ღარიბს ართმევს მდიდარს აძლევს

 საქართველოს კონსტიტუციის პირველ აბზაცში წერია, რომ საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა, სხვა ბევრ რამესთან ერთად, „დაამკვიდრონ სოციალური სახელმწიფო”. ამბობენ, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, რადგან მოსახლეობის ნახევარი „სიღარიბის ზღვარს” ქვემოთაა. მუდმივად ისმის მოწოდებები ერთი ან მეორე სოციალური ჯგუფის დახმარების აუცილებლობის შესახებ. ოპოზიცია პერმანენტულად ითხოვს პენსიის გაზრდას. ხელისუფლება, ერთი მხრივ, ამაყობს მიღწეულით, მეორე მხრივ წუხს, რომ ამ ეტაპზე შესაძლებლობა არ აქვს, კიდევ უფრო მეტად გაზარდოს პენსია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ღარიბებისათვის ფულისა და სამედიცინო დაზღვევის მიცემით ებრძვის სიღარიბეს, ოპოზიცია ამუნათებს, რომ მთავრობა ღარიბების პოვნას სწორად ვერ ახერხებს.

სტატისტიკურად, 100.000 ყველაზე ღარიბი ქართველი ოჯახის თვიური შემოსავალი დაახლოებით 100 ლარია. ამ თანხის ნახევარს (50 ლარს) ისინი სახელმწიფოსაგან იღებენ. ყველაზე შეძლებულ 100.000 ოჯახს შემოსავალი 2200 ლარი აქვს. სახელმწიფო მათაც აძლევს ფულს. მათ შემოსავალში ამ ფულის წილი მხოლოდ 3%-ია, მაგრამ საინტერესოა ის, რომ შეძლებულ ოჯახებს სახელმწიფო უფრო მეტს აძლევს, ვიდრე ღარიბებს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ 5 წლის წინ განსხვავება ბევრად უფრო დიდი იყო.

ამ, ერთი შეხედვით, უცნაური შედეგის მთავარი შემოქმედი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა. ამ სამინისტროს თითოეული ქართველი ყოველი 100 ლარიდან დაახლოებით 9 ლარს აძლევს რაღაც საქმის გასაკეთებლად. ამ საქმეს შემოსავლის გადანაწილება ჰქვია და ნიშნავს შეძლებულების მიერ ღარიბებისათვის ფულის მიცემას. საქართველოს მოქალაქეების მიერ სამინისტროსათვის გადანაწილების მიზნით მიცემულმა თანხამ 2010 წელს 1,6 მილიარდი ლარი შეადგინა. როგორ ანაწილებს შემოსავალს ორგანიზაცია, რომელსაც ხალხმა ყველაზე ბევრი ფული მიაბარა?

სამინისტროს 1,6 მილიარდი ძირითადად სამნაირი ფულისაგან შედგება. მილიარდ 161 მილიონი დასარიგებელი ფულია და 348 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ან ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად უნდა დახარჯოს, დანარჩენი 100 მილიონამდე უფრო ადმინისტრაციული, ან შემოსავლის გადანაწილებასთან მხოლოდ ირიბად დაკავშირებული ხარჯია.

დასარიგებელი ფული და ჯანმრთელობის ხარჯები თვისებრივად ორ ნაწილად იყოფა. 1,161 მილიარდი დასარიგებელი ფულიდან 161 მილიონით (14%) ღარიბებს უნდა დაეხმაროს, მილიარდი ლარი (86%) შეძლების მიუხედავად უნდა გაანაწილოს. განსხვავებული პროპორციაა სამედიცინო მომსახურებისათვის განკუთვნილი 348 მილიონის განაწილებაში. 45% (159 მლნ) ღარიბებისთვისაა, დანარჩენი 55% (188 მლნ) - ყველასთვის. უკანასკნელის არსი ძირითადად სამკურნალო დაწესებულებათა კომუნალური ხარჯების სუბსიდირებაა.

ჯამში გამოდის, რომ ფულის 21% ექსკლუზიურად ღარიბებისთვისაა და 79% - მთელი მოსახლეობისათვის.

რატომ იღებენ სახელმწიფო ფულის უფრო მცირე ნაწილს ღარიბები და მეტს მდიდრები? წესით ხომ საგანგებოდ ღარიბებისათვის განკუთვნილი 21%-ის არარსებობის შემთხვევაშიც ყველას თანაბრად უნდა მიეღო? ცნობილია, რომ სახელმწიფო ფულზე შედარებით მარტივად მიუწვდებათ ხელი აქტიურ ადამიანებს. ღარიბები კი აქტიურობით არ გამოირჩევიან. კარგი მაგალითია 2005 წელს საპენსიო კანონების ცვლილება. დღეს არსებობენ პენსიონერები, ვისი პენსიაც 560 ლარია და ესეც იმიტომ, რომ კანონმა პენსიის ზედა ზღვარი 560 ლარით განსაზღვრა. განსაკუთრებული მდგომარეობა ამ მხრივ იყო 2005 წლამდე. იმდროინდელი კანონმდებლობის თანახმად, ძირითადად საბჭოთა КГБ-სა და მილიციის მაღალჩინოსნებს 2005 წლიდან, გადანაწილების მიზნით, ბიუჯეტში არსებული ფულის ნახევარი უნდა მიეღოთ. ამ პროცესის პირველი ნიშნები გამომჟღავნდა 2004 წლის ბოლოს, როდესაც მოქმედი კანონების შესაბამისად, 14-ლარიანი მინიმალური პენსიის ფონზე 6000 ლარამდე პენსიის დანიშვნა დაიწყო.
სამინისტროს ფუნქცია ფულის თანაბრად გადანაწილება რომ იყოს, 100-მილიონიან ადმინისტრაციულ ხარჯზე იაფი დაუჯდებოდა ვერტმფრენის შეძენა, რომელიც ყოველ თვე ფულით გაივსებოდა, შემოიფრენდა საქართველოს, გადმოყრიდა ფულს და სტატისტიკურად ყველას თანაბარი ოდენობის ფული შეხვდებოდა. გამოდის, რომ ათეულობით მილიონის ხარჯვისა და ათასობით ადამიანის ფულის გადასანაწილებლად მუშაობის მიზანი შეძლებულებისათვის მეტი ფულის მიცემა ყოფილა.

სიღარიბე სუბიექტური ფენომენია და მას ადამიანის სურვილებისა და შესაძლებლობის შეფარდებით გამოწვეული განცდა ქმნის. ვაკის რომელიმე უბნის ყველაზე ღარიბი ოჯახი გლდანში რომ გადასახლდეს, შეიძლება ყველაზე მდიდარი აღმოჩნდეს. ამ განცდის საფუძველზე 2010 წლისათვის საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 42%-მა ჩათვალა თავი იმდენად ღარიბად, რომ გადაწყვიტა, სახელმწიფოსთვის მიემართა დახმარების თხოვნით. შედარებისათვის, 2008 წელს 33% თვლიდა თავს ღარიბად. ბუნებრივია, ადამიანები სტიმულს ემორჩილებიან, და რაც უფრო მეტია სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მით მეტი ადამიანი გადაწყვეტს დახმარების თხოვნას. სახელმწიფომ ახალშობილზე 1000 ლარით დახმარება გადაწყვიტა და უცბად მოიმატა დახმარების მიღების მსურველთა რაოდენობამ. დახმარების სახით ფერარის რომ არიგებდნენ, შეიძლება მთელი საქართველო დაფიქრებულიყო. რეალურად, დახმარებისათვის მიმართვათა რაოდენობის გაზრდას ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევამ შეუწყო ხელი, ვინაიდან სარგებელი ნამდვილად ღირებული აღმოჩნდა, კერძო ბაზარზე ანალოგიური პროდუქტის შეძენა მნიშვნელოვნად ძვირი ღირს, ასაკოვანი ადამიანებისათვის კი ფიზიკურადაც ხელმიუწვდომელია.

სიმარტივისათვის წარმოვიდგინოთ, რომ 1,8 მილიონი ადამიანი - ვინც თავი ღარიბად ჩათვალა - ნამდვილად ღარიბია და მათ გადავუნაწილოთ სამინისტროს ხელთ არსებული 1,5 მილიარდი ლარი, თითოეული ოჯახისათვის წელიწადში 3000 ლარის მიცემას შევძლებდით. ყველა ერთნაირად ღარიბი ვერ იქნება, ამიტომ, მაგალითისათვის, უფრო ღარიბი ნახევრისათვის შეგვეძლო მიგვეცა 4000 ლარი და უფრო შეძლებულებისათვის - 2000. შედეგად, სიღარიბე, რომელიც უკავშირდება კვებას ან ავადმყოფობას, საქართველოში საერთოდ არ იარსებებდა.

რატომ აღმოჩნდა სახელმწიფოსათვის და რიგითი ადამიანებისათვის თითქოს მარტივი და ბუნებრივი გადაწყვეტილება - ვის დაეხმაროს და ვის არა - განსხვავებული?

სახელმწიფოს გადმოსახედიდან ხალხი უცნაურად იქცევა. რატომღაც ეხმარებიან ღარიბ მეზობლებს ან ნათესავებს და არ ითვალისწინებენ, რომ მათზე უფრო შეძლებულებისათვის ფულის მიცემაა სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტი.

კომენტარები