აშშ სენატის რეზოლუციის პროექტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად

111-ე კონგრესი, მეორე სესია

გამოხატავენ რა სენატის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიმართ პატივისცემას,

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ქალბატონმა შეჰინმა (დემოკრატი, ნიუ ჰემპშირი) და ბატონმა გრემმა (რესპუბლიკელი, სამხრეთი კაროლინა) ეს რეზოლუცია შეიტანეს კომიტეტში

რეზოლუცია

გამოხატავს რა სენატის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიმართ პატივისცემას,

იმის გათვალისწინებით რომ 1993 წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 36 რეზოლუცის მიერ;

იმის გათვალისწინებით, რომ ჰელსინკის საბოლოო აქტში, რომელიც მიღებულ იქნა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციაზე 1975 წელს, ნათქვამია, რომ ყველა მხარემ ”უნდა მიიჩნიოს ყველა სხვა მხარის საზღვრები, როგორც დაურღვეველი,” და რომ ”მონაწილე ქვეყნებმა თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის ტერიტორიების სამხედრო ოკუპაციის ობიექტად ქცევისგან”;

იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია, ხელმოწერილი 2009 წლის 9 იანვარს, ხაზს უსვამს, რომ ”ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლის, ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების დაურღვევლობა შეადგენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს;”

იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წლის ოქტომბერში საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა განაცხადა, რომ ”აშშ არასდროს იტყვის უარს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი;”

იმის გათვალისწინებით, რომ თეტრმა სახლმა 2010 წლის 24 ივლისს გამოაქვეყნა ფაქტების სია, სადაც მოუწოდა რუსეთს ”დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია,” და ”დააბრუნოს საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო დამკვირვებლები;”

იმის გათვალისწინებით, რომ ვიცე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა თბილისში, 2009 წლის ივლისში განაცხადა, რომ აშშ” არ აღიარებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს” და მოუწოდა მსოფლიოს ”არ აღიარონ [აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი] დამოუკიდებელ სახელმწიფოებად”;

იქიდან გამომდინარე, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტმა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის სამოქალაქო და სამხედრო მსხვერპლი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დიდი რაოდენობით იძულებით გადაადგილებული პირის გაჩენა გამოიწვია;

იქიდან გამომდინარე,რომ საქართველოსა და რუსეთს შორის  2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს, რომ რუსული ჯარები უნდა დაუბრუნდნენ კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებს;

იქიდან გამომდინარე, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს რომ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი წვდომა 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულ რეგიონებში;

იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო კრისიზის ჯგუფმა 2010 წლის 7 ივლისს სამხრეთ ოსეთის შესახებ თავის ანგარიშში დაასკვნა, რომ ”მოსკოვს არ შეუსრულებია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი დაპირებები, და ამ რეგიონის მკვიდრი დაახლოებით 20 ათასი ეთნიკური ქართველი კვლავ იძულებით გადაადგილებაში რჩება”;

იმის გათვალისწინებით, რომ Human Rights Watch-მა  2010 წლის მსოფლიო ანგარიშში დაასკვნა, რომ ”რუსეთი კვლავ აკონტროლებს სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს და საერთაშორისო დამკვირვებლებისა და საერთაშორისო მისიების ამ რეგიონებში ყოფნას ვეტოს ადებს”;

იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წლის ოქტომბერში რუსული ჯარები გავიდნენ ქართულ სოფელ პერევიდან;

იმის გათვალისწინებით, რომ პერევიდან რუსული ჯარების გასვლა დადებითი ნაბიჯია, თუმცა ეს არ ნიშნავს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას;

იმის გათვალისწინებით, რო 2010 წლის 23 ნოემბერს ევროპის პარლამენტისადმი მიმართვის დროს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ საქართველოს ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღსადგენად ძალას არ გამოიყენებდა;

იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა 2010 წლის 5 ივლისს თბილისში განაცხადა, რომ ”ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთისადმი მოწოდებას, რომ დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს, ოკუპაციის დასრულებისა და აფხაზეთიდან და ოსეთიდან რუსული ძალების კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნების ჩათვლით;”

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა საქართველოში ეუთოსა და გაეროს სადამკვირვებლო მისიების გახანგრძლივებას ვეტო დაადო, რითაც აიძულა ისინი დაეტოვებინათ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონები;

იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში განლაგებული რუსული ჯარები იქ წარმოდგენილი არიან გაეროს ან სხვა მრავალმხრივი ორგანიზაციის მანდატის გარეშე;

იმის გათვალისწინებით, რომ სენატი მხარს უჭერს შეერთებული შტატების ძალისხმეას რუსეთის ფედერაციასთან პროდუქტიული ურთიერთობების დამყარებისთვის ორი ქვეყნის საერთო ინტერესების სფეროებში, მათ შორის ბირთვული იარაღის არგავრცელების, შეიარაღების კონტროლის, ირანის ხელისუფლების მიერ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საერთაშორისო ვალდებულებების არშესრულების საკითხზე თანამშრომლობის, ტერორიზმთან და მეკობრეობასთან ბრძოლის, ეკონომიკის, ვაჭრობის და სხვა; და

იმის გათვალისწინებით, რომ სენატი იზიარებს, რომ ეს ძალისხმევა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს შეერთებული შტატების დიდი ხნის პოლიტიკას, ჰელსიკნის საბოლოო აქტს და აშშ-ს მხარდაჭერას შეერთებული შტატების მოკავშირეებისა და პარტნიორებისადმი მთელი მსოფლიოს გარშემო: ასკვნის, რომ

სენატი

(1)   ადასტურებს, რომ აშშ-ს პოლიტიკა გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საზღვრების ურღვევობას,  და რომ ის აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს, როგორც საქართველოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს;

(2)   მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას რომ გადადგას ნაბიჯები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ყველა მოთხოვნისა და პირობის შესრულებისკენ, მათ შორის შეიარაღებული ძალების ომამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მისაწვდომობაზე კონფლიქტით დაზარალებულ ყველა ადამიანამდე.

(3)   დაჟინებით მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებს, უზრუნველყონ იძულებით გადაადგილებულ პირთა სრული და ღირსეული დაბრუნება და ასევე დააბრუნოს საერთშორისო სადამკვირვებლო მისიები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე.

(4)   მხარს უჭერს კონსტრუქტიულ ჩართულობას და ნდობის მოპოვებისადმი მიმართულ ზომებს საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებს შორის; 

და ადასტურებს, რომ რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობის მიღწევის გზა გრძელვადიანი დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგია. 

კომენტარები