უფასო ყველი

ეკონომიკის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის არსი, შეიძლება გამოიხატოს ერთი წინადადებით: „ხალხის ქცევას განაპირობებს სტიმულები”. დანარჩენი კომენტარია, - ასე იწყებს თავის წიგნს სათაურით - „სავარძლის ეკონომისტი” - ამერიკელი სტივენ ლანდსბურგი. ამ წიგნში ის განიხილავს სხვადასხვა მოულოდნელ ეფექტს, რომელიც მოჰყვება, ერთი შეხედვით, გონივრულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. წიგნის პირველ თავს ჰქვია „როგორ შეიძლება უსაფრთხოების ღვედი იყოს მომაკვდინებელი”.

რაც თქვენ, ალბათ, უკვე იფიქრეთ, სწორია: უსაფრთხოების ღვედების გამოყენების კანონის ძალით იძულებამ 60-იანი წლების ამერიკაში გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობის მატება. რატომ? იმიტომ, რომ ავტოავარიის შემთხვევაში, სხეულის სერიოზული დაზიანების პერსპექტივა სტიმულს აძლევდა ამერიკელ მძღოლებს, მანქანები უფრო ფრთხილად ეტარებინათ. ღვედის გაკეთებამ კი ეს სტიმული შეამცირა.

მსგავსი რამ მომიყვა ცოტა ხნის წინათ ერთმა ტაქსის მძღოლმაც: იმ წელს, როცა მანქანა დაზღვეული ჰქონდა, ორჯერ მოუვიდა ავარია. შემდეგ წელს აღარ დააზღვია და არავის დაჯახებია: შეკეთების ფულს აღარავინ მომცემს და ამიტომ უფრო ფრთხილად ვატარებო.

ლანდსბურგის სტიმულების „კანონი” უნივერსალურია. იგი მუშაობს ყველგან და ყველასთვის, მათ შორის, ჩვენი მთავრობისთვისაც, რომელიც ასევე ხალხისგან შედგება. ჰოდა, მეც, როგორც ტიპურმა „სავარძლის ეკონომისტმა” - სახლში რომ ზის და მოვლენათა განვითარებას თვალყურს ადევნებს - მინდა შემოგთავაზოთ ჩემი კომენტარი ზოგიერთ სტიმულზე და მათ, ერთი შეხედვით, მოულოდნელ შედეგზე, ისევე, როგორც ღვედების შემთხვევაში.

ლარის მაღალი გაცვლითი კურსი და მისი სტაბილურობა მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ეკონომიკისთვის - რომელიც დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული - ასევე მთავრობისთვისაც, რადგან მოსახლეობის თვალში ლარის „ჯანმრთელობა” გაიგივებულია ეკონომიკის ჯანმრთელობასთან. ლარის კურსის ვარდნა მთავრობისთვის დიდ პოლიტიკურ პრობლემებს ნიშნავს.

ლარზე ჩვენთან პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი. როცა ბაზარზე მოთხოვნა ლარზეა, იგი ყიდის ლარებს და ყიდულობს დოლარებს და პირიქით, როცა დოლარზეა მოთხოვნა, იგი საკუთარი სავალუტო რეზერვებიდან ყიდის დოლარებს და ყიდულობს ლარებს.

2008 წლამდე, სამი წლის განმავლობაში, ლარის კურსის სტაბილურობის პრობლემა თითქმის არ არსებობდა. ქვეყანაში შემოედინებოდა უცხოური ინვესტიციები, ეკონომიკა სწრაფი ტემპებით ფართოვდებოდა, ეროვნული ყიდულობდა „ჭარბ” დოლარებს და მისი სავალუტო რეზერვებიც იზრდებოდა.

ამის შედეგია ის, რომ საქართველოდან წავიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია. ფონდი, რომლის კრედიტებით ადრე ეროვნულის სავალუტო რეზერვები ივსებოდა, უბრალოდ, აღარ იყო საჭირო. თან არა მარტო საქართველოში. იმ დროს ფონდს მსოფლიო მასშტაბით იმდენად მოაკლდა საქმე, რომ თანამშრომლების დათხოვნაც კი მოუწია.

2008 წელს აგვისტოს ომმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა სიტუაცია შეცვალა. ინვესტიციები შემცირდა და იმპორტის დასაფინანსებლად საჭირო დოლარებზე მოთხოვნის დაკმაყოფილება ეროვნულს თავისი რეზერვებიდან მოუწია. სავალუტო ფონდმაც არ დააყოვნა და გახარებულმა (ისევ საქმე გაუჩნდა!) ეროვნულს „დახმარება” შესთავაზა - ჯერ 700 მილიონი დოლარი კრედიტი, მერე კიდევ 500 მილიონი.

გაგიგიათ, ალბათ, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. სავალუტო ფონდის „დახმარებაც” სწორედ ასეთი „ყველია”. დააკვირდით ხელების მოძრაობას: ეროვნულმა ბანკმა რომ კრედიტი მიიღოს, ფონდის ფისკალური პოლიტიკის მოთხოვნები უნდა შეასრულოს... მთავრობამ. ამ მოთხოვნებს ფონდი ერთობ თავმდაბლურად „რეკომენდაციებს” უწოდებს.

რას ითხოვს (გვირჩევს) ფონდი? ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას, რაც კარგია, მაგრამ როგორ? გგონიათ, ხარჯების შემცირებით? არა. ფონდს მიაჩნია, რომ გადასახადები უნდა გავზარდოთ და საბანკო სექტორი კიდევ უფრო ვარეგულიროთ! ანუ, თუ უნდა, რომ ეროვნულ ბანკს ჰქონდეს ლარის კურსის შენარჩუნებისთვის საკმარისი სავალუტო რეზერვები, მთავრობამ უარი უნდა თქვას წინა წლების ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და ეკონომიკაში სახელმწიფოს წილის ზრდას უნდა დათანხმდეს.

ჰოდა, ჩვენი მთავრობაც, ფაქტობრივად, დათანხმდა: ცოტა ხნის წინ სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილემ კმაყოფილებით აღნიშნა: მიღება „თავისუფლების აქტისა”, რომელიც გადასახადების მომატებას მხოლოდ რეფერენდუმის გზით ითვალისწინებს, გადაიდოო.

იკითხავთ, რა შუაშია აქ ლანდსბურგის სტიმულების „კანონი”? იმ შუაშია, რომ ჩვენს მთავრობას, ფონდის „დახმარება” რომ არა, ლარის კურსის (პოლიტიკურად მნიშვნელოვანი) სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, სხვა საშუალების მოძებნის სტიმული ექნებოდა. ასეთი სხვა საშუალებაა ხარჯების შემცირება, გადასახადების არაწევა და შემდგომი ლიბერალიზაცია, რომელსაც სწრაფი ეკონომიკური ზრდა მოჰყვებოდა (2008 წლამდე ასე იყო). მაგრამ ფონდის მილიარდიანმა „უსაფრთხოების ღვედმა” ეს სტიმული გააქრო, რითაც, ჩემი აზრით, კი არ დაეხმარა საქართველოს, არმედ ავნო - ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანას, რომლისთვისაც სავალუტო ფონდს აქამდე გაუწევია „დახმარება”.

კომენტარები