უგვირგვინო გვირგვინოსნები

დავით ბაგრატიონისა და ანა ბაგრატიონის უიღბლო ქორწინებამ ბევრის ოცნებას წერტილი დაუსვა. ბევრმა კი ახალი მემკვიდრის ძებნა დაიწყო. ბაგრატიონთა შტოებს შორის დავას ბოლო არ უჩანს. რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა კიდევ ერთი პრეტენდენტი, ღვანკითელი ირაკლი ბაგრატიონი, რომელიც, ისტორიკოსთა ნაწილის აზრით, იმერეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეა.

„თუ გვინდა ნამდვილი მემკვიდრის მოძებნა, ათვლა ბოლო მეფიდან უნდა დავიწყოთ. ბოლოს ბაგრატიონი 1810 წელს იმერეთში მეფობდა. ამ დროს ქართლ-კახეთის ტახტი აღარ არსებობდა,” - აცხადებს ისტორიკოსი მანანა ხომერიკი.

ბაგრატიონთა სამეფო შტოები პირველად 1466 წელს გამრავლდა, როდესაც საქართველო სამად გაიყო. ერთიანი საქართველოს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის უკანასკნელი მეფე გიორგი მერვე იყო. შიდა დაპირისპირების გამო გიორგი მერვე იძულებული გახდა კახეთში გაქცეულიყო. გადახვეწილმა მონარქმა დააარსა კახეთის დამოუკიდებელი სამეფო, რითაც ბაგრატიონთა კახურ შტოს ჩაუყარა საფუძველი. გაქცევამდე მან კანონიერ მემკვიდრედ ცნო კონსტანტინე მეორე. კონსტანტინე გამეფდა ქართლსა და იმერეთის ნაწილში, ქუთაისში კი მესამე ქართული სამეფო ტახტი დაიდგა. დამოუკიდებელი იმერეთის პირველი მეფე გიორგისა და კონსტანტინეს ბიძაშვილი, ბაგრატი გახდა.

დღემდე ბაგრატიონთა სამი სამეფო შტო არსებობს. მე-18 საუკუნეში ქართლ-კახეთში გამეფებულ კახელ ბაგრატიონთა შთამომავლები ბაგრატიონ-გრუზინსკები არიან. ბაგრატიონ-მუხრანსკებად მოსკოვში გაქცეული ქართლის მეფის, ვახტანგ მეექვსის მემკვიდრეები იწოდებიან. იმერული სამეფო ტახტის მემკვიდრეობაზე ღვანკითელი ბაგრატიონები აცხადებენ პრეტენზიას. გვარის დანარჩენი წარმომადგენლები სამეფო შტოებს არ ეკუთვნიან.

ერეკლე მეორის შთამომავლის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის უპირატესობა საქართველოში მცხოვრებმა ბაგრატიონებმა 2006 წელს საგვარეულო მემორანდუმით აღიარეს. ხელისმომწერთა შორის იმერული სამეფო სახლის წარმომადგენლები და სათავადო (არასამეფო) შტოების ბაგრატიონები იყვნენ. დოკუმენტით განმტკიცდა არარსებულ ტახტზე კახური შტოს, გრუზინსკების პრეტენზია. მსგავსი აღიარება ორი საუკუნით ადრეც მოხდა: 1790 წელს იმერეთის მეფე სოლომონ მეორემ და გურია-სამეგრელოს მთავრებმა ხელი მოაწერეს ივერიელთა ტრაქტატს, რითაც აღიარეს ერეკლე მეორის ოჯახის უპირატესობა და „პირველობა თანასწორთა შორის”.
„როდესაც რუსებმა 1801 წელს ქართლ-კახეთის ანექსია მოახდინეს, არც გიორგი მეთორმეტეს და არც მის შვილს დავითს უარი არ უთქვამთ დინასტიურ უფლებებზე. რუსეთმა თავდაპირველად მხოლოდ ამ ოჯახს მიანიჭა „უგანათლებულესი თავადის” წოდება, რითაც მათი უპირატესობა აღიარა,” - აცხადებს გენეალოგი იური ჩიქოვანი.

სწორედ რუსეთის მიერ „აღიარებიდან” მომდინარეობს გვარის ბოლოსართი „გრუზინსკი”. შეკითხვაზე, თუ რამდენად სასურველია დამპყრობლის მიერ მინიჭებული წოდების შენარჩუნება, ოჯახის კანცლერი კახა ქორიძე პასუხობს, რომ გვარის ასეთ ფორმას „შეჩვეულები არიან”.

მუხრანული შტო თავის პრეტენზიებს იმით ამყარებს, რომ ქართლის სამეფო სახლი კახეთისა და იმერეთისაზე უპირატესი იყო. სწორედ კონსტანტინე მეორემ და მისმა შთამომავლებმა შეინარჩუნეს ერთიანი საქართველოს მმართველის სრული ტიტულატურა და ნუმერაცია 1466 წლის განხეთქილების შემდეგ. კახეთში ხელახლა გამეფებული გიორგი არა მერვედ, არამედ გიორგი პირველად, კახეთის პირველ მეფედ იწოდებოდა. თავადაზნაურთა საკრებულოს წარმომადენლის, ია ბაგრატიონ-მუხრანელის აზრით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროპულმა დინასტიებმა გასულ საუკუნეში მუხრანული შტო სამეფო სახლად აღიარეს.

მუხრანელთა პირველობის წინააღმდეგია ისტორიკოსი სოსო ბიჭიკაშვილი, რომელიც მათი წარმომავლობის ნიუანსებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი მტკიცებით, ქართლის სამეფო სახლმა მაშინ დაკარგა უპირატესობა, როდესაც უშვილო როსტომ მეფემ მემკვიდრედ გამოაცხადა მუხრანის ბატონი ვახტანგი. სწორედ ვახტანგ მეხუთე, და არა გიორგი მერვეს მიერ მემკვიდრედ აღიარებული კონსტანტინე, იყო პირველი მუხრანელი ქართლის ტახტზე და ბაგრატიონ-მუხრანელთა უშუალო წინაპარი.

ბიჭიკაშვილის პოზიციას ჩიქოვანი მუხრანელთა მოღვაწეობის ანალიზით ამყარებს.

„ბაგრატიონ-მუხრანელების შტო პოლიტიკურად გარდაიცვალა, როდესაც მათმა წინაპარმა ვახტანგ მეექვსემ დატოვა საქართველო. მართალია, დიდხანს იკავებდნენ ტახტს, მაგრამ ისინი გააძევეს საქართველოდან. ხალხი მათ ვერ იტანდა, ისინი სასტიკნი და მუდამ მოქიშპენი იყვნენ. დღევანდელ მუხრანელებს არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია, მაგრამ ისინი ზედმეტად ამბიციურები არიან. მათი დაყენება პირველ პლანზე იქნება სრული ანაქრონიზმი,” - აცხადებს გენეალოგი.

ვახტანგ მეექვსის რუსეთში გადახვეწის მიუხედავად, მუხრანელ ბაგრატიონთა ნაწილი საქართველოში დარჩა. რუსული ანექსიის შემდეგ მათ მუხრანსკები ეწოდათ. კოლონიური ეპოქიდან საქართველოს ისტორიას შავ ლაქად შემორჩა გიორგი მუხრანსკის შეხედულება ქართველი ერის მომავალზე. მისი აზრით, პატარა ხალხები განწირულნი იყვნენ, მათ არ შეეძლოთ სრულყოფილი სახელმწიფო ორგანიზმის შექმნა, ამიტომ მსხვილ ეროვნულ ერთეულებში უნდა გათქვეფილიყვნენ.

1930 წელს მუხრანელთა სახლის უფროსი გიორგი ბაგრატიონ-მუხრანსკი ოჯახთან ერთად მწერალ მაქსიმ გორკის დახმარებით საბჭოთა საქართველოდან საფრანგეთშიგაიქცა. იქ მისი შვილი ლეონიდა ცოლად გაჰყვა რუსეთის სამეფო სახლის მეთაურს, ვლადიმირ კირილეს ძეს. ესპანეთისა და რუსეთის სამეფო სახლებმა მუხრანელთა შტო ვლადიმირის გავლენით აღიარეს ბაგრატიონთა შორის უპირატესად, რასაც მოჰყვა შემდგომი აღიარებები. დღეს ლეონიდა ბაგრატიონ-მუხრანელი რუსეთის სამეფო სახლის მეთაურია და რუსეთში მონარქიის აღდგენაზე საუბრისას არაორდინარული კომპლიმენტით გვახარებს.

„საქართველო რუსეთის მეფის გვირგვინზე ძვირფასი ქვა იქნება,” - წინასწარმეტყველებს ქართველ მეფეთა მემკვიდრე „დიდი მთავრინა”.

„რუსეთის საიმპერატორო კანონების თანახმად, იმპერატორისა თუ ტახტის მემკვიდრის ცოლი აუცილებლად უნდა ყოფილიყო მისი თანაბარუფლებიანი, სამეფო ოჯახის წარმომადგენელი. იმ დროისთვის, როდესაც ვლადიმირ კირილეს ძეს ცოლი უნდა მოეყვანა, ევროპის სამეფო სახლებში გოგონები ან ძალიან პატარები ან ხანში შესულები იყვნენ. ამიტომ მან ცოლად ლეონიდა მოიყვანა, სამეფო ტახტის მემკვიდრის სტატუსის შენარჩუნების მიზნით კი შეცდომაში შეიყვანა ესპანეთის სამეფო სახლი და მუხრანელთა შტო სამეფო სახლად აღიარებინა,” - აცხადებს ბიჭიკაშვილი.

მანანა ხომერიკის აზრით კი, ვლადიმირ კირილეს ძეს თბილისში მცხოვრები ბაგრატიონ-გრუზინსკების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და ამიტომ მიიჩნია მუხრანელების შტო უპირატესად.

ბაგრატიონთა ორი შტოს უთანხმოების გადაჭრის მცდელობა იყო 2009 წლის 8 თებერვალს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ქორწილი. გეგმის მიხედვით, მათი მომავალი მემკვიდრე ორივე შტოს უნდა ეღიარებინა. თებერვალშივე მედიაში გახმაურდა ახალდაქორწინებულთა დაშორების ამბავი, რის შემდეგაც მემკვიდრეზე საჯაროდ აღარ უსაუბრიათ.

მანანა ხომერიკის აზრით, გადაუწყვეტელი კონფლიქტის ფონზე, მნიშვნელოვანია იმერელ ბაგრატიონთა არსებობა. იმერული სახლის მემკვიდრედ მას სოფელ ღვანკითში მცხოვრები ირაკლი ბაგრატიონი მიაჩნია. ღვანკითელი ბაგრატიონები სოლომონ პირველის ძმის, ბაგრატის უკანონო შვილის შთამომავლები არიან. წარმომავლობის გამო, ეს შტო რუსეთის იმპერიამ აზნაურის წოდებამდე დაამდაბლა. ბაგრატის უკანასკნელი კანონიერი შთამომავალი ნინო ბაგრატიონ-იმერეტინსკი 2008 წელს გარდაიცვალა.

„მეფის უკანონო შვილს ბატონიშვილის წოდებას აძლევდნენ და არა უფლისწულისას... 1839 წელს რუსებმა პეტერბურგში მყოფ სოლომონ მეორის ცოლს, მარიამ დადიანს წერილობით ჰკითხეს ღვანკითში მცხოვრები ოჯახის შესახებ. მან გარკვევით განაცხადა, რომ იმერეთის სამეფოს არსებობის დროს ისინი იყვნენ თავადები და არავითარი შეხება არ ჰქონიათ სამეფო ოჯახთან,” - აცხადებს ბიჭიკაშვილი.

მანანა ხომერიკს „უკანონო” წარმომავლობა მნიშვნელოვან ფაქტორად არ მიაჩნია.

„ყველა ბაგრატიონი ლაშა-გიორგის უკანონო შვილის შთამომავალია. იმერეთის ტახტზეც ბევრი ისეთი მეფე მჯდარა, რომელიც უკანონოდ იყო შობილი. მე არ მესმის, რატომ სურთ ვიღაცებს ირაკლი ბაგრატიონის იგნორირება,” - ამბობს ისტორიკოსი.

დეკემბერში ბაგრატიონთა ბედის განხილვაში საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც ჩაერთო. „ბაგრატიონებს აქვთ გამომუშავებული ის უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა ქვეყნის მართვისთვის და მათი წარმომადგენელი პრეზიდენტის მიერ დანიშნულ სამ სენატორში უნდა შედიოდეს,” - განაცხადა მან.

მრავალრიცხოვანი შტოების წარმომადგენელთა წინააღმდეგობრივი ქმედებებისა და გამონათქვამების ფონზე, დემეტრაშვილის გამონათქვამი, არამეცნიერულობასთან ერთად, ცინიკურადაც გამოიყურება. მეფისთვის მირონი ბევრჯერ უცხიათ, მაგრამ გენებისთვის - ჯერ არასდროს.

კომენტარები