ТАСС уполномочен заявить…

 “ტაბულას” ერთ-ერთ წინა ნომერში დავწერე, რომ რუსეთს არაფერი უნდა, გარდა საქართველოში სოციალიზმისა-მეთქი და აი, თვით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამიდასტურა, კი, მიშა, მართალი ხარო!

სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ (მადლობა მას!) მოსკოვში განაცხადა, რომ საქართველოში, თურმე, პროფკავშირების უფლებები და “შრომის საერთაშორისო ნორმები” ირღვევაო.

ნესტერენკოს თქმით (და ეტყობა, მან ამ საკითხს თავისი ბრიფინგის დიდი დრო დაუთმო), საქართველოს შრომის კანონმდებლობა ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (გაეროს ფილიალი) მოთხოვნებს და შეიცხადა, რომ ცოტა ხნის წინ ამ ორგანიზაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე შრომის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის გამოსვლიდან ნათელი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ცვლილებებს არც კი აპირებსო.

ჰოდა, მადლობა ღმერთს, რომ არ აპირებს!

დღეს საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია მსოფლიოში. ის დაფუძნებულია მარტივ მოსაზრებაზე: დამქირავებელმა და დაქირავებულმა ყველა დანარჩენზე უკეთ იციან, რა შედის მათ ინტერესებში და რა არა, და რომ მათ მესამე (თუნდაც იურიდიული) პირის ჩარევის გარეშე შეუძლიათ, როგორც შრომის ბაზრის რაციონალურ მონაწილეებს, განსაზღვრონ, თუ ვინ რამდენი და როგორ უნდა იშრომოს და ეს შრომა რა უნდა ღირდეს.

საქართველოში კონტრაქტი კანონზე მაღლაა. თუ კონტრაქტში რამე არ არის გათვალისწინებული, მაშინ მოქმედებს კანონი, რომელიც განსაზღვრავს რამდენიმე ძირითად პარამეტრს (მაგალითად, სამუშაო დღეების რაოდენობას, შვებულებასა და ა.შ.). ანუ, თუ კონტრაქტი არ ითვალისწინებს 6-დღიან სამუშაო კვირას, მაშინ შაბათი-კვირა დასვენებაა. თუ კონტრაქტში, რომელზეც ხელი მოვაწერე, წერია, რომ ეს ტექსტი ჟურნალს საღამოს 9 საათამდე უნდა ჩავაბარო, ესე იგი, ჩემი სამუშაო დღე 6-ზე ავტომატურად აღარ მთავრდება.

პროფკავშირებზე კანონში არაფერი წერია, იმის გარდა, რომ ნებისმიერს მისი შექმნის ან მასში გაწევრიანების უფლება აქვს. შექმნა მარტივია - ამისთვის ორი ადამიანიც საკმარისია, გაწევრიანება - მით უმეტეს. სამაგიეროდ, არსად წერია, რომ დამქირავებელი ვალდებულია, ამ პროფკავშირების აზრი გაითვალისწინოს. სწორედ ეს არის, რაც გაეროს ფილიალსა და რუსეთს აღიზიანებს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უკმაყოფილება გასაგებია, საერთაშორისო ბიუროკრატიას, რომელიც თავის ერთ-ერთ მიზნად პროფკავშირების უფლებათა დაცვასა და გაფართოებას აცხადებს, საქართველოს ლიბერალური კანონმდებლობა არ მოეწონება by definition (განმარტების თანახმადვე).

რუსეთს კი სულ სხვა მოტივები უნდა ჰქონდეს.

1791 წლის 3 მაისს პოლონეთმა (ამერიკის შემდეგ მსოფლიოში მეორემ!) მიიღო ეროვნული კონსტიტუცია. იმდროინდელი პოლონურ-ლიტვური ფედერალური სახელმწიფოს ამ ძირითადმა კანონმა მოქალაქეები პოლიტიკურ უფლებებში გაათანაბრა და, სხვათა შორის, გააუქმა liberum veto-ს (ვკრძალავ!) წესი, რომლის მიხედვითაც პოლონეთის პარლამენტის ნებისმიერ წევრს პარლამენტის გადაწყვეტილებაზე ვეტოს უფლება ჰქონდა. ვეტოსთვის საკმარისი იყო, რომ ვინმე თავადს მხოლოდ დაეყვირა პარლამენტში Nie pozwalam (არ დავუშვებ).

ამ წესს ყველაზე კარგად იყენებდა რუსეთი, რომელიც, ლოიალური თავადების ხელით (ან, თუ გნებავთ, ყვირილით), ფედერაცია ნამდვილ ანარქიამდე მიიყვანა, რადგან ვერც ერთი გადაწყვეტილების მიღება ვეღარ ხერხდებოდა. ჰოდა, მას შემდეგ, რაც პოლონეთმა 3 მაისის კონსტიტუცია მიიღო, რუსული ჯარი პოლონეთში შეიჭრა. საბაბი? ზოგადად, პოლონეთის მოქალაქეთა უფლებებისა და კერძოდ, ხსენებული უფლების დაცვა!

რა თქმა უნდა, პუტინი ეკატერინე მე-2 (დიდი) არ არის და მშრომელთა უფლებების დაცვის საბაბით, ჯარებს საქართველოში ალბათ არ შემოიყვანს. სამაგიეროდ, უფლებების დაცვის საბაბით, სოციალური დაძაბულობის გაღვივების იდეა სავსებით შეიძლება მის პატარა ჩეკისტურ ტვინში ჩაეტიოს. ჰოდა, მეც ამიტომ მივაქციე ყურადღება ნესტერენკოს ამ განცხადებას.

კომენტარები