ძუნძული — მირონცხებული უფლება

წინა სვეტებში საზოგადოების და სახელმწიფოს ურთიერთობის კონკრეტული თემებით ვიყავი შემოფარგლული. მათ აერთიანებდა სახელმწიფოს მიერ საზოგადოების ერთი ჯგუფების ხარჯზე მეორე ჯგუფის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება. არც ახლა ვაპირებ სამოქალაქო თავდაცვაზე საუბარს და ადრე შემოთავაზებული თემების საერთო საფუძველზე მინდა მოგახსენოთ.

მე-18-19 საუკუნეებში საზოგადოებამ ეჭვი შეიტანა მონარქების ღვთიურ წარმოშობაში და ამის გამო მათ უფლებაში, ყოფილიყვნენ ერთპიროვნული მმართველები. ამ ეჭვმა განაპირობა აბსოლუტური მონარქიების რღვევა და თანამედროვე ნაციონალური სახელმწიფოების ჩამოყალიბება. თანამედროვე სამყაროში ეჭვი დასავლური დემოკრატიული მთავრობების მიერ არჩეულ კურსში და ზოგადად მათი ფუნქციების ლეგიტიმურობაში შეაქვთ. ბოლო წლებში ამ პროცესის დაჩქარებას მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა შეუწყო ხელი. თითქოს არალოგიკურია, როდესაც ეკონომიკური პრობლემების ფონზე დემოკრატიულ არჩევნებში მემარცხენე პოლიტიკური ძალები მარცხდებიან.

მე ჩემი ეჭვი კონსტიტუციის შესახებ მინდა გაგიზიაროთ, რაც განსაკუთრებით კონსტიტუციაში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების ფონზე გამიმძაფრდა. ისე, ბრიტანელებს კონსტიტუცია არ აქვთ. თუმცა ამის გამო არ ნერვიულობენ და განსაკუთრებული პრობლემებიც არ აწუხებთ. ტოტალიტარული ქვეყნების, თუნდაც ყოფილი საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფოს მიზანი ხალხის ტერორიზება კი არა, საყოველთაო კეთილდღეობა იყო. თუმცა საბჭოთა კავშირში ყველამ იცოდა, რომ კონსტიტუციას რეალობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ამერიკაში ჩაის წვეულების მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილი თავს კონსტიტუციონალისტებს უწოდებს და მთავრობის შეზღუდვის არგუმენტად ამერიკის კონსტიტუციას ასახელებს. ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს და ჩაის წვეულების მხარდამჭერები ფედერალურ მთავრობას კონსტიტუციის დარღვევით ფუნქციების მითვისებაში ადანაშაულებენ.

გამოდის, ერთ ქვეყანაში კონსტიტუციის გარეშეც ცხოვრობენ, მეორეში კონსტიტუცია ფეხებზე კიდიათ, მესამეში კი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ჩვენი კონსტიტუციის ამბავი, ვფიქრობ, საინტერესოა.

ჩვენი ბოლო ცვლილების მთავარ მიზეზად ხელისუფლების შტოებს შორის ძალის დაბალანსება სახელდება. არ ვიცი რატომ იყო პრობლემა ძალაუფლების დღევანდელი წესით გადანაწილება ან რატომ იქნება მომავალში ძალაუფლების სხვაგვარი განაწილება უკეთესი. თუმცა, ზუსტად ვიცი, რატომ ვერ იარსებებენ ჩაის წვეულების კონსტიტუციონალისტი აქტივისტების მსგავსი ჯგუფები საქართველოში.

კონსტიტუციის მიხედვით ადამიანებს აქვთ ე.წ. სამოქალაქო და სოციალური უფლებები. სამოქალაქო უფლებები გულისხმობს ადამიანის დაცვას სახელმწიფოს ჩარევისაგან, ხოლო სოციალური უფლება ნიშნავს მოქალაქის უპირობო უფლებას ისარგებლოს გარკვეული სიკეთეებით.

თანამედროვე მთავრობებმა მეტი ლეგიტიმაციისათვის მირონცხების ნაცვლად „სოციალური უფლება" გამოიგონეს. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებს აქვთ „უფლება" სიკეთეებზე, რომლებიც მათ შრომით არ მოუპოვებიათ. ამიტომ მთავრობასაც გაუჩნდა უამრავი საზრუნავი ანუ საქმე. ფორმალურ ენაზე მთავრობას კონსტიტუციური ვალდებულება დაეკისრა. ასე მაგალითად, გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს საქართველოს კონსტიტუციიდან:
  
● „სახელმწიფო ... ხელს უწყობს მოქალაქეებს დასაქმებაში";

● „დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო";

● „სახელმწიფო ხელს უწყობს კულტურის განვითარებას";

● „სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას".

„სოციალური უფლებების" გულშემატკივრების სასიხარულოდ გაცნობებთ, რომ მძიმე ბრძოლის შედეგად მოქალაქემ მოიპოვა სპორტის – კონსტიტუციით გარანტირებული კიდევ ერთი სოციალური უფლება:

● „სახელმწიფო ... ხელს უწყობს მოზარდთა და ახალგაზრდობის ფიზიკურ აღზრდას, სპორტში მათ ჩართვას".

განა უნდა ვინმეს უყუროს შიმშილისაგან დასუსტებულ ადამიანებს, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკების ბინადართა მსგავსად დალასლასებენ, ხოლო ქალაქში გამთენიისას დადის მანქანები და ნაგავთან ერთად, ქუჩებში შიმშილისაგან და სხვადასხვა ავადმყოფობებისაგან გარდაცვლილ ადამიანებს აგროვებს, რათა ცოცხლები სუნმა და ანტისანიტარიამ არ შეაწუხოს? ჩვენი კონსტიტუციის წყალობით გადარჩენილები ვართ და უკვე ბანქოს თამაშის ნაცვლად ჭოკით ხტომით შეგვიძლია დავკავდეთ.

მომღერალი იხდის თანამოქალაქის მკურნალობის თანხას, ნამკურნალები უხდის მშობელს სკოლაში ბავშვის განათლების ფულს, მშობელი მომღერალს და ასე ვტრიალებთ წრეზე. ხან ერთი ჯგუფია სახელმწიფოს „სოციალური დაცვის" ობიექტი, ხან მეორე. თუმცა არსებობს დაჩაგრული ჯგუფი, რომელმაც ჯერ ვერ მოიპოვა სახელმწიფოს დაცვით მოსარგებლე სოციალური ჯგუფის სტატუსი. ამ ჯგუფის წევრები ვერ მღერიან, დასაქმების და ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ, ცურვა არ იციან და ვირებივით შრომობენ.

„სოციალურ უფლებებს" ბუნებრივია ჩვენ თავად ვაფინანსებთ და რაც ფართოა ეს უფლებები, მით მეტია ბეგარა. ცნობილი მოსაზრების მიხედვით, გადასახადი იგივეა რაც შრომაში დახარჯული დროის შესაბამისი ნაწილი. მთავრობა ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 34%-მდე, აქედან მხოლოდ 9%-ია თავდაცვის და მართლწესრიგის ხარჯები, ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ 25% ანუ მეოთხედი სხვის სასარგებლოდ სამაგიეროს გადახდის გარეშე ვირჯებით. ხოლო სხვის სასარგებლოდ უფასო გარჯას მონობა ჰქვია. ამიტომ შეუძლებელია ერთდროულად გვქონდეს სამოქალაქო უფლება, რომელიც ჩვენს საკუთრებას და პიროვნულ ავტონომიას იცავს და „სოციალური უფლება", რომელიც პირველს გამორიცხავს ან მის პროფანაციას ახდენს.

კონსტიტუციასთან დაკავშირებით მაქვს ეჭვი, რომ პრეამბულაში მოცემული ტექსტი, სადაც ვკითხულობთ თითქოს „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციასო", მტკნარი ტყუილია. სანაძლეოს დავდებ, კონსტიტუცია მისი „გამომცხადებელი" საქართველოს მოქალაქეების ერთ პროცენტსაც არ აქვს წაკითხული. წაკითხული კი არ აქვს იმიტომ, რომ პრაქტიკულ მნიშვნელობას მას არ ანიჭებს. თუ ვინმეს არ სჯერა, შესაძლებელია ექსპერიმენტის ჩატარება. შემოვიღოთ ნებაყოფლობითი გადასახადები და ვნახოთ რამდენს გადაიხდის კონსტიტუციის გამომცხადებელი ხალხი. ასევე მსურველებს შევთავაზებდი კიდევ ერთ სანაძლეოს: ნებაყოფლობითი გადასახადების ოდენობა იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის 5-10%, რაც გვეყოფა მხოლოდ თავდაცვისა და მართლწესრიგისათვის, მშივრები აღარ იარსებებენ და საკუთარი ინიციატივით უფრო მეტს ვიხტუნებთ ჭოკით. ამ თვალსაზრისით კონსტიტუციის განხილვა იქნებოდა სახალისო, კონსტიტუციის ტექსტს მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაეცნობოდა, ძალაუფლებისთვის მებრძოლი პოლიტიკოსების რაოდენობა მკვეთრად შემცირდებოდა, ხოლო მათი ხარისხი გაუმჯობესდებოდა.

სანაძლეოებს ალბათ არ დამიდებენ. სამაგიეროდ შემიძლია ევროპელებთან დავიტრაბახო:

ძუნძულის კონსტიტუციური უფლება მაქვს, ჩემს უფლებას სახელმწიფო იცავს!

კომენტარები