მესამე გზა კავკასიისთვის

საქართველოს ახალი საგარეო პოლიტიკური აქცენტი დღეს ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის იდეაზე გადის. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობას ქვეყანა კავკასიურ კონტექსტში დაანახოს და ჩრდილოეთ კავკასიას განვითარების  ე.წ. მესამე გზა შესთავაზოს.  

ჩრდილოეთ კავკასიას უკვე კარგა ხანია დენთის კასრს ადარებენ, რომლიდანაც დროდადრო ცეცხლის ალი მოჩანს. 2010 წელს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის შექმნამ შედეგი ვერ გამოღო. რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმაც ღიად აღიარა, რომ სიტუაცია სამოქალაქო ომს ემსგავსება.

რუსეთის უსაფრთხოების ძალები სასტიკად და დაუსჯელად მოქმედებენ, რაც საპასუხო რეაქციას და სიტუაციის შემდგომ რადიკალიზაციას იწვევს.

ჩეჩნეთში დღეს შექმნილი სიტუაცია 1990-იანი წლებისგან განსხვავდება. მაშინ ანტისახელმწიფოებრივი მიზნები იყო წამყვანი, ახლა ამას რელიგიური, ისლამისტური მიზნები ემატება. პარალელურად, არსებობს მოსაზრება, რომ ჩეჩნური (ისლამისტური) წინააღმდეგობა შარიათის კანონებით რუსეთის ფარგლებში დათანხმდება, რაც სასარგებლო ორივე მხარისთვის იქნება, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებთან არ თავსდება.

პროფესორ გია ნოდიას განმარტებით, იმ ვითარებაში, როცა ჩრდილოეთ კავკასიელები ორი არჩევანის – პუტინი ან რადიკალური ისლამი – წინაშე დგანან, საქართველოს მათთვის ახალი – მშვიდობიანი ევროპული გზის შეთავაზება შეუძლია.

სადისკუსიო ტრიბუნად საქართველომ უკვე შესთავაზა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს კონფერენციები, რომლებიც 2010 წლის მარტსა და ნოემბერში თბილისში ილიას უნივერსიტეტისა და ჯეიმსთაუნის ფონდის ორგანიზებით გაიმართა. 

ამას გარდა, ახალი პოლიტიკის ფარგლებში 2010 წლის დასაწყისში საქართველოში კავკასიური არხის გახსნა ოფიციალურად გამოცხადდა. თებერვალში პარლამენტში შექმნილმა სპეციალურმა კომიტეტმა ჩრდილოეთ კავკასიელებთან ურთიერთობის დარეგულირება დაისახა მიზნად. მარტში თბილისში გამართული კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტს ჩერქეზთა გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართეს. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ცხადი საქართველოს ახალი საგარეო კურსის იმ მიმართულების შინაარსი, რომელსაც 2010 წლის სექტემბერში სააკაშვილმა, გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლისას „მშვიდობიანი, სტაბილური და ერთიანი კავკასიის” პოლიტიკა უწოდა. ოქტომბერში საქართველომ ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთათვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი შემოიღო. ქვეყნის პარლამენტში უკვე შესულია ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხი და წინასწარი განცხადებებიც კეთდება იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი 2011 წლის გაზაფხულზე მიიღებს. ეს ჩერქეზთა საკითხს ახალ – იურიდიულ განზომილებაში გადაიყვანს. საქართველოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, მისაბაძი გახდეს ბალტიის სახელმწიფოების პარლამენტებისთვისაც. ეს კი ჩერქეზთა პოლიტიკური ოცნების და მრავალწლიანი პოლიტიკური ბრძოლის წარმატებულ შედეგად შეიძლება იქცეს. ამასთან, ეს საკმაოდ მტკივნეული დარტყმა იქნება რუსეთისთვის, რომელიც 2014 წელს ოლიმპიადის ჩატარებას სწორედ იმ ტერიტორიაზე აპირებს, სადაც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ათასობით ჩერქეზს გენოციდი მოუწყვეს.

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, ყაბარდო-ბალყარეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სუფიან ჟემუხოვი წერს, რომ საქართველოს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულმა ძალისხმევამ უკვე გამოიღო შედეგი. ჩერქეზთა გენოციდი რუსეთში დისკუსიისთვის მიღებულ და აღიარებულ თემად იქცა. ისტორიკოსები და ანალიტიკოსები 1864 წლის მოვლენებს ჩერქეზი ხალხის ტრაგედიად განიხილავენ. ეს დიდი მიღწევაა იმ წარმოდგენებთან შედარებით, რომელიც დისკუსიებზე მანამდე დომინირებდა. მაშინ ჩერქეზებს როგორც ყაჩაღებს, ისე მოიხსენიებდნენ. თითქოსდა ისინი მშვიდობიან რუსულ ჯარს საზღვარზე თავს ესხმოდნენ.

 საქართველოს როლზე საუბრისას უფრო ფრთხილი შეფასებები აქვთ ჩრდილო კავკასიის ნაციონალისტური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მაგალითად ჩერქეზთა კონგრესის ერთ-ერთ ლიდერს რუსლან კაშევს ანაც ადიღეის ჩერქეზთა კონგრესის ხელმძღვანელს მურატ ბერზაგოვს. ამ სიფრთხილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებია. მიუხედავად ამისა, მედიასთან საუბრისას ჩერქეზთა კონგრესის ლიდერები აცხადებენ, რომ განხეთქილება საქართველოს როლთან დაკავშირებით ამ საკითხში ჩერქეზულ ორგანიზაციებს შორის არ არსებობს. აფხაზებისგან ისინი ამ პროცესისადმი, სულ მცირე, ჩუმ თანხმობას ელიან. პარალელურად, მედიაში ჩნდება მოსაზრებები იმაზეც, რომ საქართველოს კავკასიური პოლიტიკის წარმატებამ არჩევანის წინაშე ოკუპირებული ერებიც კი შეიძლება დააყენოს, რომელნიც დღეს ისედაც რუსეთის მიერ ასიმილირების საფრთხის წინაშე იმყოფებიან.

საქართველოს ახალი – კავკასიური პოლიტიკის კომენტირებისას ჟურნალისტები ხშირად იმ საფრთხეებზე აკეთებენ აქცენტს, რაც რუსეთისადმი ამ დარტყმის მიყენებამ შეიძლება გამოიწვიოს. ევრაზიანეტი 2002 წელს იხსენებს და წერს, რომ საქართველო რუსეთს იმავე მეთოდით პასუხობს, რაც კრემლმა აფხაზეთსა და ოსეთში გამოიყენა. ევრაზიანეტი იხსენებს, რომ მაშინ რუსეთმა საქართველოს, ტერორისტთა მხარდაჭერის მოტივით, ბრალი დასდო და ქვეყნის ტერიტორიების წერტილოვანი დაბომბვა განახორციელა. თუმცა, ამავდროულად, მედიაში საუბარია იმაზეც, რომ რუსეთთან ურთიერთობები ისედაც უკიდურესად დაძაბულია. 

ქართული ინიციატივების მიმართ ჩრდილო კავკასიელთა ინტერესი სულ უფრო იზრდება. მშვიდობიანი კავკასიის ასიმეტრიული პოლიტიკა გააძლიერებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას. საერთაშორისო მხარდაჭერის გამოხატულებად ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლისადმი დიდი ყურადღება შეიძლება ჩაითვალოს. 

კომენტარები