ძველი თბილისის რთული აწმყო და ბუნდოვანი მომავალი

ძველი თბილისის მძიმე მდგომარეობას ჩამონგრეული სახლები და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები დროდადრო გვახსენებს. წელს უკვე რამდენიმე ასეთი შემთხვევა მოხდა. მერიის ინფორმაციით, ძველი თბილისის რაიონის სახლების 60% ავარიულია. სიტუაციის გამოსწორებას მერია პროექტ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლით” ცდილობს. არასამთავრობო ორგანიზაციებში კი გრძელვადიანი ხედვის არარსებობასა და ისტორიული ძეგლების მიმართ ზერელე დამოკიდებულებაზე საუბრობენ.
„თბილისის ახალი სიცოცხლე” 2009 წელს დაიგეგმა და 2010 წლის დასაწყისიდან მოქმედებს. პროექტის მიხედვით, ავარიული სახლის მცხოვრებლები თანამშრომლობაზე სამშენებლო კომპანიას უნდა შეუთანხმდნენ. კომპანია მათ ახალი ბინებით უზრუნველყოფს, რისთვისაც ბანკისგან კრედიტს იღებს. ძველი სახლისგან გათავისუფლებული მიწა სახელმწიფო საკუთრებაში გადადის და მასზე ახალი შენობის ასაგებად კონკურსი ცხადდება. გამარჯვებული კომპანია მშენებლობისთვის სახელმწიფო გრანტს იღებს, პროექტს კი მერიის არქიტექტურის სამსახური ამტკიცებს.
„ICOMOS საქართველოს” თავმჯდომარის, ნატო ცინცაბაძის აზრით, მთავარი პრობლემა მარეგულირებელი დოკუმენტების არარსებობაა. ცალკეული შენობების პროექტებს არქიტექტორთა საბჭო ამტკიცებს. მაგრამ პროფესიონალური საბჭოს გადაწყვეტილებაც შეიძლება აცდეს ქალაქის მოთხოვნილებებს, თუ არ არსებობს ერთიანი ხედვა, რისი დანგრევა ან აშენება შეიძლება და რატომ.
ცინცაბაძე განმარტავს, რომ ისტორიულ ქალაქს ცალკე მდგომი ძეგლისგან განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს. დასაცავია არა მარტო კონკრეტული შენობები, არამედ ხედი, გარემო და პერსპექტივა. „საჭიროა მრავალკომპონენტიანი გეგმა. წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული, რას, როგორ და რატომ ვინარჩუნებთ. დღეს კი, მოსახლეობის გასახლების შემდეგ, ძველ თბილისში დარჩენილი სახლის ბედი გაურკვეველია,” - აცხადებს ცინცაბაძე. მისივე თქმით, ზურაბ ჭიაბერაშვილის მერობისას გადაიდგა ნაბიჯი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებისკენ - შეიქმნა „ძველი თბილისის საყრდენი გეგმა”. დოკუმენტი მოიცავდა ფაქტებს ქალაქის ისტორიული ნაწილის შესახებ. მის საფუძველზე შეიძლებოდა განვითარების სტრატეგიის შემუშავება. მაგრამ, საქმის წინ წაწევის ნაცვლად, საყრდენი გეგმა გვერდზე გადადეს.
მერიის პრესცენტრში მიაჩნიათ, რომ არქიტექტორთა საბჭოს მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში ძველი ქალაქის სწორი განვითარებისთვის საკმარისი პირობაა; საბჭოს წევრებს, ცალკეული ნაგებობების ღირებულებასთან ერთად, გარემოსა და სხვა ფაქტორებიც გაითვალისწინებაც შეუძლიათ. ამასთანავე, წინასწარ განსაზღვრულია ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტების სრული სია. ძველი თბილისის გამგებლის, დავით ავალიანის თქმით, პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სწორედ კულტურული ღირებულების მქონე შენობების დაცვაა.
„თბილისის ჰამქრის” უსტაბაშს, ალეკო ელისაშვილს, ძველი თბილისის ძეგლთა დაცულობაში ეჭვი შეაქვს. ელისაშვილი იხსენებს, რომ წინა წლებში მერიამ ძეგლის სტატუსი მოუხსნა იმელის შენობასა და ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს. მერიის პრესცენტრში ამბობენ, რომ ორივე გადაწყვეტილება არქიტექტორთა საბჭომ მიიღო. თუმცა, დასახელებულ შემთხვევებს „ძველი თბილისის ახალ სიცოცხლესთან” კავშირი არ აქვს.
ელისაშვილი პროექტს „ბნელსა და დახურულს” უწოდებს. „აქ საქმე გვაქვს პროტექციონიზმთან, რადგან, ჩემი ინფორმაციით, უგულავა კრედიტებს აძლევს მასთან დაახლოებულ გაკოტრებულ ბიზნესმენებს,” - აცხადებს უსტაბაში. ამის საპასუხოდ მერიაში ამტკიცებენ, რომ სამშენებლო კომპანიები მათი გამოცდილების მიხედვით შეირჩა. თანაც, პროცესში სამშენებლო ბიზნესის ყველა ძირითადი წარმომადგენელია ჩართული და გაუგებარია, რაში ვლინდება პროტექციონიზმი.
ამჟამად კომპანიები წინასწარ მოლაპარაკებებს მართავენ მოსახლეობასთან, რათა წარადგინონ წინადადებები „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” მეორე ეტაპში მონაწილეობისთვის. მეორე ეტაპისთვის კომპანიების შესარჩევი კონკურსი 20 მაისს დასრულდება. პროექტის პირველ ეტაპში ათმა სამშენებლო კომპანიამ და ოთხმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა. მის ფარგლებში კომპანიებმა 320 ოჯახთან მიაღწიეს შეთანხმებას. ამ ოჯახებისთვის ახალი ბინები ორ წელიწადში აშენდება. ამხანაგობებთან კონტრაქტების გაფორმების შემდეგ, არქიტექტურულმა კომპანიებმა ბანკებისგან ჯამში 53 მილიონი ლარის ოდენობის კრედიტი მიიღეს.
არსის მთავარი არქიტექტორის, ირაკლი როსტომაშვილის აზრით, მერია ერთდროულად სამ კურდღელს იჭერს. გარდა იმისა, რომ ხდება ძველი თბილისის აღდგენა და უმჯობესდება მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები, მოგებული რჩებიან სამშენებლო კომპანიები. საბანკო კრედიტების დახმარებით, ისინი კრიზისის გამო შეჩერებული მშენებლობების დასრულებას მოახერხებენ. როსტომაშვილის თქმით, პროექტი კომპანიებს 50,000-მდე სამუშაო ადგილის შენარჩუნებაში ეხმარება.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძველ თბილისში მრავალი ათასი ავარიული სახლია, 320 ოჯახის დაკმაყოფილება მხოლოდ მცირე ნაბიჯია. როსტომაშვილი პროგრამის მიმდინარეობის ნელ ტემპს იმას უკავშირებს, რომ მოსახლეობა კომპანიებს ხშირად არარეალურ პირობებს უყენებს. „პატარა ბინის სანაცვლოდ დიდ ბინას ითხოვენ, რასაც არც ერთი კომპანია არ დააკმაყოფილებს, რომელსაც არითმეტიკის მცოდნე თანამშრომელი ჰყავს”. შეთანხმება ვერ შედგება, სანამ მას ერთი ოჯახი მაინც ეწინააღმდეგება. ახლანდელი ტემპის პირობებში, ძნელი სათქმელია, რამდენი დრო დასჭირდება ძველ უბნებში მდგომარეობის ძირეულად შეცვლას.
 

კომენტარები