რატომ ვზრდით სიღარიბეს ხელოვნურად?

რამდენიმე დღის წინ მანქანაში რადიოთი სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გამოსვლა ერთმანეთის მიყოლებით მოვისმინე. აშკარად თბილისის საკრებულოს სხდომას გადმოსცემდნენ, სიტყვით გამომსვლელები თბილისის ბიუჯეტზე საუბრობდნენ. დასაწყისში თითოეული მათგანი უგულავას რაღაცის გამო მადლობას უხდიდა, შემდეგ თბილისის ბიუჯეტს აკრიტიკებდა. 7 წუთში სამივე ბევრ თემას შეეხო, მაგრამ ერთი საერთო წუხილი აშკარად გამოიკვეთა. პოლიტიკოსებს გაჭირვებულებისათვის დასარიგებელი ფულის სიმცირე აწუხებდათ. ერთ-ერთმა თქვა, არ ვითხოვ ას დოლარ პენსიას, „საარსებო მინიმუმის” ტოლი მაინც იყოსო.

მეც მაწუხებს საარსებო მინიმუმის საკითხი. ალბათ სხვა შემთხვევაშიც შემაწუხებდა, მაგრამ ამჯერად განსაკუთრებული მიზეზი მაქვს. თითქმის ერთი წელია, საარსებო მინიმუმის დათვლა მევალება. ამიტომ ალბათ მმართებს კიდეც საჯაროდ შევეცადო გავარკვიო “საარსებო მინიმუმის” სახელით ცნობილი საზომი ერთეულის შინაარსი და პრობლემები.
 
რამდენიმე ფაქტი საკმარისი იქნება ამ საზომი ერთეულის მნიშვნელობის შესაფასებლად. ფრაზა მოხსენიებულია საქართველოს კონსტიტუციაში, ამიტომ მის გაანგარიშების წესს სპეციალური კანონი ეძღვნება. კანონი ამბობს, რომ საარსებო მინიმუმი არის სოციალური ორიენტირი, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილების გასაგებად და ღარიბი ნაწილისათვის მიზნობრივი დახმარების პოლიტიკის გატარებისათვის. 
 
შეიძლება ფრაზა „საარსებო მინიმუმს” ჰქონდეს ორიენტირის მნიშვნელობა პროფესიონალი სტატისტიკოსისათვის ან მეცნიერისათვის, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისათვის, დამეთანხმებით, შეუძლებელია. „საარსებო მინიმუმი” ჟღერს, როგორც სიცოცხლისათვის აუცილებელი შემოსავლის საზომი. ამ შემოსავალზე ნაკლები, შიმშილობის გამო სხეულის წონის შემცირებას და შემდეგ სიკვდილს უნდა იწვევდეს.
 
ამიტომაც ლოგიკურად და ლეგიტიმურად ჩანს პოლიტიკოსების სურვილი, ამომრჩეველს აჩვენონ თანამოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლის მაგალითი. არათუ პოტენციური დახმარების მიმღები ღარიბი, არამედ გადასახადის გადამხდელი შეძლებული ამომრჩეველიც ბუნებრივია დადებითად განეწყობა, როდესაც პოლიტიკოსები ითხოვენ გადასახადის სამართლიან გადანაწილებას. რა შეიძლება იყოს შიმშილის და არსებობის საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანებისათვის დახმარებაზე უფრო სამართლიანი? ამიტომაც არასახელისუფლებო პოლიტიკური ძალების მოთხოვნა, მიზნის მისაღწევად მეტი ფულის ხარჯვაა.
 
მეორე მხრივ, ხელისუფლებამ ბოლო 5 წლის მანძილზე ე.წ. სოციალური ხარჯები გაზარდა 6-ჯერ, ხოლო ამ პერიოდის ინფლაციის გათვალისწინებით დაახლოებით 4-ჯერ. ბიუჯეტიდან დახმარების მიმღებთა რაოდენობა გაორმაგდა. შესაბამისად, მთავრობას აქვს სურვილი, აჩვენოს, რომ გატარებულმა პოლიტიკამ გამოიღო გაზომვადი შედეგი. მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული სპეციალური კვლევები აჩვენებს, რომ სიღარიბე შემცირებულია. სიღარიბის შემცირების მიზეზად ღარიბებისათვის მიზნობრივად გაწეული დახმარება და მოხუცებულებისათვის არამიზნობრივი, მაგრამ მიზნობრივთან შედარებით თითქმის 6-ჯერ დიდი საპენსიო პროგრამაა. ამიტომ ბუნებრივია მთავრობის სურვილი, სოციალურ სფეროში წარმატება პატრულისა თუ ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების მსგავსად აღიარებული იყოს.
სტატისტიკის სამსახური ორ შინაარსობრივად დაკავშირებულ მონაცემს იკვლევს და მათ ცვლილებას აკვირდება. პირველია საარსებო მინიმუმი, რომლის ძირითადი შემადგენელია სასურსათო კალათა. კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისაგან, რომლის საშუალო საბაზრო ფასის გარკვევის შედეგად დგინდება რა ჯდება კვება. კვება მიჩნეულია მოხმარების 70%-ად, ხოლო დანარჩენ 30%-ს ეწოდება „არასასურსათო ხარჯები”.
მეორე მონაცემია შინამეურნეობების ეკონომიკური მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის შემოსავლები და ხარჯები დგინდება. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა შესაძლებელია განვალაგოთ შემოსავლების ზრდის მიხედვით, დავაჯგუფოთ და გავიგოთ თითოეული ჯგუფის შემოსავალი. თუ მოსახლეობის შემოსავალი და არსებობისათვის საჭირო მინიმუმი ცნობილია, მარტივად ვიგებთ რამდენ ადამიანს აქვს არსებობასთან დაკავშირებული პრობლემა. 
სტატისტიკის სამსახურის მონაცემების სიზუსტეში დარწმუნებული ადამიანი ჯერ არ მინახავს, მაგრამ საინტერესოა მიკერძოების მიმართულება. საჯარო სტატუსიდან და საბიუჯეტო დაფინანსებიდან გამომდინარე, მასზე ხელისუფლების გავლენა ლამის დადასტურებულ ფაქტად მიიჩნევა. მთავრობა ოფიციალურ სტატისტიკას იშვიათად იყენებს ან ცდილობს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ალტერნატიული კვლევით მის გამყარებას. მოწინააღმდეგე მხარე თვლის გაყალბებულად, თუმცა, თუ გაყალბების მიუხედავად სტატისტიკური მონაცემები მაინც საკმარისია მისი პოზიციის გასამყარებლად, მაშინ ოფიციალური სტატისტიკა ეჭვს აღარ იწვევს და ფაქტად გადაიქცევა.
სპეციალისტებში საარსებო მინიმუმის გაანგარიშებაში რიგი შეცდომები ეჭვს არ იწვევს. შეუძლებელია მოხმარებული პროდუქტების ჩამონათვალი ხელმოკლე ოჯახებში სეზონურად არ იცვლებოდეს. მეორე, შეუძლებელია ამ პროდუქტების ფასები იყოს გაზომილი ისე, თითქოს საკვებ პროდუქტებს სხვადასხვა შემოსავლის მქონე ადამიანები ერთნაირ ფასად ყიდულობდნენ. მესამე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ დადგენილი პროდუქტების ჩამონათვლიდან თუ რომელიმე პროდუქტის ფასი გაიზარდა და აისახა სასურსათო კალათის ღირებულებაზე, ის ასეთივე პროპორციით აისახება ოჯახის ხარჯებზე. რადგან ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ხარჯების ოპტიმიზაცია, ისეთ შემცვლელ პროდუქტს შეიძენს, რომლის ფასი არ შეცვლილა.
კიდევ უფრო ნათელი პრობლემებია ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის კვლევასთან დაკავშირებით. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის შემოსავლები საოცრად დაბალია. შინამეურნეობები 2.5-ჯერ ნაკლებს მოიხმარენ ვიდრე საქართველოში იქმნება პროდუქცია. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით გვაქვს რეალობის ორმაგად დამახინჯებული სურათი: საარსებო მინიმუმი შეცდომით გაზრდილია, მოსახლეობის შემოსავლები – შეცდომით შემცირებული.
 
გთავაზობთ ყოველგვარი სპეციალური ცოდნის გარეშე მხოლოდ საღ აზრზე დაყრდნობით შევაფასოთ, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით.
 
1 კითხვა: რამდენ ხანს შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა საარსებო მინიმუმის ნახევარი შემოსავლის შემთხვევაში? 
ჩემი სავარაუდო პასუხია ექვსი თვე. 
 
2 კითხვა: რამდენ საქართველოს მოქალაქეს აქვს საარსებო მინიმუმის ნახევარზე ნაკლები შემოსავალი ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით?
ოფიციალური სტატისტიკის პასუხი: საარსებო მინიმუმის ნახევარზე ნაკლები შემოსავალი დაახლოებით 1,500,000 ადამიანს აქვს.
ინფორმაციისათვის: საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი დაახლოებით 2,500,000 ადამიანს აქვს. რაც ყველაზე მეტად დაუჯერებელია, დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანის შემოსავალი საარსებო მინიმუმის 15%-ია. 
 
თუ ამას გონიერი ადამიანი დაიჯერებს, მაშინ მან უნდა დაიჯეროს, რომ გაზაფხულამდე საქართველოს მოსახლეობა, სულ ცოტა, ნახევარი მილიონით შემცირდება.
 
შორს ვარ იმ აზრისაგან, თითქოს ქვეყანაში რომელიმე კონკრეტულ მომენტში არავის შია ან არასრულფასოვნად არ იკვებება, მაგრამ ჭორადაც არ გამიგია, რომ სადმე საქართველოში ვინმე შიმშილით გარდაცვლილიყო.
 
სტატისტიკაში ერთი წლის წინ რეფორმა დაიწყო. ცდილობენ გამოასწორონ შეცდომები, რომლებიც 1996 წლის შემდეგ დაგროვდა. მაგრამ რეფორმა ნელი ტემპით მიმდინარეობს. რაციონალურ ადამიანს გაუჩნდება კითხვა, რატომ არ შეიძლება წარსულის ფეხებზე დაკიდება და კვლევების სწორი მეთოდოლოგიით პუნქტუალურად კეთება?
 
სამწუხაროდ, რადიკალურ რეფორმას ობიექტურ ფაქტორებზე მეტად სუბიექტური უშლის ხელს. მაგალითად, რადიკალური რეფორმის საწინააღმდეგო არგუმენტი შეიძლება იყოს ახალი და ძველი წესით მიღებული ინფორმაციის შედარებადობა. ანუ თუ დღევანდელი წესით სტატისტიკას ვაწარმოებთ 1996 წლიდან და მეთოდოლოგიას შევცვლით, ახალი მონაცემები (მერე რა, რომ უფრო ზუსტი) აღარ იქნება შედარებადი ძველ (მერე რა, რომ არაზუსტ) მონაცემებთან. ამიტომ შეუძლებელი გახდება ე.წ. დროით მწკრივზე ანუ ცვლილებაზე დაკვირვება.
 
ხელის შემშლელი მოსაზრება ასეთია: თუ საარსებო მინიმუმისა და ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის კვლევის მეთოდოლოგია შეიცვალა, კვლევების ხარისხი გაუმჯობესდა და ახალი მონაცემები ძველისაგან მკვეთრად განსხვავებული, ღმერთმა დაიფაროს და, უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი აღმოჩნდება, მაშინ დაგვბრალდება ხელისუფლების დაკვეთით მუშაობა.
 
ვფიქრობ, სხვადასხვა სახის შიშის მიუხედავად, ცვლილებას ალტერნატივა არ აქვს. ცვლილების გარეშე ვერასოდეს გავიგებთ:
 
• მოსახლეობის რეალურ შემოსავლებს;
 
• საბიუჯეტო ხარჯების მიზნობრიობას; მართლა ღარიბებს ვახმართ ბიუჯეტის სახსრებს თუ შეძლებული ოჯახები უფრო მეტად სარგებლობენ?
 
• რამდენი ფული გვაქვს გადასახდელი, რათა ჩვენ ირგვლივ ნამდვილად არავინ შიმშილობდეს, უნარიან შვილს განათლების გარეშე არ ტოვებდეს და სამედიცინო დაზღვევაში ფულის გადახდას ვერ ახერხებდეს?
 
ჩემი აზრით, ამ კითხვებზე სწორი პასუხების ცოდნის შემთხვევაში შეიძლება სიღარიბეზე, ბიუჯეტის ხარჯების ზომაზე და დასახმარებელთა შერჩევაზე დისკუსია და რაციონალური პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. 

 

კომენტარები