თბილისის 2011 წლის ბიუჯეტი მიღებულია

გუშინ საღამოს საკრებულომ თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტს “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. ოპოზიციურ ფრაქციათაგან, ბიუჯეტის მიღებაში მონაწილეობა მხოლოდ კუკავა-დავითაშვილის ”დედაქალაქმა” მიიღო.

დედაქალაქის 2011 წლის  ბიუჯეტი 2010 წელთან შედარებით 123 მილიონი ლარით შემცირებულია და 620 მილიონ ლარს შეადგენს. ახალი ბიუჯეტის პრიორიტებად რჩება ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური დახმარებები. ერთადერთი პროგრამა, რომლის დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება, "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლეა". 50%-ით მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები.

სფეროს პრიორიტეტულობის მიუხედავად, ბიუჯეტის შემცირება სოციალური პროგრამების დაფინანსებაზეც აისახა. სოციალური დაცვის დაფინანსებამ 125 მილიონიდან 112 მილიონამდე იკლო. ჯანდაცვისთვის მომავალ წელს 15.3 მილიონი დაიხარჯება, წლევანდელი 28.9 მილიონი ლარის ნაცვლად.

ცალკეული მიმართულებებით სოცილაური პაკეტები გაიზარდა. 70 ათასზე ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვისა და მრავალშვილიანებისთვის ყოველთვიური შემწეობისა და კომუნალური გადასახადების პაკეტები გაიზარდა 5-5 ლარით. ქალაქის ბიუჯეტმა იტვირთა მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის დაფინანსება. თბილისელი პენსიონერებისთვის ათლარიანი დანამატი შენარჩუნდა.

მცირდება ინგლისურისა და კომპიუტერის შესწავლის კურსების, იაფი კრედიტისა და მცირე ბიზნესმენთა ტრენინგების დაფინანსება. ლიფტების შეკეთება მომავალ წელს ბიუჯეტის ხარჯზე აღარ მოხდება.

თბილისის მერი ბიუჯეტის მიღებამდე ოპოზიციურ ფრაქციებს შეხვდა და მათი  წინადადებების ნაწილი გაითვალისწინა, თუმცა ოპოზიციონერთა უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ქრისტიან-დემოკრატებმა თავისი პოზიცია იმას დაუკავშირეს, რომ რეკომენდაცია 75 ლარიანი პენსიის საარსებო მინიმუმამდე, 150 ლარამდე, გაზრდის შესახებ, მერიამ არ გაითვალისწინა. ”ჩვენი ქალაქის” (ირაკლი ალასანიას ფრაქცია) წარმომადგენლების თქმით, ბიუჯეტი ზედმეტად შემცირებულია.

კომენტარები