ასიმეტრიული პასუხი სამშვიდობო ინიციატივაზე

საქართველომ ცალმხრივ სამშვიდობო შეთავაზებაზე კვლავ არაადეკვატური პასუხი მიიღო. ოკუპირებული ტერიტორიების მმართველმა რეჟიმებმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცალმხრივად დეკლარირებული სამშვიდობო ტექსტი პრაქტიკულად გაიმეორეს, რითაც საკუთარი თავის კვლავ კონფლიქტის მხარედ წარმოჩენა სცადეს.

ინიციატივის მთავარმა ადრესატმა, რუსეთმა საქართველოს წინადადებას დამატებითი შეიარაღების შემოტანით უპასუხა: სააგენტო ინტერფაქსის ინფორმაციით, ცხინვალთან ახლოს განთავსდა გვარდიის რეაქტიული არტილერიის ცალკეული დივიზიონი, რომელიც აღჭურვილია “სმერჩის” ტიპის შეტევითი საარტილერიო სისტემებით. აღსანიშნავია, რომ ”სმერჩის” მოქმედების დისტანცია (ჭურვის სახეობიდან გამომდინარე) 70-დან 90კმ-მდეა. “სმერჩის” ტიპის სისტემები მოქცეულია ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებით დადგენილ შეზღუდვებში, რომელსაც რუსეთი 2007 წელს გამოეყო. ამ სისტემების განლაგებით რუსეთმა პრაქტიკულად ცეცხლის ხაზზე მოაქცია საქართველოს დედაქალაქი.

ამას წინ უძღოდა 3 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის ე.წ. მეოთხე სამხედრო ბაზაზე დამატებითი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შეყვანის შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეიარაღების ზრდას საგანგებო განცხადება მიუძღვნა.  განცხადებაში საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობასა და  ორგანიზაციებს, ჯეროვანი შეფასება მისცენ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, გააქტიურონ ძალისხმევა, რათა აიძულონ რუსეთი შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და მოახდინოს საქართველოს დეოკუპაცია.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმთან დადებული სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულების თანახმად, ცხინვალის რეგიონში რუსეთს განთავსებული ჰყავს რუსეთის არმიის მეოთხე ბრიგადა, რომელშიც ოფიციალურად 3800 სამხედრო ირიცხება. ჯარი ცხინვალისა და  ჯავის ტერიტორიაზე, ასევე სოფელ ყანჩავეთში, ახალგორის რაიონშია განლაგებული. რუსეთი აღადგენს და აშენებს იმ სატრანსპორტო მარშრუტებს, რომლებსაც ორმაგი, სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულება აქვთ. საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის მონაცემებით, მხოლოდ ტრანსკავკასიური ტრასისა და როკის გვირაბის აღდგენისთვის რუსეთი 35 მილიარდი რუბლის (1.2 მილიონი დოლარის) დახარჯვას გეგმავს. კრემლი ჯავასა და ახალგორში ვერტმფრენების აეროპორტების აშენებასაც აპირებს, რასთან დაკავშირებითაც უკვე ტენდერებიც ჩაატარა. 900-მდე ე.წ. მესაზღვრე კი რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიისა და დანარჩენი საქართველოს გამყოფ საზღვარზე ჰყავს განლაგებული.

ანალოგიური ე.წ. ხელშეკრულება სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ დადებულია რუსეთის ხელისუფლებასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორისაც.  შეთანხმების თანახმად, რუსეთის ძირითადი სამხედრო ბაზის და შტაბის განლაგების ადგილია გუდაუთა, ყოფილი საბჭოთა არმიის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ტერიტორია. ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმებებით, როგორც რუსული მედია წერს, რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უახლოესი 45 წლის მანძილზე დაახლოებით 5-7 ათასი ჯარისკაცი ეყოლება. ასევე კრემლს დაექვემდებარება რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა, საარტილერიო და საზენიტო-სარაკეტო სისტემები, ავიაცია და შავი ზღვის დამხმარე ფლოტი ოჩამჩირეში. 2010 წლის აგვისტოში ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ  რუსეთმა აფხაზეთში ჯერ კიდევ 2008 წელს C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განათავსა. 

კომენტარები