ჟუჟუნა vs მატრიცა

ბოლო პერიოდში გავრცელდა შეხედულება ჯანდაცვის რეფორმის ჩავარდნის შესახებ. უნდა ვაღიარო, რომ ვერ ვხვდებოდი ჩავარდნაში კონკრეტულად რა იგულისხმებოდა. ახლა უარესადაა? რა უნდა მომხდარიყო, რომ წარმატებული რეფორმის შეფასება დაემსახურებინა? ამ კითხვების ნაწილზე პასუხების გაცემაში დამეხმარა ავტორიტეტული – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO).

WHO გამოსცემს წევრი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების მიმოხილვას. 2009 წელს ჩვენი ჯანდაცვაც მიმოიხილა. მისი მთავარი ავტორი მეგობარია, ხოლო სამი თანაავტორი ძველი ნაცნობები არიან. ანგარიშს ორი ამოცანა აქვს. პირველი ამოცანაა მსოფლიოს გააცნოს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა. მეორე, როგორც სექტორში ერთ-ერთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, რეკომენდაციებით ამარაგებს გულშემატკივრებს.

მოცულობით ანგარიშში ბევრი საყურადღებო წერია, მაგრამ გამოვყოფ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანს, რის გამოც კრიტიკა დავიმსახურეთ.

1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანმრთელობის დაცვაზე, მისაბაძ ქვეყნებთან შედარებით, ცოტა ფულს ვხარჯავთ და მიგვანიშნებენ გავზარდოთ დაფინანსება;
2. მომსახურების შესყიდვის პრივატიზაცია (მომხმარებლისათვის სადაზღვევო ვაუჩერების მიცემა კონკურენციაში მყოფი კერძო კომპანიებისაგან დაზღვევის შესაძენად) არასწორად მიაჩნიათ. ამის მიზეზად ფულის ერთ ხელში თავმოყრის უპირატესობას ასახელებენ, რაც მომხმარებელს სამედიცინო მომსახურების იაფად შეძენის შესაძლებლობას მისცემს. ასევე გვირჩევენ საბიუჯეტო ფული სრულად მივცეთ სახელმწიფო ორგანიზაციას;
3. მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო არასაკმარისად ზედამხედველობს (არეგულირებს) სექტორს, რაც მათი აზრით ხელს უშლის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

როგორ უნდა მოჰყვე „რთული და კომპლექსური დარგის” ამბავი ისე, რომ ტაბულას სვეტმა დაიტიოს და მკითხველმაც გაიგოს, საკითხავი აი ეს არის! მაინც ვცდი.

ქალბატონი ჟუჟუნა რიგითი ქართველია. ამიტომ მისი შემოსავალი ერთ სულზე ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს უდრის. მას სჯერა WHO-ს, როგორც სანდო ინსტიტუტის, მისი კომპეტენტური ექსპერტების შარშანდელი დასკვნების და რეკომენდაციების. თუმცა, აუხსნელი მიზეზის გამო, იმავე თემაზე ტაბულაში სვეტსაც კითხულობს.

ქ-ნი ჟუჟუნა წელიწადში 330 ლარს (მთლიანი შემოსავლის 8,2%) ხარჯავს ექიმებზე და წამლებზე. მთლიან ხარჯებთან იმავე პროპორციით ხარჯავს ფულს ევროკავშირის წევრი ქვეყნის საშუალო მოქალაქეც. მაშასადამე, ჩვენებურისთვის ჯანმრთელობა ისევე ფასეულია, როგორც რიგითი ევროპელისათვის. თუმცა არის პატარა განსხვავებაც. ევროპელი 8-ჯერ მეტს ხარჯავს, რადგან მისი საერთო შემოსავალიც ამდენჯერვე მეტია. ქართველ ქალბატონს 330 ლარიდან 250 ლარის დახარჯვა თავად შეუძლია, 80 ლარი კი იძულებულია სხვა ადამიანებს მიანდოს. 80 ლარის შემდგომი ისტორია ქ-მა ჟუჟუნამ სრულად არ უწყის. თუმცა მისთვის ცნობილია, რომ 80-დან დაახლოებით 35 ლარი მილიონამდე მასზე მნიშვნელოვნად ღარიბზე იხარჯება. რაც ეხება დარჩენილ 45 ლარს, WHO-ს ექსპერტი ან მინიმუმ სისტემის მაღალჩინოსანი მაინც უნდა იყო, ამ საკრალური ცოდნის მცირედ ნაწილს მაინც რომ ფლობდე. მეჩვენება თუ 45 ლარი პატარა რიცხვად გამოიყურება? მაინც დავაზუსტებ – ჯამური თანხა 200 მილიონ ლარამდეა.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ბევრად გამარტივდა WHO-ს ექსპერტების შეფასებისა და რეკომენდაციის ქ-ნი ჟუჟუნასათვის ახსნა.

რეკომენდაცია პირველი
WHO-ს რეკომენდაციით, ევროპული პრაქტიკისა და სტანდარტების შესაბამისად, ქ-ნი ჟუჟუნა კეთილგონივრულად არ იქცევა. მართებული იქნებოდა რიგითი ევროპელების მსგავსად პირიქით მოქცეულიყო, თავისთვის მხოლოდ 80 ლარი დაეტოვებინა, ხოლო 250 ლარი მასზე გონიერი ხალხისათვის მიენდო. ევროპელების აზრით, მცოდნე ხალხი მისივე ფულის მეშვეობით უკეთესად მოუვლიდა მის ჯანმრთელობას.

უცნაურია, მაგრამ იგივე WHO-ს მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 73 წელია. ბუნებრივია, სიცოცხლის ხანგრძლივობას მხოლოდ ჯანდაცვის სისტემა არ განაპირობებს, მაგრამ ჯანმრთელობის სხვა მთავარი ინდიკატორების დინამიკაც ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად პოზიტიურია. სიცოცხლის ხანგრძლივობით მხოლოდ ხუთი წლით ჩამოვრჩებით ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. ვუსწრებთ ჩვენზე რამოდენიმეჯერ მდიდარ, მათ შორის ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას. ისინი ჩვენზე ბევრად მეტ სახელმწიფო ფულს ხარჯავენ. ვივარაუდოთ, რომ ჯანდაცვის სისტემასაც შეაქვს წვლილი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაში. ასეთ შემთხვევაში შედეგი მიღწეულია ჯიბიდან გადახდილი 250 ლარით. თუ რეკომენდაციის შესაბამისად მოიქცევა, 250 ლარი გაიზიარებს გაუგებრად დახარჯული 45 ლარის ბედს. რაც ნიშნავს იმას, რომ 330 ლარი დღევანდელი შედეგის მიღწევას აღარ ეყოფა.

რეკომენდაცია მეორე
ვისაც არ ეზარება, ყოველ ნაბიჯზე ხსნის ბანკს, საბანკო ქსელებით დაიფარა მთელი ქვეყანა. უზომო ფული იხარჯება კლიენტის მოსაზიდად, რისთვისაც იყენებენ რეკლამას, თანამშრომლებისათვის ღიმილის სწავლებას, უამრავ უაზრო აქციასა თუ მარკეტინგულ ხრიკს. ექსპერტები რის ექსპერტები არიან, თუ მომხმარებელივით მოატყუე? მათ ზუსტად იციან, რომ საბოლოო ჯამში კაპიტალისტების მიერ დახარჯული თითოეული თეთრი პროდუქტის ღირებულებაში აისახება და ბოლოს ქ-ნი ჟუჟუნას გადასახდელი იქნება. შესაბამისად, რეკომენდაციაც ადეკვატურია. საჭიროა ერთი დიდი ბანკი. მას არ ექნება მომხმარებლის მოსაზიდად დამატებითი ხარჯების გაწევის საჭიროება. მხოლოდ მასთან მოიყრის თავს დეპოზიტები. თავის მხრივ იხეირებს მომხმარებელიც, რადგან არ მოუწევს დროის და ენერგიის ფუჭი ხარჯვა უკეთესი წინადადების ასარჩევად და, რაც მთავარია – გაიაფდება კრედიტები!

„გამოყენებულ იქნეს შემდეგი ზომები:
5. ცენტრალიზაცია კრედიტისა სახელმწიფოს ხელში, სახელმწიფო კაპიტალით და უცილობელი მონოპოლიით აღჭურვილი ნაციონალური ბანკის შემწეობით”.
კარლ მარქსი
კომუნისტური პარტიის მანიფესტი


მარქსის შეგონებაზე ლამის 20 წელია, უარი ვთქვით. ქ-ნ ჟუჟუნას შეიძლება გაუჭირდეს მეცნიერულად ახსნას რატომ ვერ მუშაობს ცენტრალურად დაგეგმილი ეკონომიკა, მაგრამ მიღებული მწარე გამოცდილება კარნახობს, რომ მარქსისათვის დაჯერება არ ღირს.

მესამე რეკომენდაცია
მომსახურების ან პროდუქტის გამყიდველისათვის და მყიდველისათვის ურთიერთხელსაყრელი ხარისხის და ფასის კომბინაცია დგინდება შეთანხმებით. ოპტიმალური ფასის განსაზღვრის სხვა მეთოდი კაცობრიობისათვის ჯერ უცნობია.

ბევრს ალბათ გინახავთ ჰოლივუდური ბლოკბასტერი „მატრიცა”. ადამიანების უმრავლესობა სიზმრის მსგავს მდგომარეობაში ცოცხლობს სუპერკომპიუტერის მიერ შექმნილ, კომპიუტერული თამაშის მსგავს ვირტუალურ სამყაროში, რომელსაც მატრიცა ჰქვია. ვინაიდან თამაშში ყველაფერი მათემატიკურად გათვლადია, ცნობილია რა დაჯდა საავადმყოფოს მშენებლობა, აღჭურვა, რამდენი დრო და ფული დაიხარჯა სტანდარტული ცოდნის მქონე ექიმების და სხვა პერსონალის მოსამზადებლად. ცნობილია აგრეთვე თითოეული მედიკამენტის შექმნის და პაციენტის პალატამდე მისი მიტანის ღირებულება. ვირტუალურ თამაშში მოთამაშეებს შორის შეთანხმება არაეფექტური იქნება. ამიტომ აგენტი სმიტი მატრიცაში არსებული მონაცემთა ბაზებიდან დათვლის თითოეულ შემთხვევაში მომსახურების ოპტიმალურ ხარისხსა და ღირებულებას.
მატრიცაში მცხოვრები ხალხი ბედს განსაკუთრებულად არ უჩიოდა. მის შემქმნელსაც ბოროტი განზრახვა, ჩემი მეგობრის მსგავსად, არ ჰქონდა. ცხოვრება კომპიუტერულ თამაშს მხოლოდ გარეგნულად ჰგავს. რეალური ცხოვრება სხვა პრინციპით იმართება და ვითარდება.

ქ-ნი ჟუჟუნაც, ასეული მილიონი მაყურებლის მსგავსად, მატრიცასთან მებრძოლი ნეოს გულშემატკივარია. ევროპელისაგან განსხვავებით, უფრო საფუძვლიანი მიზეზიც აქვს. მას საბჭოთა კავშირში – მატრიცას დაბალტექნოლოგიურ ანალოგში მოუწია ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება. რატომ უნდა უნდოდეს, რომ მისმა შვილმაც ისეთ გარემოში იცხოვროს, რამაც მის ცხოვრებაში ერთხელ უკვე არ გაამართლა?

სამწუხაროდ, თითოეულ რეკომენდაციას ნაწილობრივ ვასრულებთ. მესამე რეკომენდაციას განსაკუთრებით დიდი ზიანი მოაქვს ქ-ნი ჟუჟუნასათვის. სამართალი სისტემაში მონოპოლიზებული აქვს სახელმწიფოს და ვერ ახერხებს მკურნალობის დროს მიყენებული ზიანის ადეკვატური ანაზღაურების მიღებას, რაც 250 ლარისაგან უფრო დიდ სარგებელს მიაღებინებდა. ამიტომ მან და მოქალაქეების დიდმა ნაწილმა შეიძლება დაიჯეროს, რომ რეფორმა ჩავარდა. კმაყოფილები არც ევროპელი მეგობრები არიან. თუმცა ორივე მხარეს რეფორმა და მისი წარმატება

განსხვავებულად ესმის.
თუ ამ რეკომენდაციებს მივიღებთ და ყველაფერს საწინააღმდეგოდ გავაკეთებთ, შეიძლება ჯერ ჩვენი ქალბატონი აღმოჩნდეს კმაყოფილი, შემდეგ კი ევროპელებსაც მოვუტანოთ სიკეთე. რატომაც არა? შეიძლება საქართველოს იმპორტ-ექსპორტის სალდოს დაბალანსებაში ახალმა საექსპორტო პროდუქტმა – ჯანდაცვის სისტემის მოწყობის შესახებ საკონსულტაციო მომსახურებამ შეიტანოს წვლილი.

კომენტარები