საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

გაეროს მართლმსაჯულების სასამართლო. ჰააგა
 13 სექტემბრიდან სამუშაო კვირის ბოლომდე ჰააგაში, გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში, საქართველო-რუსეთის საქმის საჯარო მოსმენებია ჩანიშნული. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება 12 აგვისტოს სწორედ სასამართლოში გაგრძელდა: საქართველომ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო ინსტანციაში საქმე აღძრა რუსეთის წინააღმდეგ. განაცხადი რუსეთის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთის შესახებ 1966 წლის საერთაშორისო კონვენციის დარღვევას შეეხება. საქართველო ითხოვს დადგინდეს რუსეთის ბრალეულობა 1991 წლიდან აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, აგრეთვე მომიჯნავე ტერიტორიებზე, ქართველების მიმართ ეთნიკური ნიშნით ჩადენილი დისკრიმინაციის გამო.
კონფლიქტი და კონვენციით დაცული უფლებების მასიური დარღვევა გაგრძელდა. თბილისმა განაცხადის შეტანიდან ორ დღეში ისევ მიმართა ჰააგას. ახალი განაცხადი სასამართლოს სთხოვდა რუსეთისთვის დროებითი ღონისძიებების დაკისრებას (სასამართლოს სავალდებულო განკარგულება, რომელიც ავალდებულებს პროცესის ერთ ან ორივე მხარეს, თავი შეიკავონ სადავო უფლებებისათვის ზიანის მიყენებისაგან). ამ შემთხვევაში დროებითი ღონისძიებები საჭირო გახდა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დევნის, სიცოცხლის უფლების, პირადი ხელშეუხებლობის, უკანონო დაპატიმრებისა და საკუთრების უფლებათა დარღვევების შესაჩერებლად. სასამართლომ დაადასტურა გადაუდებელი აუცილებლობა და კონვენციით დაცულ უფლებათა დარღვევის რეალური საფრთხე. ჰააგამ ორივე მხარე დაავალდებულა თავი შეეკავებინათ კონვენციით აღებული ვალდებულებების დარღვევისგან და უზრუნველეყოთ დაზარალებული მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა.
რაც შეეხება არსებით დავას. რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთის შესახებ 1966 წლის კონვენციის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადამიანების დაცვა რასობრივი დისკრიმინაციისაგან. ამის მისაღწევად წევრი სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. ამასთან, კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე სახელმწიფოს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამდენად, სახეზეა პირდაპირი ჯაჭვი კონვენციით დაცულ ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფოს უფლებას შორის, მოითხოვოს სხვა სახელმწიფოსაგან კონვენციის შესრულება. სწორედ ამ საფუძვლის გათვალისწინებით აყენებს საქართველო რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს იმ ტერიტორიებზე, რომელზეც 1991 წლიდან ეფექტურ კონტროლს კრემლი ახორციელებს.
საქართველო დავობს: რუსეთი აფხაზ და ოს სეპარატისტულ რეჟიმებთან ერთად ეთნიკური წმენდის გზით ქართული მოსახლეობის და სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ რასობრივ დისკრიმინაციას ახორციელებდა. აგრეთვე, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეთნიკური შემადგენლობა ძალის გამოყენებით შეცვალა და უარი უთხრა იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას დაბრუნებაზე. 7 სექტემბერს მიღებული გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს ამ ბოლო ბრალდებას და კიდევ ერთხელ ცნობს დევნილთა დაბრუნების უფლებას. საქართველო მართლმსაჯულების სასამართლოში ითხოვს, რუსეთმა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და ჩადენილი დარღვევებისთვის კომპენსაცია გადაიხადოს.
თავის მხრივ, რუსეთი უარყოფს ქართული მხარის ბრალდებებს. კრემლის აზრით, დავის საგანს წარმოადგენს ძალის გამოყენების სამართალი და ტერიტორიული მთლიანობის დოქტრინა. რუსეთის მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სასამართლოს უფლებას რუსეთის ქმედებების განხილვაზე, როდესაც რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტები ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არ მომხდარა. ჰააგის მიმდინარე კვირა მთლიანად დაეთმობა სასამართლო იურისდიქციის დადგენას აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც რუსეთის მხარე სადავოდ ხდის. საერთაშორისო ინსტანციამ უკვე იმსჯელა კონვენციის ტერიტორიულ ფარგლებზე. დადგინდა, რომ კონვენციას არ გააჩნია ტერიტორიული შეზღუდვა, თუ ქმედება კონვენციის ერთ-ერთი ხელმომწერი სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშაა ჩადენილი. რუსეთიც და საქართველოც კონვენციის მხარეები არიან. შესაბამისად, სასამართლომ რუსეთის ეს არგუმენტი არ გაიზიარა და დაადგინა, რომ კონვენცია კვლავაც მოქმედებს, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს საკუთარი ორგანოების საშუალებით (ამ შემთხვევაში რუსეთის სამხედრო ნაწილები) იმოქმედოს თავისი ტერიტორიის მიღმა.
რთული არ იქნება, სასამართლომ რუსეთის იურისდიქციის არსებობა დაადგინოს აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე მისი სამხედრო ოკუპაციის პირობებში. რუსეთი ახლა საკუთარი ჯარებით, 2008 წლის ოკუპაციამდე კი – სეპარატისტული მთავრობების საშუალებით ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ამ ორ რეგიონზე. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (მაგ.: Bankovic, Loizidou, Issa, Ilascu) და თვით გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით (მაგ.: Congo v. Uganda) დადგინდა, რომ მსგავს შემთხვევებში პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ტერიტორიაზე. ასეთი სახელმწიფო ამ შემთხვევაში რუსეთია.

კომენტარები