საქართველოს ირანთან უვიზო მიმოსვლა ექნება

დღეს საქართველოსა და ირანს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტი ირანისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის 45-დღიან უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს. შეთანხმება ძალაში 2011 წლის დასაწყისში შევა, როდესაც დოკუმენტის რატიფიცირებას ორი ქვეყნის პარლამენტები მოახდენენ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩჰერ მოთაქმა ორი ქვეყნის დაახლოებას  რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა უწოდა. ბირთვული ენერგეტიკის საკითხზე ირანის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მოსალოდნელ ჩართვაზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა ”ირანი საქართველოსთვის და საქართველო ირანისთვის უნდა იყოს”. გრიგოლ ვაშაძემ  განაცხადა, რომ ირანს სრული უფლება აქვს განავითაროს ბირთვული ენერგეტიკა, მხოლოდ საერთაშორისო წესების სრული დაცვით.
 
შეხვედრას გამოეხმაურა რუსეთის საგარო საქმეთა სამინისტრო. მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ გამოთქვა იმედი, რომ ორი სახელმწიფოს დაახლოება მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არ იქნება მიმართული. ვინ იგულისხმა "მესამე ქვეყანაში", ნესტერენკოს არ დაუზუსტებია. 
 
გრიგოლ ვაშაძემ საქართველო-ირანის დაახლოების ეკონომიკურ მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2009 წელს ირანთან სავაჭრო ბრუნვა 36.6 მლნ აშშ დოლარი იყო,  ხოლო 2010 წლის 9 თვის მონაცემებით უკვე 41.8 მლნ-ი შეადგინა.  2010 წლის მონაცემები რეკორდულია ტურიზმის სექტორშიც. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ირანიდან საქართველოში შემოსულ ტურისტთა მაქსიმალური ოდენობა 2008 წელს – 10 ათასი ტურისტი იყო. წელს, 9 თვის მონაცემებით ირანიდან 18 ათასი ტურისტი დაფიქსირდა. შემოსულთა თითქმის ნახევარი აჭარას ესტუმრა, რასაც ზაფხულში თეირანი-ბათუმის პირდაპირი საავიაციო რეისების შესრულებამაც შეუწყო ხელი.
 
მინისტრთა შეხვედრის პარალელურად თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის ვაჭრობის პალატის ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით 20 კაციანი ეკონომიკური დელეგაციაც იმყოფებოდა.

კომენტარები