ეს ესტრადაა

 რამე გაუგებრობას რომ არ ქონდეს ადგილი, ბარემ თავიდანვე ვიტყვი, რომ შეიძლება მე ვერ ვამჩნევ, თორემ ჩვენთან ყველაფერი კარგადაა. შეიძლება, მე ჩამოვრჩი დროს. შეიძლება, ცხოვრება დღეს სხვა მოთხოვნებს აყენებს, სხვა ნორმებს აწესებს, სხვა რამეს გაძლევს და შენგანაც სხვას ითხოვს, ვიდრე მე მგონია და წარმომიდგენია.

 
მაგალითად, მე მგონია, რომ, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ჩვენ გვაკლია როკი. უბრალოდ არ გვაქვს იგი, და შესაბამისად, არ გვყავს როკერები. არადა ხშირად სწორედ როკი იყო და არის ახალგაზრდების ერთ-ერთი მთავარი რუპორი, დადგენილი ნორმების წინააღმდეგ მიმართული, პროტესტის მუსიკა. ახლა კი, თუ ქართულ ესტრადას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ არც მთლად კარგად გვქონია საქმე. მუსიკა ხომ დროისა და საზოგადოების სულიერი მდგომარეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ილუსტრაციაა.
 
როკერების ნაცვლად გვყავს მუსიკოსები, რომელთაც ხელისუფლება ღირსების ორდენით აჯილდოებს ხოლმე. ასევე გვყავს მუსიკოსები, რომლებიც ქართულ ჯარს და პატრულს უმღერიან. დაე, უმღერონ, მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. იმიტომ, რომ ისინი როკერები არ არიან, არც ახალგაზრდების რუპორები და არც ნორმების წინააღმდეგ მებრძოლნი ბრძანდებიან. ამიტომ მე არ ვითხოვ მათგან პროტესტს, რადგან ვიცი, რომ ისინი მუდამ მომხრენი არიან. ეს მათი არჩევანია – უფრო ზუსტად, იმ ჟანრისა, რომელშიც ისინი მოღვაწეობენ. ასე რომ, გაუგებარი სწორედ მათი პროტესტი იქნებოდა.
 
მომწონს თუ არა მე როკი, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ის უნდა იყოს. უთუოდ უნდა იყოს პროტესტი და ახალგაზრდული ჯანყი. სხვანაირად წინ ვერ წავალთ, ვერ განვვითარდებით. ამისთვის კი ძლიერი ჯარიც და პატრულიც ზუსტად ისევეა ქვეყნისთვის აუცილებელი, როგორც პერმანენტული ლაშქრობები დადგენილი ნორმების წინააღმდეგ. ჩემი მოკლე ჭკუით, თუ არ ექნათ ახალგაზრდებს ჟინი და შემართება, რომ რაღაც ახალს შექმნიან, თუ არ იქნებიან ისინი რეალისტები და არ მოითხოვენ შეუძლებელს, და თუ არ იტყვიან გალაკტიონივით „ავანგრევ ქვეყანას და ხელახლა შევქმნი”, დიდხანს არაფერი გვეშველება.
 
როცა ვუყურებ „ღამის შოუთი” თუ „პროფილით” ზომბირებულ ხალხს, კიდევ უფრო მძაფრად ვგრძნობ ჩვენთან როკის უკმარისობას. ზომბის კი ვერაფერს მოთხოვ. სხვათა შორის, არც თვითონ მოგთხოვს. მას არც ჟინი აქვს და არც შემართება. ზომბი ვერც წინ მიდის, ვერც ვითარდება. ეს ნორმაა. კურიოზი კი იცით, რა არის? – რომ არსებულ ვითარებაში საქართველოს მთავარი როკერი ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის. რომელ ქართველ მუსიკოსს აქვს მასზე მეტი ჟინი და შემართება, მასზე შეუძლებელს ითხოვს, ან მასზე მეტს ანგრევს და ხელახლა ქმნის?
 
როგორც როკი, გვჭირდება რეპიც. რამდენადაც ხშირად ამ ვულგარულ, კიჩურ, ცინიკურ, რომანტიკულ, ფსევდორომანტიკულ, ბრუტალურ თუ ღიად აგრესიულ მუსიკაშიც დიდი დოზითაა ბევრი რამის მიმართ პროტესტი, აქაც ილაშქრებენ ნორმების წინააღმდეგ. სხვათა შორის, იმ ნორმების წინააღმდეგაც, რომელთაც თვითონ რეპერები ამკვიდრებენ. თავიანთ ფასეულობებსაც თვითონვე დასცინიან. იმიტომ, რომ იქ წესია ასეთი, იქ სხვანაირად არ მოსულა. ქართველი რეპერი კი რას აკეთებს ამ დროს? ქართველ პატრიოტებთან ერთად დაკუნტრუშებს. ნუთუ წარმოგიდგენიათ სნუპი ან, თუნდაც მეოჯახე ემინემი, რომელიც ბოისკაუტებთან ერთად აქნევს კურტუმოს ან ამერიკულ პოლიციას უმღერის?
 
ჩვენ არც როკერები გვყავს და არც რეპერები. მათ კი, ვისაც საპირისპირო აზრი აქვს, მინდა ვთხოვო: დამისახელეთ ერთი ქართველი როკერი ან რეპერი მაინც, რომლის პოსტერსაც შინ კედელზე დაიკიდებდით, რომლის სიმღერის ტექსტები, არა მარტო ზეპირად იცით, არამედ გიყვართ კიდეც.
 
დაბოლოს, კიდევ ერთი კურიოზი: ამ ქვეყანაში პრეზიდენტზე უკეთაც ვერავინ რეპავს და მასზე მეტ ფოტოსაც ვერ შეხვდებით სადმე კედელზე დაკიდებულს. ჩვენთან მარტო პრეზიდენტი როკავს და რეპავს. 
 

კომენტარები