სახალხო კრების ხვალინდელი აქციისთვის მზადებამ კულმინაციას მიაღწია

დღეს დილით წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი — ეკა ბესელია, ირაკლი ბათიაშვილი და ნონა გაფრინდაშვილი, რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა დალოცა. "ქვეყნის გადასარჩენად ერი და ბერი ფეხზე უნდა დადგეს", — განაცხადა მეუფე იობმა და სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფს ”წარმატება და მხნეობა” უსურვა.  

დღესვე წარმომადგენლობითი კრების ლიდერები საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორ გია ჭანტურიას შეხვდენენ და პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება მოსთხოვეს. ჭანტურიამ ამაზე უარი განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ კრების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვრცელ რეპორტაჟს მოამზადებს.

აღსანიშნავია, რომ 2007 წელს ირაკლი ოქრუაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩაბმისას ყოფილი თავდაცვის მინისტრის მხარდამჭერად და სულიერ მოძღვრად სწორედ მეუფე იობი მოგვევლინა. იობის სახელი ხშირად ჩნდებოდა ბადრი პატარკაციშვილის იმედის პოლიტიკურ გადაცემებში.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მეუფე იობის კურთხევით გამომავალ ჟურნალ ქვაკუთხედში სკანდალური მასალა გამოქვეყნდა, სადაც გამოითქვა აზრი, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოში ჩამოგდებული ბომბები ღვთის სასჯელი იყო, რადგან ”უფალმა არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვა საქართველოს ზედმეტი დაახლოება დასავლეთის ქვეყნებთან, მაგრამ აკურთხა მისი რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა”.

წარმომადგენლობითი სახალხო კრება საქართველოს პარლამენტის შენობასთან ხვალ 15:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორთა განცხადებით, ღონისძიებაში მთელი საქართველოდან, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერთა გარდა, კრების 12 ათასზე მეტი დელეგატი მიიღებს  მონაწილეობას. ისინი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ უნდობლობის გამოცხადებასა და მისი გადადგომის მოთხოვნას გეგმავენ.

თავიდან სახალხო კრებას ერთადეთი ოპოზიციური ძალა, ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო უჭერდა მხარს. თუმცა, გასულ კვირას წარმომადგენლობით სახალხო კრებას შეუერთდა ეროვნული ფორუმი, რომელიც მმართველ პარტიასთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებებში მონაწილეობს და ეროვნული საბჭო — კონსერვატიული პარტიისა და ხალხის პარტიის (ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი) გაერთიანება.

პარლამენტის წინ შეკრებაზე მივა ქართული აკადემიაც. თუმცა,  სახალხო კრების საორგანიზაციო საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებს და არც აქციის მიმდინარეობაზე პასუხისმგებლობას იკისრებს.

კრების ორგანიზატორების განცხადებით, მათ სურთ 25 ნოემბერი პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის “დასასრულის დასაწყისად” აქციონ.  „ფართომასშტაბიანი აქციის შემთხვევაში მიზნის მიღწევის დრო უფრო შემჭიდროვდება, მცირემასშტაბიანი აქციის შემთხვევაში, მეტი დრო იქნება საჭირო სააკაშვილის გადადგომის მისაღწევად” — განაცხადა ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ.

რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდული ორგანიაზაცია 7 ნოემბრის ხელმძღვანელმა ჯაბა ჯიშკარიანმა რუსულ გამოცემა dni.ru-ს განუცხადა, რომ ოპოზიციური ახალგაზრდული გაერთიანებები ერთ ორგანიზაციად გარდაიქმნებიან, რომელსაც ”საქართველოს გამათავისუფლებელი არმია“ ერქმევა. ”კვირაში რამდენჯერმე მოვაწყობთ აქციებს და გამოსვლებს. მივდივართ ვა-ბანკზე: გამოვაცხადებთ შიმშილობებს, გადავკეტავთ ქუჩებს, იქნება შეტაკებები პოლიციასთან,” — განაცხადა ჯიშკარიანმა.

კომენტარები