კომეტები და სიცოცხლე

ახლახან ნასას თანამგზავრმა EPOXI-მ  ჩვენგან 37 მილიონი კილომეტრით დაშორებულ კომეტას ჩაუქროლა და ახლოდან  სურათები გადაუღო. ეს ციური სხეული 1.5 კილომეტრის სიდიდის, წაგრძელებული, უსწორმასწორო ფორმის ვეებერთელა ქვის ლოდი აღმოჩნდა. არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე სიცოცხლე სწორედ კომეტებმა ჩამოიტანეს.

1997 წლის გაზაფხულზე საკმაოდ იშვიათი ციური მოვლენის მომსწრენი გავხდით: რამდენიმე კვირის განმავლობაში ცას ამშვენებდა „კუდიანი ვარსკვლავი”, ზუსტად ისეთი, როგორიც გვინახავს ნახატებსა და ფოტოებზე – კაშკაშა თავით და გრძელი შლეიფით. სურათი იმდენად უჩვეულო იყო, გეგონებოდათ, ცის თაღზე მხატვრის ხელმა მიახატა. ეს გახლდათ ჰიაკუტაკეს (Hyakutake) კომეტა, რომელსაც მისი აღმომჩენის, იაპონელი ასტრონომიის მოყვარულის სახელი დაარქვეს. მას მერე, აგერ უკვე 13 წელი გავიდა და მსგავსი რამ ჩვენი ხილვის არეში ჯერ არ განმეორებულა. მიუხედავად იმისა, რომ მზის სისტემაში უამრავი კომეტა მოგზაურობს – ბოლო მონაცემების მიხედვით, 4 ათასამდე, ისინი ყოველთვის არ ხვდებიან შეუიარაღებელ თვალს, თანაც ასეთი შთამბეჭდავი სახით. ტელესკოპით კომეტების მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილს ვხედავთ. ასტრონომთა შეფასებით, მათი რიცხვი მზის სისტემაში ტრილიონს აღწევს. კომეტები სხვა სხეულებისაგან იმით გამოირჩევიან, რომ გააჩნიათ ე.წ. კუდი. ბოლო დროს გაჩნდა ციურ სხეულთა ახალი კლასი – ცენტავრები, რომლებიც ავლენენ როგორც კომეტების, ასევე ასტეროიდების თვისებებს. 

კომეტებს აქვთ არაწესიერი ფორმის ბირთვები, სიდიდით 100 მეტრიდან 50 კილომეტრამდე. ისინი ბინადრობენ კოიპერის სარტყელში – პლანეტა ნეპტუნის მიღმა და „ოორტის ღრუბლების” არეში – იქ, სადაც მზის სისტემა მთავრდება და ვარსკვლავთშორის სივრცე იწყება, ჩვენგან დაახლოებით 3 სინათლის წლის სიშორეზე (უახლოეს ვარსკვლავამდე – ცენტავრის პროქსიმამდე – მანძილი 4 სინათლის წელია). მზისგან შორს მყოფი კომეტები ვიზუალურად არ განირჩევიან სხვა მნათი წერტილებისაგან, მაგრამ ზოგჯერ, გიგანტი პლანეტების თუ მახლობელი ვარსკვლავების გრავიტაციული შეშფოთების გამო, ისინი მიმართულებას იცვლიან და მზეს უახლოვდებიან. ამ დროს მათი ზედაპირი ცხელდება, მსუბუქი გაზები ორთქლდებიან და მყარი ბირთვის გარშემო ქმნიან ღრუბელს – ე.წ. კომას (რაც ბერძნულად თმას ნიშნავს – აქედანაა სახელწოდება „კომეტა”). მზის გამოსხივების წნევა და მზის ქარი მოქმედებენ ამ გაზზე, ასე ვთქვათ, „უბერავენ” „თმას” – ასე წარმოიშობა კუდი. ეს კომეტები, როგორც წესი, მოძრაობენ მეტად გაწელილ ორბიტებზე, რომელთა გარშემო ერთ ბრუნს ანდომებენ რამდენიმე წლიდან რამდენიმე მილიონ წლამდე დროს. ზოგიერთი მათგანი თავის არსებობას მზესთან ან პლანეტებთან შეჯახებით ამთავრებს. ასე მოხდა 1994 წელს, როდესაც იუპიტერს შუმეიკერ-ლევის კომეტა დაეცა. ეს იყო პირველი შემთხვევა კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ადამიანმა თავისი თვალით იხილა ორი ციური სხეულის შეჯახება კოსმოსში.

ის, რაც დღეს ესოდენ იშვიათია, დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ, მზის სისტემის ჩამოყალიბების დროს, ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მაშინ დედამიწას კომეტები წარამარა ეჯახებოდნენ. შემდგომ პლანეტები თანდათანობით ჩამოყალიბდნენ და მდგომარეობა სტაბილური გახდა. ახლა შეჯახებები, საბედნიეროდ, უაღრესად იშვიათად ხდება. დედამიწაზე ასეთი რამ უკანასკნელად 102 წლის წინ, 1908 წელს მოხდა, როდესაც ციმბირში „ტუნგუსკის მეტეორიტი” ჩამოვარდა და 2 ათასი კვადრატული კილომეტრის რადიუსში მთელი ტყე მიწასთან გაასწორა. ითვლება, რომ ეს იყო მცირე ზომის კომეტა ან მისი ნატეხი.

კომეტები შედგება ქვის, მტვრის და გაყინულ მდგომარეობაში მყოფი წყლის,  ნახშირორჟანგის, მეთანის და სხვა ნივთიერებებისგან. ყინულის დიდი რაოდენობისა და მტვრის გამო კომეტებს ხანდახან „ჭუჭყიან თოვლის გუნდას” ეძახიან. მათში ნაპოვნია ორგანული ნაერთებიც, რომლებიც სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმის წყაროს წარმოადგენენ. 1986 წელს ჰალეის კომეტის მტვრის ნაწილაკების ანალიზმა აჩვენა, რომ ის იყო ორგანული ნაერთებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სხეული მზის სისტემაში.

ამიტომაც გაჩნდა მოსაზრება, რომ დედამიწასთან დაჯახებისას კომეტებმა წყალი და ორგანული ნივთიერებები – ყოველ შემთხვევაში, მათი დიდი ნაწილი – მზის სისტემის განაპირა რეგიონებიდან შემოიტანეს. მოგვიანებით, როდესაც ჩვენი პლანეტა საბოლოოდ ჩამოყალიბდა, სწორედ აქ შეიქმნა ისეთი პირობები, რომელთაც ამ ნივთიერებებისგან სიცოცხლის წარმოშობას შეუწყვეს ხელი. სხვა პლანეტებზე კი, რომელთაც ასევე ეჯახებოდნენ ეს ციური ლოდები, ასეთი პირობები ვერ შეიქმნა. მთვარის ზედაპირიც დასერილია კომეტებისგან მიყენებული „ჭრილობებით”. ასტრონომები დიდი ხანია ვარაუდობდნენ მასზე წყლის არსებობას, რაც ახლახან ნასას ერთ-ერთმა მისიამ იპოვა.

მრავალი საუკუნის განმავლობაში (და ზოგიერთთათვის დღესაც) „კუდიანი ვარსკვლავის” გამოჩენა ავისმომასწავებელი ნიშანი იყო, პანიკასა და შიშს თესავდა ადამიანებში. ითვლებოდა, რომ ზოგისთვის სიკვდილი მოჰქონდა, ზოგისთვის კი – ბრძოლის ველზე დამარცხება. მართალია, ამავე დროს ვიღაც იბადებოდა, ხოლო ბრძოლას არა მარტო დამარცხებული, არამედ გამარჯვებულიც ჰყავდა, მაგრამ ეს „ნათელი” მხარეები რატომღაც არავის ახსენდებოდა და მათ კომეტებს არ „უთვლიდნენ”. მაგალითად, მარკ ტვენის დაბადებისა და გარდაცვალების წლებში – 1835 და 1910-ში – ზეცას ორივეჯერ ჰალეის კომეტა სტუმრობდა. არც სტიქიურ უბედურებებთანაა მათი კავშირი დადგენილი. ამიტომ, ძნელი გასაგებია, რატომ დაიმსახურა ასეთმა მშვენიერმა ციურმა სანახაობამ ესოდენ ცუდი რეპუტაცია. 1997 წელს ჰალე-ბოპის კომეტის გამოჩენამ აშშ-ში ერთ-ერთი საზოგადოების წევრთა მასობრივი სუიციდი გამოიწვია – 39 ადამიანმა ერთდროულად მოიკლა თავი. მათ სჯეროდათ, რომ ამგვარად მათი სულები ამ კომეტაზე მოხვდებოდნენ და უცხო პლანეტაზე გადასახლდებოდნენ.

უნდა ითქვას, რომ კომეტების მიერ სიცოცხლის შემოტანის თეორიას ყველა მეცნიერი არ იზიარებს. სკეპტიკოსები თვლიან, რომ კომეტები ვერ „მოზიდავდნენ” ასეთი დიდი რაოდენობით წყალს, როგორიც დედამიწაზეა. მომავალი კვლევები გვიჩვენებს, უნდა ვუმადლოდეთ თუ არა ჩვენს არსებობას იმ ციურ სხეულებს, რომელთა გამოჩენისაც ადამიანს მრავალი საუკუნის მანძილზე პანიკურად ეშინოდა.

კომენტარები