2016

ცოტა ხნის წინ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დაიხურა. საქმეში ჩახედულმა ხალხმა იცის, რომ ეს თითქმის ისეთივე მასშტაბის მოვლენაა, როგორც მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. იმ განსხვავებით, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყოველწლიურად იმართება. მსოფლიოში ბევრი სხვა წიგნის ბაზრობაც ეწყობა, მაგრამ მასშტაბურობით და თავისი მნიშვნელობით ფრანკფურტისას ვერც ერთი შეედრება.

წარმოიდგინეთ თბილისის რომელიმე უბნისხელა ოთხსართულიანი შენობის თითქმის ყოველი კვადრატული მილიმეტრი რომ წიგნს ეთმობოდეს. აქ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაა წარმოდგენილი, ამერიკით დაწყებული, მადაგასკარით დამთავრებული. თან თითოეული ქვეყნიდან რამდენიმე გამომცემლობას თავისი საკუთარი სტენდი აქვს.

ეს სტენდები ცალკე საუბრის თემაა. მაგალითად, ლატვიას წელს არა მარტო სტენდი, ყველა დანარჩენი ნივთიც, მაგიდისა და სკამების ჩათვლით, მუყაოსგან დაემზადებინა. ძნელია, სიტყვებით გადმოსცე მთელი ის სილამაზე და სიღრმე, რაც ამ მინიმალიზმში იყო ჩაქსოვილი. თითქოს არაფერი, არადა ყველაფერი ეს წარუშლელ კვალს ტოვებდა დამთვალიერებელზე. რომელიც, ცოდვა გამხელილი ჯობს, აქ მყიდველსა და გამყიდველზე მეტია. ფრანგებსაც ძალიან მაგარი სტენდები ქონდათ. ერთი განსაკუთრებით ორიგინალური იყო – შიგნიდან ნეონით განათებული მინის პატარა შედევრი. მინისა იყო სტენდის კედლებიც, სკამებიც და, ასე გასინჯეთ, ქვევიდან ამონათებული იატაკიც კი: მთლიანობაში უცხოპლანეტელთა ხომალდს ჩამოგავდა. არც არაბები ჩამორჩებოდნენ ვინმეს. გეგონებოდა, სტენდებს შორის რამდენიმე პატარა მეჩეთი ჩაუდგამთო, ზედ ოქროს არაბული წარწერებით და წვეტიანი თაღებით. მოკლედ, ფრანკფურტში ყველა თავგადაკლული ცდილობს, საკუთარი გამომცემლობა სხვათაგან რამით მაინც გამოარჩიოს. ახერხებენ კიდეც. ზოგს დამატებით სტენდის წინ მდგარ მაგიდაზე ტკბილეულობა უწყვია – ნაირგვარი ჩირი, შაქარლამა, ნუგა, ფოჩიანი კანფეტი, და ა.შ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მხოლოდ გეტყვით, რომ ფრანგებს შამპანური ესხათ ვიწროყელიან ბოკალებში, რუსებს კი სტენდის წინ პატარა ტანკი და ერთიც ნამდვილი ქვემეხი ედგათ. რომ აღარაფერი ვთქვათ იქვე მიწოლილ კამუფლაჟიან მექვემეხეზე. ტანკისტი არსად ჩანდა, ტანკში თუ იჯდა. ამიტომაც იყო, ალბათ, მათ სათოფეზეც კი რომ არავინ ეკარებოდა. ცხადია, გერმანელების გარდა. მერამდენე ათწლეულია, ესენი ერთ დიდ ვაი-უშველებელ ბოდიშს უხდიან რუსებს.

და კიდევ, ბევრ გამოცდილ და სახელიან გამომცემლობას სტენდის კედლებზე თავის ავტორთა შავ-თეთრი პოსტერები აქვს გამოკრული. ძალიან შთამბეჭდავია, როცა კედლიდან ვიღაც გიყურებს. ცხადია, ამ ავტორთა უმეტესობას პირველად და, სავარაუდოდ, უკანასკნელად ხედავ, თუმცა სათქმელია, რომ მათი თვალები იმდენად მეტყველია, რომ ძნელია, სტენდს უემოციოდ ჩაუარო. ბევრი მათგანი, ალბათ, შტერზე შტერია, თუმცა ფოტოდან მომზირალნი რაღაცნაირი ჭკვიანები და მსოფლიო სევდას ჩახვედრილები ჩანან. ჩემი აზრით, ურიგო არ იქნებოდა, იქ გამართულ ქართულ სტენდზე, რომელიც ისედაც საშუალო დონისაა, ავტორთა პოსტერები იყოს გამოკრული. თორემ თაროებზე შემოწყობილ ქართულენოვან გამოცემებს არანაირი გასავალი რომ არა აქვს, ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი. ისიც ხომ ცხადია, რომ ვერც პოლიგრაფიით შევეჯიბრებით სხვებს. პოსტერიდან კი ავტორი თითქოს გელაპარაკება, თქვენს შორის სხვა ქიმია ჩნდება.

ცოტა ნირი კი წაგიხდება კაცს ამდენი წიგნის დანახვაზე. თან ხვდები რა, რომ იქ ვიღაც ისლანდიელი კუხარკა ან ინდოელი ტაქსისტი უფრო წარმატებული ავტორია, ვიდრე შენი ქვეყნის რომელიმე მართლა კარგი მწერალი. ვთქვათ, – სხვებს რომ გული არ დაწყდეთ, ამიტომ მხოლოდ ჩემს ფავორიტს დავასახელებ, – ზურაბ ლეჟავა. მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ წიგნის წერას და, მით უფრო, წიგნის კითხვას უნდა შევეშვათ. პირიქით, რაც შეიძლება მეტი უნდა ვწეროთ და ვიკითხოთ. ოღონდ მარტო ერთმანეთის კი არა, მათი წიგნებიც, ვისი პოსტერებიც ფრანკფურტში სტენდებზეა გამოკრული. რომ გავიგოთ, სად მიდის მსოფლიო ლიტერატურა, როგორ ვითარდება იგი, მისი პრიორიტეტები და ტენდენციები.

ამისთვის კი მათი თარგმნაა საჭირო. როგორც იქიდან აქეთ, ისე – აქედან იქით. იმათაც რომ ნახონ, ჩვენ რა შეგვიძლია, რა გვაქვს, რასა ვიქმთ. მით უფრო, რომ ვიცი, რამდენიმე ჩვენი თანამედროვე ავტორი ბევრ იქაურს არათუ არ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება კიდეც. ეს იმიტომ ვიცი, რომ ვკითხულობ, როგორც ჩვენს, ისე იმათ გახმაურებულ წიგნებს. იქ კი, წიგნი რომ გახმაურდეს, ამისთვის უამრავი ხრიკი, ფანდი, ილეთი და ფოკუსი არსებობს. მთელი გამომცემლობები მუშაობენ ამაზე. ისე შეგიფუთავენ კატის კურკლს, ნერწყვი მოგადგება. და თან ეს მაშინ, როცა, მიაქციეთ ყურადღება, იქ ყველამ იცის, რომ ავტორებს გამომცემლობები და მათი აგენტები „აკეთებენ”. საამისოდ მთელი ტექნოლოგიები აქვთ შემუშავებული. მათ, ანუ ავტორებს, ათასგვარ მითებს უგონებენ, იდუმალების ბურუსში ხვევენ, წამებულის გვირგვინს ადგამენ ან სევდიანი სახის რაინდებად სახავენ, და ა.შ. რასაკვირველია, ამისთვის, სულ ცოტა, ავტორის არსებობაა საჭირო. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ იქ ზოგჯერ სრულიად უავტოროდაც შეიძლება წიგნის გაყიდვა. ვერავინ დამაჯერებს, რომ ბელგიელი სტრიპტიზიორი ან ავსტრალიელი მეჯორე უფრო კარგი მწერალია, ვიდრე, ვთქვათ, იგივე ლეჟავა. მით უფრო, რომ ორივე მხარე წაკითხული მაქვს. ამაში დასარწმუნებლად კი, ვიმეორებ, წიგნების ორივე მხარეს თარგმნა და მათი ხელშეწყობაა საჭირო.

ამასაც, მგონი, ეშველა. ყოველ შემთხვევაში, კულტურის სამინისტროში წიგნის განვითარების პროგრამა ამუშავდა. რომელიც სწორედ წიგნების ორივე მხარეს –თარგმნას და მათ ხელშეწყობას უნდა ემსახუროს. კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი – ცოტა ხნის წინ ფრანკფურტში საგანგებოდ ამისთვის ჩასული საქართველოს კულტურის მინისტრი ნიკა რურუა შეხვდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 2016 წლის ვაჭრობის მასპინძელი საქართველო იყოს. ეს კი უდიდესი და თითქმის ფანტასტიკური ამბავია. ცნობისათვის, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ყოველ წელს რომელიმე ერთი ქვეყანა მასპინძლობს. ეს კი მნიშვნელობით დაახლოებით ისეთივე რამეა, ვთქვათ, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში საქართველოში რომ ჩატარდეს. და რაც თითქმის ავტომატურად გულისხმობს ქართული წიგნების მსოფლიოს რამდენიმე წამყვან ენაზე თარგმნას.

დაბოლოს, წელს ფრანკფურტში პირველად მოეწყო თანამედროვე ქართული პროზის ანთოლოგიის პრეზენტაცია და პოდიუმ-დისკუსია ქართველ ავტორებთან. მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო, ქართულ მხარეს სულ ორი – აკაკი მორჩილაძე და თქვენი მონა-მორჩილი წარმოადგენდა. ორი ერთგვარი მორჩილი. თუმცა ესეც საქმე იყო. მართალია, მსმენელთაგან ცოტა მაზალო შეკითხვები კი წამოვიდა, მაგალითად, ერთმა გერმანელმა ჟურნალისტმა სრულიად სერიოზულად გვკითხა: „რამდენი რუსული ტანკი დგას თბილისში?” თუმცა აქ ეს რა მოსატანია. მსგავსი სავალალო შეკითხვები აღარ გაჩნდება, როცა მეტი ეცოდინებათ შენზე, შენს ქვეყანაზე, შენს ლიტერატურაზე. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ პოდიუმ-დისკუსიის მოწყობა, წიგნში შესული ნაწარმოებების თარგმნა და ანთოლოგიის გამოცემა (გამომცემლობა Reichert Verlag) ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორ მანანა თანდაშვილის და ასევე პროფესორ იოსტ გიპერტის მეცადინეობით განხორციელდა. აქვე მოხდა „წიგნის ხელშეწყობის პროგრამის” პრეზენტაციაც, თვით პროგრამის ხელმძღვანელის მედეა მეტრეველის მიერ. რაც გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრომ სერიოზულად გადაწყვიტა ქართული ლიტერატურის ხელშეწყობა. რაც, არა მარტო ორივე ხელით მისასალმებელი ამბავია, არამედ ისეთივე აუცილებელი საქმეა, როგორც მცენარის მორწყვა. აქვე უნდა ვახსენოთ მანანიკო მუსხელიშვილიც, რომელსაც მთელ ამ ფრანკფურტულ ამბავში თილისმის როლი უფრო ერგო, ვიდრე სხვა ფუნქცია. თუმცა მწერლები ცრუმორწმუნე ხალხი ვართ. ასე რომ, კარგად ვიცით თილისმის ფასი. ზოგიერთი 2012 წლის დადგომას უცდის. მე კი, მირჩევნია, 2016 წელს დავუცადო. იქნებ, საქართველო მართლაც გახდეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა.

კომენტარები