დევიდ კრამერი – ახლახან არასამთავრობო ორგანიზაციის Freedom House აღმასრულებელი დირექტორი გახდა. დაამთავრა ტაფტის უნივერსიტეტის პოლიტიკურ და საბჭოთა მეცნიერებათა ფაკულტეტი, მოგვიანებით ჰარვარდის უნივერსიტეტში სოვიეტოლოგიის მაგისტრის ხარისხი მიიღო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჟურნალ The Christian Science Monitor Network-ში წერდა. ვაშინგტონში გადასვლის შემდეგ მუშაობდა ე.წ. think tank-ებში: კარნეგის ფონდსა და სტრატეგიის და საერთაშორისო მეცნიერებების ცენტრში. მოგვიანებით მოღვაწეობა განაგრძო პოლიტიკის დაგეგმვის შტაბში სპეციალურ მრჩევლად. 2005 წლის ივლისიდან იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში. 2008 წლის მარტიდან კი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ მუშაობდა.
“შეჭრა” და “ოკუპაცია” – ეს ტერმინები თბილისში ვიზიტისას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას გამოიყენა. თქვენი აზრით, როგორია აშშ-ის შემდგომი ნაბიჯი და არსებობს თუ არა თეთრ სახლში სტრატეგია, ან თუნდაც, პოლიტიკური ნება ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად?
ადმინისტრაციის მხრიდან ამ ტერმინოლოგიის გამოყენება სწორი ნაბიჯი იყო. ტერმინი “ოკუპაცია” პირველად გაჩნდა პრეზიდენტ მედვედევის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, 2010 წლის ივნისში, თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ საინფორმაციო მასალებში. სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა დაამატა ტერმინი “შეჭრა”. მისი კომენტარები თბილისში ვიზიტისას სწორი და დროული იყო. იგი ყველა მთავარ საკითხს შეეხო: ისაუბრა ჟენევის პროცესის გაცოცხლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხზე შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთზე ერთობლივი ზეწოლა უნდა განახორციელონ. მოსკოვს მკაფიოდ უნდა განემარტოს, რომ მისი პოზიციების გამყარება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, უბრალოდ, მიუღებელია. უნდა დავუბრუნდეთ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმადაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დაიკავონ 2008 წლის აგვისტომდე დაკავებული პოზიციები, შეწყვიტონ ოკუპაცია და სამხედრო ბაზების განლაგების მცდელობები ორივე რეგიონში. აუცილებელია შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ერთობლივი მოქმედება – რუსეთმა ვერ უნდა მოძებნოს განსხვავებები ჩვენს მიდგომებში. ვიმედოვნებ, რომ ობამას ადმინისტრაცია განაგრძობს სახელმწიფო მდივნის ხაზს და შეინარჩუნებს რუსეთზე ზეწოლის პოლიტიკას.
პანევროპული სტრუქტურები საქართველოს საკითხზე შტატების სათანადო მოკავშირეებად მიგაჩნიათ?
ვფიქრობ, რომ ალტერნატიული ვარიანტები უკეთესი არ არის. ეუთო სწორად შერჩეული პარტნიორია, მიუხედავად იმისა, რომ რუსები არ სწყალობენ ამ ორგანიზაციას. ამ ზაფხულს შედგა სხვა მაღალი რანგის ვიზიტებიც საქართველოში: თბილისს სტუმრობდნენ ბარონესა ეშტონი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი. ეს ვიზიტები მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნიშანია. მთავარია ამ პოლიტიკის შენარჩუნება და შეერთებული შტატებისა და ევროპის კონსოლიდირებული მოქმედება – ამ საკითხზე ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და მოსკოვზე ზეწოლა უნდა განვაგრძოთ.
რუსეთი ყოველთვის იყო, და დღესაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ, რევიზიონისტ სახელმწიფოდ. როგორ უნდა დაუპირისპირდეს დასავლეთი რუსული ექსპანსიონიზმის პოლიტიკას?
აშშ-სა და დასავლეთისათვის საუკეთესო გზაა ურთიერთობების გამყარება რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებთან. რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიული განვითარების გზაზე დგანან, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე არიან ორიენტირებული და პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს. ეს საუკეთესო გზაა რუსეთის იმპერიალისტური და რევიზიონისტული ტენდენციების შესაჩერებლად. შტატებმა და ევროკავშირმა უნდა გაამყარონ კავშირები საქართველოსთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან და სხვა სახელმწიფოებთან ამ რეგიონში. აუცილებელია ამ ქვეყნების მხარდაჭერა დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პროცესში. მათი გაძლიერება, მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო გზაა. ევროპული პერსპექტივების შეთავაზება საქართველოსა და მოლდოვისთვის უმნიშვნელოვანესია – თუ საქართველოს ექნება ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობა, პირველ რიგში, თავისუფალი ვაჭრობის, ასოცირებული შეთანხმებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზით, ადრე თუ გვიან, აფხაზები და ოსები აუცილებლად მოისურვებენ ამ პროცესში ჩართვას.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 2009 წელს გაფორმდა ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელსაც დღეს იშვიათად ახსენებენ. თვლით თუ არა, რომ ქარტია კვლავ მისაღები ჩარჩოა ორ სახელმწიფოს შორის ფართომასშტაბიანი თანამშრომლობისთვის, თუ საჭიროა ახალი სტრატეგია?
ობამას ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა ქარტიას, რაც ჰილარი კლინტონმაც აღნიშნა თბილისში ვიზიტის დროს. მნიშვნელოვანია ამ ქარტიის შენარჩუნება და მისთვის კონკრეტული დატვირთვის მინიჭება. ბუშის ადმინისტრაციის ბოლო პერიოდში მსგავსი ქარტია გაფორმდა უკრაინასთანაც. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე, ვაშინგტონს არ აქვს შემუშავებული პოლიტიკა საქართველოსთან და სრულიად კავკასიასთან დაკავშირებით. თავისთავად კარგია, რომ სახელმწიფო მდივანი კლინტონი ჩავიდა რეგიონში, რასაც წინ უსწრებდა თავდაცვის მინისტრ გეიტსის ვიზიტი აზერბაიჯანსა და სომხეთში. გამოჩენა, სხვათა შორის, ძალიან ბევრს ნიშნავს – როგორც ვუდი ალენმა თქვა, “გამოჩენა ცხოვრების 80-85%-ს შეადგენს”. მაგრამ, საჭიროა სწორი პოლიტიკა, რაც უფრო მეტია, ვიდრე ვიზიტი, ან სიტყვით გამოსვლა. საჭიროა დიალოგის შენარჩუნება და ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური რეფორმებისა და ენერგეტიკის სფეროში, სამხედრო კონტაქტები, გაცვლითი პროგრამები კულტურისა და საზოგადოებრივ სფეროებში. ამ მიმართულებით ბევრად მეტის გაკეთებაა საჭირო.
ბუშის ადმინისტრაციის პერიოდში საქართველო განიხილებოდა როგორც დემოკრატიული განვითარების წარმატებული მაგალითი რეგიონში. რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი ამერიკისთვის დღეს?
საქართველომ მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა ვარდების რევოლუციის შემდეგ, რადგან ეს იყო სერიოზული წინსვლის მაგალითი რეგიონში და ეს ქვეყანა დღესაც მნიშვნელოვანია სწორედ ამ კუთხით. საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ტრაექტორია მყარი დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. ამიტომ, ისეთ ვითარებებში, როგორიც შეიქმნა თბილისში 2007 წლის ნოემბერში, მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა გამოთქვას საკუთარი პოზიცია და შეშფოთება. ნებისმიერ ქვეყანას აქვს ვარდნისა და აღმასვლის პერიოდები, მათ შორის შეერთებულ შტატებსაც. საქართველო მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყანა, რომელიც რთული მეზობლების გარემოცვაში ახერხებს დემოკრატიის კონსოლიდაციას და საბაზრო ეკონომიკის განმტკიცებას. რუსეთის მხრიდან საქართველოს მოსაზღვრე რეგიონი ძალზე არასტაბილურია. თბილისს, დროთა განმავლობაში, შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს ჩრდილოეთ კავკასიაში, ისევე როგორც არასტაბილურობას ჩრდილოეთ კავკასიაში შეუძლია უარყოფითი გავლენის მოხდენა საქართველოზე. ამ ურთულეს რეგიონში სტაბილურობისა და დემოკრატიის ხელშეწყობა ყველას ინტერესში შედის.
უნდა მოეხსნას თუ არა საქართველოს დე ფაქტო ემბარგო შეიარაღების შესყიდვაზე?
დე ფაქტო ემბარგო მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უარყოფენ ამას. ეს საკმაოდ რთული თემაა, თუმცა, ჩემი აზრით, სახელმწიფოს, რომელიც ეძებს თავდაცვითი ტიპის შეიარაღებას, უარი არ უნდა უთხრან. საკითხი უნდა გადაისინჯოს და დე ფაქტო ემბარგო უნდა მოიხსნას.
რამდენად რეალურია სამხედრო და სამოქალაქო ტვირთების ტრანზიტი ავღანეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით?
შესაძლებელია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს საკუთარი მონაწილეობით უდიდესი წვლილი შეაქვს სამხედრო კამპანიებში ავღანეთსა და ერაყში, თუმცა ტვირთების ტრანზიტის თვალსაზრისით ნაკლებად მნიშვნელოვანია. თავისთავად მისასალმებელია, როცა გყავს მეგობრები, რომლებიც მზად არიან უზრუნველყონ გადაზიდვები, მაგრამ, ჩემი აზრით, აზერბაიჯანი, გეოგრაფიული მდებარეობის გამო, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო.
ცენტრალური ევროპის პოლიტიკურმა ლიდერებმა და ინტელექტუალებმა 2009 წელს გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამდნენ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო რეგიონში. შეიცვალა რამე ამ წერილის შედეგად ვაშინგტონში?
არა მგონია... ამ წერილმა თეთრი სახლი ნამდვილად არ გააბედნიერა. აქ განსაკუთრებით გაღიზიანდნენ მისი საჯაროობის გამო – შესაძლებელი იყო წერილი უფრო კერძო ხასიათის ყოფილიყო. 17 სექტემბრის გადაწყვეტილებას ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შესახებ არასწორი მენეჯმენტი ჰქონდა და ამ საკითხზე, ალბათ, ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც დამეთანხმებიან. თუმცა, ამ წერილის შემდეგ, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს მეტი ყურადღება ექცევათ. გასულ სექტემბერს შედგა ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი პოლონეთში, ჩეხეთსა და რუმინეთში. პრეზიდენტი ობამა უკვე ორჯერ იყო პრაღაში. მაგრამ მე კვლავინდებურად ვერ ვხედავ თანმიმდევრულ, გააზრებულ პოლიტიკას რეგიონის მიმართ და ამას რეგიონის მოსახლეობაც გრძნობს. ერთი მხრივ, პროგრესის მაჩვენებელია, რომ ამ ქვეყნებს აღარ სჭირდებათ ჩვენი აქტიური დახმარება, რადგან განვითარების კონკრეტულ დონეს მიაღწიეს. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ ისინი – არა იმიტომ, რომ ისინი რუსეთის ორბიტას დაუბრუნდებიან, არამედ იმიტომ, რომ როცა საჭირო იქნება, შესაძლოა, ვეღარ მივიღოთ მათი მხარდაჭერა. მოკავშირეებს უნდა მოვუაროთ, შევინარჩუნოთ მეგობრობა და გავამყაროთ კონტაქტები.
უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მოახდენს თუ არა გავლენას საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე?
საქართველოსთვის მარტო უფრო რთულია ნატოში გაწევრიანება, ვიდრე უკრაინასთან ერთად იქნებოდა. სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტისას აღნიშნა, რომ ნატოს კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისთვის, და ეს სწორია. ფაქტია ისიც, რომ კიევისთვის ეს საკითხი აღარ არის პრიორიტეტული. კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ასეთ ქვეყანას წევრობაზე უარი არ უნდა ეთქვას და, ამ მხრივ, ბუქარესტის დეკლარაცია საკმაოდ ერთმნიშვნელოვანია. საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმების გატარება ამ მიმართულებით. თუმცა არ მინდა, რომ მოსახლეობას ამ საკითხზე გადაჭარბებული მოლოდინები შეექმნას, რადგან საქართველოს გაწევრიანება ნატოში უახლოესი მომავლის პერსპექტივა არ არის.
რუსეთი ჩაკეტილი ქვეყანაა, რომელიც უარს ამბობს დემოკრატიული პრინციპების გაზიარებაზე. არ არის გამორიცხული, რომ პუტინი დაუბრუნდება პრეზიდენტობას 2012 წელს. ამ ფონზე, როგორია ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივა?
ამ საკითხისადმი არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა არის გარკვეული გაუმჯობესება ზოგადი ტონისა და რიტორიკის თვალსაზრისით. ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში წარმატებების გაზვიადება ობამას ადმინისტრაციის შეცდომაა, რაც მოსკოვს არასწორ, გადაჭარბებულ წარმოდგენას უქმნის საკუთარ მნიშვნელობაზე. ზოგიერთ სფეროში პროგრესი ნათელია, მაგრამ ბევრ საკითხზე ნაადრევია იმის თქმა, რომ ჩვენსა და მოსკოვს შორის სრული ურთიერთგაგებაა. რუსეთი კვლავ არასწორი მიმართულებით ვითარდება. ალბათობა იმისა, რომ პუტინი დაუბრუნდება პრეზიდენტობას, საკმაოდ მაღალია. არ ვიცი, ემზადება თუ არა ადმინისტრაცია მოვლენების ასეთი განვითარებისათვის, რადგან მათ სერიოზული ინვესტირება მოახდინეს მედვედევის ფიგურაში, ხოლო პუტინთან ამის ნახევარიც არ გაუკეთებიათ. სჯობს, ახლავე დაიწყონ იმაზე ფიქრი, რომ 2012 წელს პუტინი, შესაძლოა, კვლავ გახდეს პრეზიდენტი და, ასეთ შემთხვევაში, ვითარების გაუმჯობესების შესაძლებლობას ვერ ვხედავ.
ინტერვიუ აღებულია 2010 წლის აგვისტოში