როსნეფტი აფხაზეთში

რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია როსნეფტი შავი ზღვის აფხაზეთის შელფზე ნავთობის მოძიების სამუშაოებს იწყებს. ინფორმაცია გაზეთ კომერსანტთან ინტერვიუში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დაადასტურა. წინასწარი კვლევითი სამუშაოები აფხაზეთში უკვე დაწყებულია.
2010 წლის სექტემბერში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამხრეთის სასწავლო ცენტრის სპეციალისტებმა აფხაზეთის სანაპიროს გრუნტის სინჯების შესწავლა დაიწყეს. სააგენტო რიანოვოსტი იუწყება, რომ სინჯების კვლევა 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ნავთობისა და გაზის არსებობის ნიშნების შემთხვევაში კი მომავალ წელს კიდევ ერთი ექსპედიცია შედგება. მომდევნო ექსპედიცია საბადოების მოცულობის დასადგენად 1300 სინჯს აიღებს. ამავე წყაროს ინფორმაციით, კვლევა როსნეფტმა დაუკვეთა.
კომერსანტთან საუბარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ როსნეფტმა უკვე ჩაიტანა აფხაზეთში საძიებო აღჭურვილობის ნაწილი. იგი განმარტავს, რომ ნავთობის ძირითადი ნაწილი ე.წ. გუდაუთის ღრმულში – გაგრასა და სოხუმს შორის უნდა იყოს კონცენტრირებული, სადაც საბჭოთა პერიოდში 22 ჭაბურღილი იდგა.
როსნეფტის განზრახვა ამ დღეებში, სოხუმში გამართულ ბიზნესფორუმზე კომპანიის ხელმძღვანელმა ედუარდ ხუდაინატოვმაც დაადასტურა. მისი ინფორმაციით, აფხაზეთში ამჟამად უკვე იმყოფება ორი გეოფიზიკური ხომალდი, რომლებიც შავი ზღვის ფსკერის შესწავლას იწყებენ. აქვე მან აღნიშნა, რომ როსნეფტს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ნავთობგასამართი სადგურების ქსელის განვითარებაში დღემდე 10 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს ჩადებული.
კომპანია როსნეფტი რუსული ნავთობმომპოვებელი დარგის ერთ-ერთი ლიდერია და რუსეთის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიათა ნუსხაში შედის. კომპანიის მთავარი აქციონერი (75,16%-ის მფლობელი) არის 100%-იან სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი როსნეფტგაზი. ე.წ. თავისუფალ მიმოქცევაში კი როსნეფტის აქციების სულ 15%-ია.
როსნეფტმა მოძრაობა აფხაზეთში ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე დაიწყო, ომის შემდეგ კი კიდევ უფრო გაააქტიურა. 2009 წლის 24 დეკემბერს კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო კომპანია აბხაზტობთან ერთობლივი საწარმოს რნ-აფხაზიას შექმნის შესახებ. ერთობლივი საწარმოს 51% რუსული კომპანიის კუთვნილებაა. პარალელურად, ახლადდაფუძნებულმა კომპანიამ და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ეკონომიკის მინისტრმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანიას შავი ზღვის აფხაზეთის შელფზე ნავთობის მოძიების და საბადოების განვითარების უფლება გადაეცა.
როსნეფტის ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გუდაუთის მონაკვეთის საერთო ფართობი 3856 კვ. კილომეტრია. რესურსების მარაგის წინასწარი შეფასება დაახლოებით 270 მილიონი ტონაა. ჯამში, სხვადასხვა მონაცემებით, შავი ზღვის ფსკერის ქვეშ 4,6 მილიარდი ბარელი ნავთობია და აქ 180 ჭაბურღილის გაბურღვა შეიძლება, აქედან – 28-ის ბულგარეთის, 82-ის რუმინეთის, 20-ის თურქეთისა და 2-ის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. როსნეფტის წარმომადგენელმა ხელშეკრულების გაფორმების დღესვე განაცხადა, რომ სალიცენზიო ხელშეკრულება კომპანიას ერთი ჭაბურღილის გათხრის უფლებას აძლევდა, თუმცა კომპანია ერთდროულად ორი ჭაბურღილის გათხრას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის შელფი საძიებო სამუშაოების წარმოებისთვის ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე რთული და ძვირი მონაკვეთია. სწორედ ამიტომ, როსნეფტის ეკონომიკურ ინტერესებზე საუბრისას, მედიაში ხშირად ხაზს უსვამენ ამ პროცესში პოლიტიკური ინტერესების დომინირებას.
როსნეფტის აქტივობას ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისთვის და დღესაც, არა მხოლოდ თბილისში, არამედ სოხუმშიც, ადგილობრივი ოპოზიციის მხრიდან, წინააღმდეგობა მოჰყვა. სოხუმში საძიებო სამუშაოების დაწყებას ძირითადად ეკოლოგიური მოსაზრებებით აკრიტიკებენ.
ოქტომბერში დაწყებული სამუშაოების კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ თბილისი ხსენებულ აქტივობას აპროტესტებს როგორც გარემოს დაცვის ინტერესებიდან, ისე – საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე. „ამ ტიპის სამუშაოები, რომლებიც იქ განხორციელდება, თავისთავად, ეკოლოგიური თვალსაზრისით სახიფათოა, მაგრამ საერთაშორისო სამართლის კუთხითაც გაუმართავი და სახიფათოა. თუმცა, ეს უკანასკნელი მაინც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ, როგორც კი აღდგება საქართველოს იურისდიქცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენ მაშინვე შევძლებთ საზიანო ქმედებები სამართლებრივი კუთხით მაინც აღვკვეთოთ”, – განაცხადა მან.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მხედველობაში ჰქონდა საერთაშორისო კანონმდებლობა და საქართველოში მოქმედი კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. მათი მიხედვით, ინვესტორს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კომერციული საქმიანობის უფლება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ნებართვის შემთხვევაში ეძლევა.





 

კომენტარები