სამიტი დოვილში — სამი იმპერატორის ახალი ლიგა

გადატვირთვის ციებ-ცხელება ძველ კონტინენტსაც გადაედო. გასულ კვირას საფრანგეთის ქალაქ დოვილში რუსეთის, საფრანგეთის პრეზიდენტები და გერმანიის კანცლერი ერთმანეთს შეხვდნენ. სამიტის მასპინძელმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ ევროპამ და რუსეთმა უნდა ერთობლივად იმუშაონ 2025 წლისათვის ერთიანი ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და უვიზო სივრცის შესაქმნელად.
სამიტზე მხარეებმა ევროპის უსაფრთხოებაზე და ევროკავშირსა და რუსეთს შორის პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროებში ურთიერთობებისათვის ოფიციალური სახის მიცემაზე ისაუბრეს. დმიტრი მედვედევმა წარმოადგინა ინიციატივა ევროპაში ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის შესახებ. მისი გეგმის თანახმად, რუსეთს ვეტოს უფლება უნდა ჰქონდეს ნატოსა და ევროკავშირის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელიც უსაფრთხოებას შეეხება. ამ გეგმით აშშ-ის როლი ნატოში შემცირდება.
ადრე ევროპელი ლიდერები მედვედევის ინიციატივას განხილვის ღირსადაც არ თვლიდნენ, ახლა მართალია განხილვას დათანხმდნენ, მაგრამ მის მიღებას კვლავინდებურად არ აპირებენ.
სანაცვლოდ, ივნისის შეხვედრაზე ანგელა მერკელმა და მედვედევმა ახალი ორგანოს, ევროკავშირ-რუსეთის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის შექმნაზე ისაუბრეს. ჩანაფიქრის მიხედვით, კომიტეტში ევროკავშირის ქვეყნების და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად საერთაშორისო ურთიერთობებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელიც იქნება.
ამ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ ბევრი დეტალია შესათანხმებელი. მანამდე კი მოსკოვს სურს რეგულარულად მონაწილეობდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დამდგენ კომისიაში.
სამმხრივმა სამიტმა აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებში ერთგვარი გაღიზიანება გამოიწვია. მერკელ-მედვედევ-სარკოზის სამიტს სწორი დღის წესრიგი აქვს, თუმცა მონაწილეთა შემადგენლობა – არასწორი. ევროპის ზოგიერთ ქვეყანას არ მოსწონს, რომ ასეთ პრობლემატურ სახელმწიფოსთან ევროპის უსაფრთხოებაზე საუბარი მათ გარეშე მიმდინარეობს. საქართველოსთან აგვისტოს ომი, გაზის მრავალჯერად შეწყვეტა და რუსეთის აგრესიული რიტორიკა, ძველი ევროპისაგან განსხვავებით, მის სამეზობლოში შიშსა და უნდობლობას აძლიერებს.
ევროპის უსაფრთხოების შესახებ მის გარეშე წარმართული საუბრები ვაშინგტონისთვის სასიამოვნო არ არის. საფრანგეთი ეცდება დაარწმუნოს აშშ, რომელსაც უმთავრესი როლი ეკავა ევროატლანტიკურ ურთიერთობებში და შესაბამისად ევროპის უსაფრთხოებაში, რომ ის ამ საკითხს არ ჩამოშორდება. “მაინტერესებს, როდის აქეთ აღარ არის ევროპული უსაფრთხოება ამერიკის სადარდებელი, და მხოლოდ ევროპისა და რუსეთის მსჯელობის საგანია? 70 წლის განმავლობაში ევროპის უსაფრთხოების ცენტრში ყოფნის შემდეგ, უცნაურია, როცა მესმის, რომ ეს აშშ-ის საქმე აღარაა”, – განუცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა New York Times-ს, ანონიმურობის დაცვის პირობით მიცემულ ინტერვიუში.
სარკოზის ერთ-ერთმა თანაშემწემ განაცხადა: „[აშშ-სა და ევროკავშირის] ურთიერთობები შეუცვლელია, მაგრამ ევროპელებს უსაფრთხოების შესახებ ერთმანეთში საუბარიც არ ეკრძალებათ’’. სხვა თანაშემწემ კი სამიტს მოსამზადებელი და აზრების გაზიარებისთვის საჭირო შეხვედრა უწოდა.
დოვილის შეხვედრას მისი ევროპელი მასპინძლები რუსეთისათვის ერთგვარ სანუგეშო პრიზად ასაღებენ. ნოემბერში ლისაბონში ნატოს სამიტი ჩატარდება, რომელზეც წევრი ქვეყნები ანტისარაკეტო სისტემის შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას. მოსკოვს სურდა, რომ ამ შეხვედრაზე ევროპულ უსაფრთხოებაზე მისი გეგმა განხილულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდება. დოვილის ექსკლუზიური სამიტი კი ამის დაბალანსებას ემსახურება.
ტრილატერული შეხვედრა პირველია მერკელის, სარკოზის და მედვედევის არჩევის შემდეგ. დოვილის სამიტმა ძალაუნებურად იქ შეკრებილი ლიდერების წინამორბედების – გერჰარდ შროდერის, ვლადიმირ პუტინისა და ჟაკ შირაკის შეხვედრების ასოციაცია წარმოშვა. სამმხრივი კავშირის გაფორმება ერაყის ომის ფონზე მოხდა.
მაშინ ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ პრეზიდენტ ბუშის ამპარტავნულმა საგარეო პოლიტიკამ ძველი ევროპის ამერიკისაგან გაუცხოება და მისი რუსეთთან დაახლოება გამოიწვია.
აშშ-ში ყველაზე ევროპული პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მოსვლის შემდეგ იმედი გაჩნდა, რომ ის ბებერ კონტინენტს კვლავ ამერიკისკენ შემოატრიალებდა. თუმცა, იმედისა და ცვლილებების პოლიტიკის მიმართ თავდაპირველი ენთუზიაზმი მალევე მინავლდა და ადგილი კიდევ უფრო დიდ იმედგაცრუებას დაუთმო.
ესპანეთის ყოფილი კონსერვატიული პრემიერის აზრით, ბარაკ ობამა ამერიკის ისტორიაში ევროპით ყველაზე ნაკლებად დაინტერესებული პრეზიდენტია. „ჩვენ შეიძლება ზოგჯერ სასარგებლონი ვიყოთ, მაგრამ პრიორიტეტი არ ვართ. პრიორიტეტი ჩინეთი, მუსლიმური სამყარო და რუსეთთან ურთიერთობაა”, – თქვა ხოსე მარია აზნარმა.
ორი რეგიონალური ომისა და დიდი რეცესიის პირობებში ამერიკის ჩართულობა ძველი კონტინენტის საქმეებში სულ უფრო კლებულობს. გაერთიანებული გერმანიის წონა ევროპულ პოლიტიკაში სულ უფრო იზრდება. „გათიშე და იბატონეს” პრინციპით მოქმედი რუსეთი ევროპულ პოლიტიკაში სერიოზულ გავლენას იძენს. ის არასდროს შეგუებია ცივი ომის შემდგომ მდგომარეობას, ახლა კი საკმაოდ ძლიერია, რომ მისი ცვლილება უკვე ღიად მოითხოვოს.
ამ ყველაფერთან ერთად, ნელ-ნელა იცვლება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპული წესრიგი, რომელიც ლორდ ისმეის ცნობილ გამოთქმას „რუსეთი გარეთ, ამერიკა შიგნით, გერმანია ქვემოთ’’ ეფუძნებოდა.
დღეს საფრანგეთი და გერმანია მზად არიან, რუსეთთან არსებული ეკონომიკური კავშირები პოლიტიკური და უსაფრთხოების შეთანხმებებით გაამყარონ. გერმანია ეკონომიკურად უფრო ახლოს არის რუსეთთან და მის გაზზეა დამოკიდებული. საფრანგეთი ენერგეტიკულად დამოუკიდებულია, მაგრამ ბერლინისა და მოსკოვის დაახლოების პასუხად, რუსეთთან სტრატეგიულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს.
სწორედ ამიტომ, გასულ წელს საფრანგეთმა რუსეთთან სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულება გააფორმა და მისთვის მისტრალის მიყიდვაც გადაწყვიტა. ევროპის უსაფრთხოების საკითხში რუსეთის ჩართვის შესახებ გერმანიის ინიციატივა კი საფრანგეთის ხელშეკრულებაზე ერთგვარი პასუხი იყო.
ახალ საერთაშორისო წესრიგზე სასაუბროდ ფრანგულ კურორტზე შეკრებილთა იდილიას ერთი გარემოება არღვევდა – შიდაპოლიტიკური ლანდშაფტი. გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები სულ უფრო კარგავენ ამომრჩეველთა მხარდაჭერას.
სარკოზისა და მერკელისაგან განსხვავებით, მედვედევს აქვს იმის ფუფუნება, რომ საზოგადოებრივ მხარდაჭერაზე არ ინერვიულოს, მაგრამ თავისი ამომრჩეველი მასაც ჰყავს. თავის დროზე პრეზიდენტის კაბინეტში ის ხომ ერთი ამომრჩევლის არჩევანმა მოახვედრა. 2012 წლისათვის კრემლში ამ ამომრჩევლის დაბრუნებას ელიან, მედვედევის მომავალი კი ჰაერშია გამოკიდებული.

კომენტარები