ADIBAS

ზაზა ბურჭულაძე დღეს ქართველი კრიტიკოსების ყურადღებით ყველაზე მეტად განებივრებული მწერალია. „Adibas”-ზეც დაიწერა უკვე - ქართული სტანდარტებით - ბევრი რეცენზია. რას გვეუბნებიან კრიტიკოსები რომანის შესახებ? ზუსტად იმას, რასაც გვეუბნება რომანის სათაური, რომელიც ავტორს განმარტებულიც აქვს: „adibas” - 1. ყალბი ადიდასი; 2. ზოგადად სუროგატი, იმიტაცია; 3. ნებისმიერი ყალბი, ფალსიფიცირებული რამ: ნივთი, საგანი, სიტუაცია, მოვლენა და ა. შ. კრიტიკოსების ინტერპრეტაციას თუ დავუჯერებთ, ეს არის რომანი თანამედროვე საქართველოს სიყალბის შესახებ: ქართულ ყალბ გლამურზე, ქართულ ნაყალბევ ბრენდებზე, ქართულ არანამდვილ ცხოვრებაზე...
მაგრამ აქ უნდა შევჩერდეთ და ვიკითხოთ - კარგი, სიყალბე, მაგრამ რატომ მაინცდამაინც ქართული? „ადიბასი” ნამდვილად სიყალბეა, მაგრამ რა არის ავთენტიკური? „ადიდასი”? ქართული გლამური ნამდვილად სასაცილოა, მაგრამ ზოგადად გლამური სერიოზულად უნდა აღვიქვათ? დავიჯეროთ, ზაზას მართლა ჰგონია, რომ ყველაზე პრიმიტიული კონსუმერიზმი, რომელსაც მუდმივად აკრიტიკებენ როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა პოლიტიკური ფლანგიდან - ესაა ნამდვილი და ავთენტიკური?
ასეთი სტრუქტურა - ჩვენთან ყალბი ცხოვრება, იქ (დასავლეთში, „სხვაგან”) ნაღდი და ნამდვილი - აკა მორჩილაძის ბევრ წიგნს ახასიათებს, მაგრამ ზაზა ბურჭულაძე ყველაზე წარმატებული თანამედროვე ქართველი მწერლის კვალსაც რომ მიჰყვებოდეს - არადა, არ მიჰყვება - მაინც გაუგებარი დარჩებოდა, რატომ აირჩია ავთენტურობის კრიტერიუმად ლოგოები და ბრენდები.
მაგრამ როდესაც ავტორი გვეუბნება, რომ რომანის გასაგებად საჭიროა ერთი მნიშვნელოვანი ალუზიის გათვალისწინება - ალუზია ლუის ბუნუელის ფილმზე „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი”, საქმის ვითარება ნათელი ხდება - ბუნუელის ფილმი ხომ 70-იანი წლების ფრანგული ბურჟუაზიის სატირაა, ისევე, როგორც ბურჭულაძის რომანია დღევანდელი ქართული „ბურჟუაზიის” სატირა. ნუ გავაძლიერებთ ქართულ პროვინციალიზმს, ნუ ვიფიქრებთ, რომ ჩვენ უნიკალურები ვართ საკუთარ უბედურებაში და რომ ჩვენი ეს უნიკალურობა უნდა იყოს ქართველი მწერლის ერთადერთი ჰორიზონტი. ნუ წარმოვიდგენთ, რომ ქართული პროზა უნდა იყოს პრაქტიკულად უთარგმნელი, რადგან ძირითადი სიტყვები, რომლებსაც ის იყენებს, უცხოელი მკითხველისათვის მიუწვდომელი დარჩება, „ქართული რეალობის” არცოდნის გამო.
ზაზა ბურჭულაძე წერს რომანს, რომელიც შეიძლება წაიკითხონ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ის არ არის მხოლოდ სივრცისა და რეგიონის მწერალი; ის, პირველ რიგში, დროის მწერალია, ისტორიული ეპოქისა, რომელსაც ერთმა თანამედროვე მოაზროვნემ სიმულაციის ეპოქა უწოდა. რომანში აღწერილი აგვისტოს ომის უცნაური „ამბები” (რუსის ჯარი შემოდის თბილისში, ბომბავს ცენტრალურ უბნებს, წიგნის გმირები კი ამას არანაირ ყურადღებას არ აქცევენ და აგრძელებენ „ტკბილ ცხოვრებას”) არაა მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს არის პრობლემა ომისა მედიის ეპოქაში. რეალური ომი ვირტუალურით შეიცვალა, იქცა საკუთარი თავის სიმულაციად, რომელიც მის უკან არაფერს მალავს, გარდა სიცარიელისა.
აქვე აღვნიშნავ, რომ სიმულაცია ქართულ პროზაში უდავოდ ზურაბ ქარუმიძის რომანიდან „ღვინომუქი ზღვა” (2000) მოდის. ოღონდ თუ ქარუმიძესთან თანამედროვე სამყაროს სიმულაციურობა თეორიის დონეზე იყო, ბურჭულაძესთან თეორია ქრება; სამაგიეროდ, სიმულაციის თემა ლიტერატურულ ქსოვილში ძალზე ორგანულად პოულობს განსხეულებას.
მაგრამ, მიუხედავად ამ დროით-ეპოქალური განზომილებისა, რაღაც სივრცულ-სპეციფიკური მაინც რჩება - რასაც ბურჭულაძის რომანი გვაჩვენებს. ესაა ჩვენი ქვეყნის ორმაგი პრობლემა: თუ დასავლეთში („ცენტრში”) პრობლემა ბრენდებისა და ლოგოების მიერ ყველაფერი ავთენტიკურის ჩანაცვლება-გაქრობაა - რის შესახებაც მოთქვამენ და რასაც აკრიტიკებენ როგორც კონსერვატორები, ისე რადიკალები - საქართველოში პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ვბაძავთ დასავლურ სიმულაკრებს. სიმულაცია კუბში - როდესაც გინდა მიბაძო იმას, რაც თავისთავად ყალბია.
ოღონდ ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა როდია. ერთი ანეკდოტი: წლების წინათ, ღამეული ალექსანდრიის ქუჩებში სეირნობისას, სპორტული ფეხსაცმელების დახლს გადავაწყდი; რაღაც უცნაურობამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. აღმოჩნდა, რომ ვხედავდი ბოტასს, რომელსაც „ნაიკის” ლოგო ჰქონდა და ეწერა „ადიდასი”.
ესეც „ეგვიპტური საზოგადოების სიყალბე”... რატომ ვგავართ ერთმანეთს? მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო - ორივე ქვეყანა თანამედროვე სიმულაციური სამყაროს საზღვარზე იმყოფება.
ზაზა ბურჭულაძის რომანის მთავარი თემაც ესაა - რას ნიშნავს ცხოვრობდე სიმულაციური სამყაროს პერიფერიაზე.

 

კომენტარები