კითხვა მოდაშია

ზოე ვალდესი
 ჯერ კიდევ ორი წლის წინ მოდაში იყო ანდერგრაუნდი და ბოჰემური იმიჯი. ამ ზაფხულს ერთმნიშვნელოვნად მოდაშია საქმიანი ქალისა და მამაკაცის იმიჯი. თუ ადრე პოპულარული კაფეები ხალხით მხოლოდ გვიან საღამოდან ივსებოდა, ამ სეზონზე თითქმის ყველა მათგანში აქტიურობა დილიდან იწყება. საუზმე და საქმიანი ლანჩი რომელიმე მოდურ კაფეში დღეს უფრო „მოდურად” ითვლება, ვიდრე ვახშამი და დილამდე კოქტეილის წრუპვა ღამის კლუბში. შესაბამისად, ახალ, მოდურ ტენდენციას ახალი აქსესუარები და ქცევის წესებიც მოaჰყვება: კაფეში, გვერდითა ცარიელ სკამზე სათუთად მიწოლილი ნოუთბუქის კეისი, მაგიდაზე ისე, აქცენტირების გარეშე დადებული მხოლოდ 1 beep-ზე დაყენებული „ბლექბერი”, მის გვერდით მხოლოდ ვიბრაციაზე ჩართული, იაფი და „საყვარლად” ძველი მეორე მობილური. ყველაფერ ამას თუ დაუმატებთ ნახევრად სავსე ყავის ჭიქას მაგიდაზე და ცოტა გაქექილ, სადღაც შუაზე გადაშლილ წიგნს ხელში, თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ სეზონის „ტრენდი” ხართ.
მაგრამ თუ კაფეებში საუზმე, ლანჩი, სადილი და ვახშამი არ გიყვართ, გიყვართ მაგრამ არ გცალიათ, მეუღლე ან დედა ბევრად უფრო გემრიელად გაჭმევთ სახლში ან, უბრალოდ, თქვენი ბიუჯეტი სულაც არ ითვალისწინებს ფულის ასე უყაირათოდ ხარჯვას, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ სეზონზე მოდური ვერ იქნებით. მგონი პირიქითაც, რადგან ჩემი შემდეგი რჩევა უფრო მეტი ადამიანის გარემოცვას ითვალისწინებს, ვიდრე პაწაწინა კაფეები. მოდას კი უყვარს შემფასებელი. მოკლედ, აქამდე ყვითელ ავტობუსში ან სამარშრუტოში, ყველაზე დიდი, რითაც შეგეძლოთ ყურადღება მიგექციათ, იყო ყურში ipod-ის ყურთსასმენები, თავის უდარდელი ქიცინი და, პერიოდულად, არაადეკვატური ხმების გამოცემა ან მობილურ ტელეფონზე ტეტრისის თამაშისას თითების უკონტროლო მოძრაობა. ახლა წარმოიდგინეთ იგივე ტრანსპორტი, ფანჯარაში მოწყენილად მომზირალი მგზავრები და თქვენ! მუხლზე გადაშლილი წიგნით, განყენებული ღიმილით და რეალური სამყაროსგან სრული იზოლაციის შესაშური აურით. დამიჯერეთ, ამ შემთხვევაში თქვენ აბსოლუტურად ყველა მგზავრის (მძღოლის ჩათვლით) ყურადღების, კეთილი შურის, პატივისცემისა და მიბაძვის სურვილის აღძვრის ობიექტი ხართ. მოკლედ, მოდის უახლესი ტენდენციების ავანგარდში ადგილი გარანტირებული გაქვთ.

ვიდრე დავიწყებდე, სამი განცხადება:
1. ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა წიგნი წაკითხული მაქვს და ჩემს პირად ემოციებს უნდა ენდოთ.
2. ქვემოთ მოყვანილი ყველა წიგნი თბილისის წიგნის მაღაზიებში მაქვს ნაყიდი.
3. სისტემატიზაციისა და კლასიფიკაციის მანიაკი ვარ და ამიტომ ამ ზაფხულს წასაკითხი წიგნების ანოტაციას ჟანრების მიხედვით დახარისხებულს მოგაწვდით

ჰორორი
თუ დასვენება სახლში გიწევთ, შვებულება ჩაგეშალათ ან ძალიან მოსაწყენ ადგილას ისვენებთ, დეპრესია მოგეძალათ და ეს-ესაა ზაფხული უნდა ჩაგიშხამოთ, წაიკითხეთ ჰორორი. კოჯი სუძუკის „ზარი” და „ზარი 2”. ჯერ ერთი, ისეთი საშიშია, რომ ყველა პრობლემა დაგავიწყდებათ, მეორეც, ისეთი საშიშია და იმდენ ადრენალინს გამოიმუშავებთ, რომ სულ პატარა, უმნიშვნელო სიხარულიც კი უზარმაზარ ბედნიერებას მოგანიჭებთ. მოკლედ, დეპრესიასთან და საკუთარი თავის შეცოდებასთან ბრძოლის საუკეთესო ხერხი - ჰორორი.
1957 წელს დაბადებულ კოჯი სუძუკის დამთავრებული აქვს იაპონიის უნივერსიტეტი „კეიო” სპეციალობით „ფრანგული ლიტერატურა”. მისი სადებიუტო რომანი Rakuen (1990) დაჯილდოებულია პრემიით Japan Fantasy Novel Award. ფართო საზოგადოებისთვის კოჯი სუძუკი ცნობილი გახდა ბესტსელერების ტრილოგიით “ზარი”.

კოჯი სუძუკი „ზარი” (Ring)
იაპონელი მწერლის პირველი გახმაურებული რომანი. 1991 წელს გამოცემისთანავე ბესტსელერი გახდა. დღეისთვის მისი სამი კინოეკრანიზცია არსებობს. 1998 წელს გადაიღეს იაპონური ვერსია, რომელიც საშინელებათა ჟანრის ფილმის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. 1999 წელს გამოჩნდა სამხრეთკორეული ვარიანტი, 2002 წელს კი კინოეკრანებზე გამოვიდა ამავე სახელწოდების ამერიკული რიმეიკი.
ეს დრამატული და საიდუმლოებებით აღსავსე ისტორია იწყება იმით, რომ ერთსა და იმავე დღეს და ერთსა და იმავე საათს ერთდროულად ოთხი ადამიანი კვდება.

„ზარი 2” (Spiral)
1995 წელს გამოცემული კოჯი სუძუკის ეს რომანი „ზარის” სიუჟეტური გაგრძელებაა.
მოვლენათა ათვლა ამ რომანში პროფესორ რუძი ტაკაიამას სიკვდილიდან იწყება. მისივე კოლეგა, პათოლოგოანატომი ანდო, გარდაცვლილი პროფესორის გვამის გაკვეთისას ტაკაიამასგან საიდუმლო და ძნელად ამოსახსნელ გზავნილებს წააწყდება. გარდაცვლილი ცდილობს, ექიმს საკუთარი დნმ-ის მეშვეობით გადასცეს ინფორმაცია. წიგნის გმირები უცნაური ვიდეოკასეტის შემთხვევით ნახვის შემდეგ იხოცებიან. არავინ იცის, საიდან გაჩნდა ეს ფირი. ჩვენ მხოლოდ ვიცით, რომ თუ ვირუსმა მუტაცია განიცდა, მისი გამრავლებისა და გავრცელების შეჩერება თითქმის შეუძლებელია.
თუ ამ ორივე წიგნის წაკითხვა გეზარებათ, სულ ერთია, რომელს აირჩევთ, ორივე დამოუკიდებელ რომანად იკითხება. და თუ პირიქით, „შეჯექით” სუძუკის ლიტერატურულ ჰორორზე, მიაყოლეთ ტრილოგიის მესამე წიგნიც „ზარი 3” (Loop, 1998).


„დეტექტივი”

არსებობს აზრი, რომ დეტექტივის კითხვა სირცხვილია და ამ ჟანრის წიგნებს მხოლოდ არაინტელექტუალები ეტანებიან. აბსოლუტური სისულელეა! ჯერ ერთი, ამ ჟანრის ერთ-ერთ ფორმას პირდაპირ „ინტელექტუალური დეტექტივი” ეწოდება და, მეორეც, შეგახსენებთ, რომ ზაფხულია და რა წონის ან აღნაგობისაც არ უნდა ვიყოთ, ზღვის სანაპიროზე ბიკინით, საცურაო კოსტიუმით და „შლოპანცებით” ხომ ვიმოსებით. ეს სირცხვილია?! ჰოდა, არც დეტექტივის კითხვაა სირცხვილი. განსაკუთრებით ზღვაზე.

ჟან-კრისტოფ გრანჟე. „წეროების გადაფრენა” (Le vol des cigognes)
ჟან-კრისტოფ გრანჟემ სორბონის სამაგისტრო ხარისხი გუსტავ ფლობერის შემოქმედების კვლევით მოიპოვა. სარეკლამო სააგენტოში კოპირაიტერად მუშაობის შემდეგ, 1989-ში, 28 წლის გრანჟე უკვე საკმაოდ ცნობილი საერთაშორისო ჟურნალისტია და თანამშრომლობს ისეთ გამოცემებთან, როგორიცაა: Paris Match, Sunday Times და National Geographic. მიღებული აქვს Reuter-ის (1991) და World Press-ის (1992) პრემიები.
ჟან-კრისტოფ გრანჟეს პირველივე რომანები „წეროების გადაფრენა” (1994) და „მეწამული მდინარეები” (1998) საფრანგეთში ნახევარმილიონიანი ტირაჟით გამოიცა. დღეს გრანჟეს რომანები მსოფლიოს 20 ენაზეა თარგმნილი და მათი ეკრანიზაციის უფლებას ევროპული და ამერიკული კინოსტუდიები ერთმანეთს ეცილებიან. მას ეკუთვნის სცენარი ფილმისთვის Vidocq.
le matin de Paris წერდა, რომ ჟან-კრისტოფ გრანჟეს გამოჩენით ფრანგულმა ლიტერატურამ საკუთარი სტივენ კინგი შეიძინა.
Figaro-ს შეფასებით, გრანჟე თავისი ჟანრის გენიოსია. მისი სიუჟეტები მაკიაველისეული სვლებითა და გამომგონებლობით გამოირჩევა.
ახალგაზრდა მეცნიერ-ფილოსოფოსი ცნობილი შვეიცარიელი ორინტოლოგის უცნაურ შეთავაზებას იღებს. მან თვალი უნდა ადევნოს წეროების მიგრაციას და დაადგინოს რამდენიმე ასეული წეროს ევროპაში, საკუთარ ბუდეებში არდაბრუნების მიზეზი. უკვე აღარ გინდათ ამ სისულელის წაკითხვა, ხომ? მაგრამ, გეფიცებით, ეს წიგნი წეროებსა და მათი მიგრაციის თავისებურებებზე არ არის. როგორც კი ახალგაზრდა ფილოსოფოსი რაღაც მიზეზების გამო თანხმდება ამ, ცოტა არ იყოს, აბსურდულ სამუშაოს, მეორე დღესვე ორინტოლოგს, უუცნაურეს პირობებში, წეროს ბუდეში გარდაცვლილს პოულობენ. მოკლედ, ახალგაზრდა მეცნიერი მაინც გადაწყვეტს დავალების შესრულებას და იწყება სირთულეებით აღსავსე მოგზაურობა ევროპაში - ალმასების კონტრაბანდა, ორგანოების ტრანსპლანტაცია, ფანტასტიკური გეოგრაფიული ექსკურსიები, დევნა და გაქცევა, საოცარ საიდუმლოებებზე სრულიად მოულოდნელი პასუხები - სიუჟეტი ძალიან დინამიკურად ვითარდება. რთული და ჩახლართული ინტრიგის, შემზარავი ჰიპერრეალისტური სცენების მიუხედავად, მწერლის სტილი ლამაზი, ფერადოვანი და ბრწყინვალეა.

თანამედროვე სატირული რომანი

კრისტოფერ ბაკლი - “ბუმის დღე” (Boomsday)
ამერიკელი მწერალ-სატირიკოსისა და ჟურნალისტის, კრისტოფერ ტეილორ ბაკლის კარიერა თავიდანვე წარმატებულად დაიწყო. 24 წლისა უკვე ჟურნალ Esquire-ის რედაქტორია, 29 წლისა თავის პირველ ბესტსელერს აქვეყნებს და ჯორჯ ბუში-უფროსის სპიჩრაიტერის თანამდებობას იკავებს. უკანასკნელი 20 წელია, ბაკლი ჟურნალ „ფორბს ლაიფს” ხელმძღვანელობს. მისი 11 რომანიდან 5 გამოცემისთანავე ბესტსელერი გახდა, ხოლო 9 მათგანმა, New york times-ის ვერსიით „წლის საუკეთესო წიგნის” წოდება მოიპოვა. მწერალს ყველაზე ხმაურიანი წარმატება მოუტანა რომანმა „აქ ეწევიან” (Thank you for smoking).
რომანში „ბუმის დღე” (Boomsday, 2007) ბაკლიმ ოსტატურად გამოიყენა თავისი ხანგრძლივი ჟურნალისტური გამოცდილება, პოლიტიკური შიდა სამზარეულოს დეტალური ცოდნა და პოლიტიკოსებთან უშუალო სიახლოვის პრიორიტეტები. რომანის პერსონაჟები არიან: წარმატებული პიარსააგენტოს ხელმძღვანელი, კომპიუტერული მაგნატი, კათოლიკური ეკლესიის მაღალი წოდების წარმომადგენელი და თვით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, „ცოდვილი და უწმაწური ბებერი”. რომანის მთავარი გმირი კი ახალგაზრდა ბლოგერი გოგონაა, რომელიც ინტერნეტსივრცის მეშვეობით ხდება მასობრივი საპროტესტო მოძრაობის ლიდერი. 1946-1964 წლების ამერიკაში რეკორდული და უკონტროლო შობადობის შედეგად დაბადებული ადამიანების, ე.წ. „ბეიბი-ბუმერების” პენსიაზე გასვლის გამო შექმნილი ფინანსური პრობლემების გადაჭრის აბსურდული გეგმა ზუსტად არჩევნების წინა პერიოდში ექცევა თეთრი სახლის ყურადღების ცენტრში.

„საუნივერსიტეტო” რომანი

მალკოლმ ბრედბერი - “ისტორიული
პიროვნება” (The History Man)
ტერმინი campus novel 1952 წელს გაჩნდა, მას მერე, რაც ჟურნალ New Yorker-ში ამერიკელი მწერლის მერი მაკკარტნის რომანის The Groves of Academy-ის პირველი თავი დაიბეჭდა.
მალკოლმ ბრედბერის „ისტორიული პიროვნება” (1975) ე.წ. campus novel-ის ანუ „საუნივერსიტეტო” რომანის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია. უფრო სწორად, სერ მალკოლმ ბრედბერის, რადგან, 2000 წელს, ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას სერის ტიტული და რაინდის წოდება მიენიჭა. რაც მთავარია, ბრიტანელი მწერალი, აკადემიკოსი, კრიტიკოსი და ბუკერის პრემიის ლაურეატი მალკოლმ ბრედბერი არ უნდა აგვერიოს „ფანტასტიკის მეტრად” აღიარებულ გენიალურ ამერიკელ მწერალ რეი ბრედბერიში. და კიდევ ერთი ინფორმაცია: მალკომ ბრედბერი ერთ-ერთი გამორჩეული და ძალიან ნიჭიერი მწერლის კაძუო ისიგუროს ლიტერატურის პედაგოგი იყო!
მალკოლმ ბრედბერის რომანში მოქმედება XX საუკუნის 60-70-იან წლებში ვითარდება. რომანის ცენტრშია კერკების ოჯახი. ქმარი, ჰოვარდი, უნივერსიტეტის პროფესორია და სოციოლოგიას ასწავლის, ცოლი, ბარბარა, სხვადასხვა, რადიკალურად განწყობილი საზოგადოებრივი მოძრაობისა და ორგანიზაციის აქტიური მონაწილეა. ორივე ძალიან დაკავებული, საქმიანი ადამიანია, თუმცა, მათ ძალიან მჭიდრო და დაძაბულ სამუშაო გრაფიკში ყოველთვის გათვალისწინებული და წინასწარ დაგეგმილია ხალხმრავალი წვეულებები. ჰოვარდი და ბარბარა უკვე 12 წელია დაქორწინებული არიან, ორივეს ჰყავს საყვარელი - ბარბარას მუდმივი, ჰოვარდს - ხშირად ცვალებადი. ამ წიგნის კითხვისას მთლიანად ეფლობი 60-70-იანი წლების ატმოსფეროში. აქ ოჯახური ყოფითი პრობლემები საუნივერსიტეტო ცხოვრების პერიპეტიებსა და ინტრიგებს არ ჩამოუვარდება. ქაოსურ წვეულებებზე კი შემთხვევითი სექსუალური აქტები და ჰეგელსა და კანტზე ბახუსნარევი დისკუსიები გვერდიგვერდ ოთახებში, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე იმართება. ლიტერატურული ენა ძალიან ბუნებრივია და ტექსტი თავიდან ბოლომდე ისეთი იუმორითაა დაწერილი, რომ წიგნის დამთავრებისთანავე გინდება, მალკოლმ ბრედბერის კიდევ რამე წაიკითხო.
P.S. საგანგებო და განსაკუთრებული მადლობა დავით პაიჭაძეს, რომელსაც წიგნის მაღაზიაში შემთხვევით შევხვდი და მისი ემოციური და დაჟინებული რეკომენდაციით ვიყიდე ეს ფანტასტიკური წიგნი.


„დიდი წიგნი”

სალმან რუშდი - “ჯამბაზი შალიმარი”
(Shalimar the Clown)
ეს არის მწერალი, რომლის წაკითხვაც შემიძლია უამრავჯერ გირჩიოთ. მისი სახელი ბევრ ენაზე იწერება და სხვადასხვაგვარად გამოითქმის. ინგლისურად - Ahmed Salman Rushdie, ურდუზე- , ეს ყველაფერი კი იმიტომაა აუცილებელი, რომ ინდური წარმოშობის რუშდი დღეს ბრიტანელ მწერლად ითვლება (1947 წელს ბომბეიში დაბადებული რუშდი 1964 წელს ბრიტანეთის მოქალაქე ხდება).
1988 წელს გამოდის რუშდის სკანდალური რომანი The Satanic Verses (სატანური ლექსები), რომლის ერთ-ერთი თავისუფალი მორალის მქონე და არც მთლად დადებითი პერსონაჟი წინასწარმეტყველი მუჰამედის პროტოტიპია. რომანმა მუსლიმურ სამყაროში საშინელი აღშფოთება გამოიწვია. აიათოლა ჰომეინიმ საჯაროდ დაწყევლა რუშდი თავის ფატვაში (ფატვა - განაჩენი, რომელიც ეყრდნობა ისლამის პრინციპებს, შარიათის კანონებს და მუსლიმური იურიდიული პრაქტიკის პრეცედენტებს) და სიკვდილი მიუსაჯა არა მარტო მწერალს, არამედ ყველა იმ პირს, ვინც ამ წიგნის გამოცემაში მონაწილეობდა. ჰომეინიმ ამ განაჩენის განხორციელებისკენ მსოფლიოს ყველა ჭეშმარიტ მუსლიმს მოუწოდა (სხვათა შორის, ეს ეპიზოდი გახდა დიდ ბრიტანეთსა და ირანს შორის დიპლომატიური კავშირის გაწყვეტის მიზეზი).
სალმან რუშდის ლიტერატურული დებიუტი - ნახევრად სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი Grimus 1975წ. - მკითხველისა და კრიტიკოსებისთვის სრულიად შეუმჩნეველი დარჩა. სამაგიეროდ, მისმა შემდეგმა რომანმა Midnight’s Children 1993 წელს მიიღო პრესტიჟული პრიზი booker of bookers (ბუკერის ბუკერი), როგორც 25 წლის განმავლობაში ბუკერის პრემიით დაჯილდოებულ წიგნთა შორის საუკეთესომ. 2008 წელს, ლონდონში, მკითხველთა ინტერნეტგამოკითხვით, ბუკერის პრემიის არსებობის 40 წლის განმავლობაში ლაურეატებს შორის საუკეთესოდ კვლავ სალმან რუშდი დასახელდა.
2005 წელს რუშდი წერს თავის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ რომანს „ჯამბაზი შალიმარი”. ეს, ერთი მხრივ, მონუმენტური, ეპიკური თხზულებაა, მეორე მხრივ კი, დიდი სიყვარულის, დამანგრეველი ვნების, სასტიკი შურისძიების საოცრად ინტიმური, ტრაგიკული ამბავი. მოქმედება ვითარდება ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში და, რაც მთავარია, ქაშმირში. ვერც ერთ ფოტოზე ვერ ნახავთ ისეთ ქაშმირს, როგორიც ამ წიგნშია აღწერილი, ვერასოდეს მოისმენთ იმ მელოდიებს, რომლებსაც ამ წიგნის გმირები მღერიან, ვერსად ვერ შეიგრძნობთ იმ სურნელს, რომელსაც ქაშმირის ბაღები აქ აფრქვევენ, ვერანაირ ფასად ვერ გასინჯავთ იმ კერძებს, რომლებსაც ქაშმირელები ამზადებენ და არავინ გაჩვენებთ იმ ილეთებს, რომელსაც ჯამბაზი შალიმარი ორ ჯოხს შორის გაჭიმულ თოკზე ასრულებს. მოკლედ, ქაშმირი დაკარგული სამოთხეა, სადაც მხოლოდ სალმან რუშდის ამ რომანის წაკითხვით შეიძლება მოხვდეთ.
თუ ჩემმა ანოტაციამ მაინც არ მოგანდომათ ამ წიგის წაკითხვა, მაშინ იქნებ ამ ინფორმაციაზე „წამოეგოთ”: ჯგუფ U2-ს ცნობილი სიმღერა The Ground Beneath Her Feet სალმან რუშდის ტექსტზეა დაწერილი.
დაბოლოს, ინფორმაცია რუშდის ფანებისთვის: 2010 წლის ბოლოს იგეგმება მწერლის ახალი რომანის (სავარაუდო სახელწოდებით „ცხოვრების ცეცხლი და ბრძოლა”) გამოცემა. რუშდი ამ რომანზე ბოლო 20 წელია მუშაობს.

ფენტეზი

ჩარლზ დე ლინტი - „მთვარის გული” (Moonheart, 1984)
„მე არ მინდა, ფულისთვის ვწერო. მე მინდა, ფული მიხადონ იმაში, რასაც ვწერ,” - ასეთია კანადელი მწერლის ჩარლზ დე ლინტის პრინციპი.
თავად მწერალი თავის შემოქმედებას „მითოლოგიური ფენტეზის” ჟანრს მიაკუთვნებს. ზოგიერთი კრიტიკოსი დე ლინტს არა მარტო ფენტეზის, არამედ ჰორორის ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ავტორადაც მიიჩნევს. თვითონ დე ლინტის საყვარელი მწერლები არიან მელორი, უაიტი, ტოლკინი, სუონი, ნორტონი, საიმაკი, ჟელაზნი, კინგი და ბარბარა კინგსოლვერი. ავტორის ლიტერატურული გემოვნების მსგავსად, მისი რომანი „მთვარის გულიც” ამ ორ ჟანრს შორის არის გაჩხერილი, თუმცა, ჩემი აზრით, ის უფრო ფენტეზია, ვიდრე „საშინელებათა ჟანრის” რომანი.
მე ამ წიგნის წაკითხვას ვურჩევ ადამიანებს, ვინც ამ ზაფხულს შვებულებაში საერთოდ ვერ გადის, იძულებულია იმუშაოს და მხოლოდ შვებულებიდან „მცოცავი გრაფიკით” დაბრუნებული გარუჯული და დასვენებისგან ეგზალტირებული თანამშრომლების საზაფხულო თავგადასავლების თხრობას უსმინოს. ამ წიგნს ვურჩევ მათ, ვინც საშინლად დაიღალა ნაცრისფერი, მოსაწყენი ყოველდღიურობისგან და გულის სიღრმეში სევდიანად ოცნებობს ამ დაუნდობელი რეალობიდან სხვა, ჯადოსნურ, საოცარ რეალობაში მოხვედრაზე.
წიგნის მოქმედება პარალელურად თანამედროვე ოტავაში და „სხვა სამყაროშიც” ვითარდება. ამ მოქმედების ცენტრშია ჩვეულებრივი სახლი, რომელსაც უამრავი კარიც აქვს და მაგიური თვისებებიც. ახალგაზრდა სარა ქენდელი მოხუც ანტიკვარ ბიძასთან ერთად სწორედ ამ სახლში ცხოვრობს. ანტიკვარის ფარდულში ნაპოვნი არტეფაქტები სარას და მთლიანად ქალაქის ცხოვრებას ძირეულად შეცვლის. ირმის ძველი, ტყავის ქისა, გარეული ცხოველის კლანჭი, ხორბლის მარცვლები, ძვლისგან გამოთლილი მინიატიურული დისკო კელტური ორნამენტით და ისეთივე ორნამენტიანი ოქროს ბეჭედი - შემთხვევით ნაპოვნი ეს ნივთები „ძველ” და „ახალ” სამყაროებს დააპირისპირებს ერთმანეთთან.
კანადის სამეფო საცხენოსნო პოლიციაში საიდუმლო განყოფილებაა, რომელიც პარანორმალურ შემთხვევებს იძიებს (წარმოიდგინეთ, X file და აგენტი მალდერი, ოღონდ ცხენზე ამხედრებული). მათი ეჭვმიტანილი, ადრე გზააბნეული, მოხეტიალე მუსიკოსი კი ახლა უკვალოდ და საეჭვოდ დაკარგული მაგისა და მედიუმის - თომას ჰენგუერის ახალგაზრდა მოსწავლე კირიან ფოგია.
მაგის ზებუნებრივი ნიჭი მოსვენებას არ აძლევს ერთ გავლენიან პოლიტიკოსს, რომლის აკვიატებული ოცნება მარადიული სიცოცხლის საიდუმლოს ამოცნობაა. მაგრამ არავის ახსოვს, რომ ამ სამყაროში ყველაზე დიდი შეცდომა ჩვენი რეალობის მიღმა მთვლემარე ბნელი ძალების გამოღვიძებაა. და იწყება... ბრძოლა მახინჯ მონსტრებთან, სიყვარული, პოლიტიკური ინტრიგები, რომანტიკა, მითოლოგია, მაგია, ეზოთერიკა, დეტექტივი და რეალიზმი - ეს ყველაფერი ერთ წიგნში, მაგრამ სხვადასხვა განზომილებაშია. კელტური თქმულებები, ინდიელთა ლეგენდები, პოლიციური ოპერაციები თანამედროვე იარაღით და შეტაკებები შუბებით და მაგიის ხრიკებით, მაგიური არსება mal-ek-ი, ჯადოსნური, მახინჯი tragg-ები და კეთილი kvin-on-ნი - ეს ის ანტურაჟია, რომელშიც რომანის გმირები ეძებენ საკუთარი ცხოვრების აზრს, ამ ცხოვრებაში საკუთარ ადგილს და დანიშნულებას, თავიანთ სულს, თავიანთ ტოტემს და თავიანთ სიყვარულს. და პოულობენ - სხვა რეალობაში, სხვა განზომილებაში, დროებს შორის უფსკრულზე გადებულ ვიწრო და საშიშ ზღვარზე. მთავარია, სწორი კარი შეაღო. მათ კი, ვინც ეს წიგნი უსაზღვრო სიღრმის, ფილოსოფიური წიაღსვლებისა და გონების ინელექტუალური სავარჯიშოების მოლოდინით წაიკითხა, უბრალოდ, კარი შეეშალათ.

ეროტიკული რომანი

ზოე ვალდესი - „კაფე ნოსტალგია”
(Cafe Nostalgia, 1997)
კუბელი მწერალი და პოეტი ქალი ზოე ვალდესი 1959 წელს ჰავანაში დაიბადა. 1995 წლიდან პარიზში ცხოვრობს. კუბაში ის პორნოგრაფიული ლიტერატურის მწერლად ითვლება და მისი წიგნები აკრძალულია. ამის მიუხედავად, ზოე ვალდესი უამრავი ლათინოამერიკული, ესპანური და ევროპული პრესტიჟული სალიტერატურო პრემიის მფლობელია. 1998 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრია, 1999 წელს საფრანგეთის ხელოვნების და ლიტერატურის ორდენის კავალერი ხდება. ზოე ვალდესს არაერთხელ საჯაროდ გამოუხატავს თავისი აღშფოთება გაბრიელ გარსია მარკესის მიმართ, მის მიერ ორმაგი სტანდარტების გამოყენებისა და ფიდელ კასტროს რეჟიმის ღია მხარდაჭერის გამო.
ვალდესისთვის არ არსებობს აკრძალული, ტაბუირებული თემები. „უსირცხვილო ჟანრისადმი” მიდრეკილებას მწერალი ხუმრობით იმით ხსნის, რომ ჰავანას ცხელი კლიმატის გამო მას წერა შიშველს უფრო ეხერხება და სკამზე დაფენილი ბეწვიანი შალითა მის ფანტაზიას გარკვეული მიმართულებით აღვივებს.
რომანი „კაფე ნოსტალგია” პრუსტისა და კორტასარის ნაზავს მოგაგონებთ. ამ რომანის გმირების ცხოვრების ორიენტირები ყნოსვა და გემოა - აქ მეგობრებს ბაზილიკუმისა და მანგოს კომპოტის სურნელი აქვთ, შეყვარებულებს - დარიჩინის, ხოლო დაკარგულ სამშობლოს - ჯადოსნური ხილის, მამეის გემო.
მთავარ გმირს სახელი მარსელა პრუსტის პატივსაცემად ჰქვია. სწორედ პრუსტის კითხვა აგდებს მას ისეთ ექსტაზში, რომ ჭამაც ავიწყდება, სმაც, თანახმაა, ავადაც გახდეს და გაგიჟდეს, ოღონდ კი პრუსტი იკითხოს. მარსელა წარმოშობით კუბელია, მოწოდებით - ფოტოგრაფი, პროფესიით - ვიზაჟისტი. თავისუფალ დროს კითხვა უყვარს, რადგან ამ პროცესში „სხვისი ცხოვრებით” ცხოვრება მას ფიზიოლოგიურ სიამოვნებას ანიჭებს. რომანის ემოციური კულმინაცია შოკისმომგვრელი გულწრფელობით აღწერილი კანიბალური ეროტიკული ეპიზოდია. ეს, რა თქმა უნდა, მეტაფორული ტექსტია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, ორსულ ქალებს ვურჩევ, ბოლო სამი გვერდის წაკითხვისგან თავი შეიკავონ. ზღვარგადასული ანატომიურ-გასტრონომიულ-სექსუალურ-კანიბალისტური ტექსტის მიუხედავად, ზოე ვალდესის ეს რომანი სულაც არ არის უხამსი, რადგან ის არაჩვეულებრივი და ნამდვილი მწერალია. პორნოგრაფია ხელოვნურობასა და უნიჭო რეალისტურობას გადაჰყავს უხამსობაში, „კაფე ნოსტალგია” კი სიცოცხლის სიყვარულის, ნამდვილი, შეუფარავი ემოციების ზეიმია, რომლის კითხვისას ეგზოტიკური ყვავილების სურნელს აფრქვევს და ძალიან, ძალიან დიდხანს არ იფანტება.
„სიყვარული - ეს სწორედ ისაა, რაც მაძლევს საშუალებას, არ მიყვარდეს ბანალურად... სიცოცხლე - ეს ზუსტად ისაა, რაც მიშლის, რომ ვიცხოვრო უდარდელად, რადგან ჩემი ცხოვრება ძალიან ემოციურია... კითხვა კიდევ უფრო მიღვივებს წაკითხვის სურვილს”.
ზოე ვალდესი - „კაფე ნოსტალგია”

„არკითხვის” ყველაზე ხშირი 10 მიზეზი, მათი აღმოფხვრის საშუალებები და გულწრფელი ემოციები

1. „იმდენი პერსონაჟია, რომ ვერ ვიმახსოვრებ” - დაბრუნდით უკან და გადაიკითხეთ. თუ არ გშველით, მიიღეთ „ბილობილი”. ეს მცენარეული პრეპარატია, ვფიქრობ, არ გავნებთ, მაგრამ მაინც ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
2. „პირველი გვერდი წავიკითხე და საერთოდ არ დამაინტერესა” - იცით, მეორე გვერდზე რა საინტერესო რამეები ხდება! აბა, სცადეთ!
3. „კითხვა მინდა, მაგრამ თვალებს ძალიან მტკენს” - იქნებ შუქი აანთოთ. თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, საკითხავი სათვალე მოირგეთ.
4. „ვიწყებ თუ არა კითხვას, მეძინება” - სამაგიეროდ ძილის წამალი აღარ გჭირდებათ. იკითხეთ და იძინეთ!
5. „ახლა კოელიოს „ალქიმიას” (??) ვკითხულობ. ძაან სხვანაირია და ნელა ვკითხულობ. ნუ, არც ისე ნელა, ჯერ სულ სამი თვეა”. ვაუ!
6. „სამაგიეროდ ზიუსკინდის „პარფიუმერია” (???) წავიკითხე უკვე!” - უკვე?!
7. „დონკი ხოტი” (!!!) ძაან სქელია” - აბსოლუტურად მართალი ხართ!
8. „მე ბავშვობაში „გრაფ მონტე კარლოს” წაკითხვა დამაძალეს და იმის მერე ვერ ვკითხულობ წიგნებს, კომპლექსი მაქვს” - ამას უკვე მივხვდი.
9. „სამი მუშკეტერი” ათასჯერ მაქვს ნანახი და რატომღა წავიკითხო?!” - ყოჩაღ!
10. და ამ ყველაფრის შემდეგ - „ნიცშეზე ვეცემი და ახლა ათი დღით აგარაკზე მივდივარ. მაგრად დავისვენებ. არც ტელევიზორი მინდა, არც მობილური. ბოლომდე უნდა დავისვენო. შოპენჰაუერი მიმაქვს. უნდა წავიკითხო”, - მიდი აბა, წაიკითხეთ. თქვენ ოღონდ რამე წაიკითხეთ!


რჩევები
1. უპირველესად, არ დაგენანოთ ფრჩხილი ან ახლად წასმული ლაქი და სასწრაფოდ ფაქიზად და ოსტატურად ააძრეთ წიგნის უკანა ყდაზე მიკრული ფასისა და კოდის აღმნიშვნელი საძაგელი თეთრი ან ფოსფორისფერი სტიკერები - პატივი ეცით წიგნის დიზაინერს და ესთეტიკის საკუთარ გრძნობას.
2. არასოდეს გადაკეცოთ წიგნის ფურცლის კუთხე „გუშინ სად გავჩერდის” მიზნით, ანუ ხვალ საიდან უნდა გააგრძელოთ კითხვა. არ იხმაროთ სანიშნად ქაღალდის ხელსახოცი, თუნდაც უხმარი, წამლის რეცეპტი ან მაღაზიის ჩეკი. კითხვა ინტიმური პროცესია, სანიშნი - ინტიმური ნივთი. და თუ მაინცდამაინც საგანგებოდ ამისთვის მოგონილი და შექმნილი სანიშნი არ მოგწონთ, ჩადეთ წიგნში თქვენი საყვარელი სუნამოს სარეკლამო პატარა მუყაოს ბარათი ან საყვარელი ფოტო. და, რაც მთავარია, არ ჩანიშნოთ წიგნი მოცულობითი ნივთებით (სათვალე, კალმისტარი, თმის სამაგრი, სანთებელა) და არ დატოვოთ წიგნი გადატრიალებულ-გაფარჩხული იმ ადგილზე, სადაც შეწყვიტეთ კითხვა - ეს საშინელი სანახავია.

 

 

კომენტარები