომ ლარების იმავე რაოდენობით, რასაც დღეს აკეთებენ, ხვალ ოჯახისთვის იმავე რაოდენობის ყველს ვეღარ იყიდიან.

მეორე ის არის, რომ ლარისადმი ნდობა კიდევ უფრო დავარდება. ვის რად უნდა ეროვნული ვალუტა, თუ მისი მსყიდველუნარიანობა დოლარზე ან ევროზე უფრო სწრაფად ეცემა? ეროვნული ბანკის მიერ გასული წლის დასაწყისში გამოცხადებული “ლარიზაციის” პროგრამაც ალბათ დავიწყებას მიეცემა.

დაბოლოს, მაღალი ინფლაცია ტურიზმს ავნებს. საქმე ისაა, რომ ეროვნულ ბანკს ასე თუ ისე მყარად უჭირავს ლარის კურსი. ამ ვითარებაში, თუ რაიმეს ყიდვას მეტი ლარი სჭირდება, შესაბამისად დასჭირდება უცხოელი ტურისტის კუთვნილი მეტი დოლარიც. ჩემი შეფასებით, თუ ინფლაცია არ მოვთოკეთ, იგივე, რაც შარშან ზაფხულში ტურისტისთვის 100 დოლარი ღირდა, წელს 125 დოლარი ეღირება. დასვენების ღირებულების ასეთი გაძვირება რომ ტურისტების ნაკადის ზრდას არ გამოიწვევს, მგონი, ცხადია.

გრძელვადიან პერსპექტივაში ინფლაცია კიდევ უფრო საშიშია. ის აფერხებს ეკონომიკურ ზრდას, რადგან კრედიტს აძვირებს და ბიზნესის მომგებიანობას “ჭამს” და, სამაგიეროდ, ზრდის სოციალურ დაძაბულობას, რადგან საშუალო ადამიანისთვის სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება მანამდე არსებული ცხოვრების დონის შენარჩუნება, ანუ, რასაც ჩვენთან ეძახიან, ოჯახის რჩენა. შედეგად, საზოგადოება საკუთარი დროის უფრო მეტს უთმობს დოვლათის გადანაწილებისკენ მიმართულ ძალისხმევას. საქართველოსთვის ორივე დამღუპველია, რადგან ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება და გარანტიაა: ან სინგაპურის გზით ვივლით, ან საერთოდ ვერ ვივლით!

სინგაპურის გზით სვლა ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: მთავრობა უნდა იყოს დისციპლინირებული და არ უნდა ხარჯოს იმაზე მეტი, რაც შემოსავალი აქვს. მაგრამ, მხოლოდ მთავრობისა და ეროვნული ბანკის პატიოსანი სიტყვის იმედზე რომ არ ვიყოთ, ჩემი წინადადება იქნებოდა საქართველოში მულტისავალუტო რეჟიმის დაშვება და ლარის, როგორც ერთადერთი საგადამხდელო საშუალების, მონოპოლიის გაუქმება. აქამდე საქართველოში დოლარითაც რომ შეიძლებოდეს ანგარიშსწორება, ინფლაციის ეს პრობლემა არ გვექნებოდა და ჩემი ამხელა ტექსტის დაწერაც არ იქნებოდა საჭირო.

კომენტარები