გაშვების თხა

კონსპიროლოგია ხშირად წამოყოფს ხოლმე თავს ჩვენს ქვეყანაში. აი, მაგალითად:

მალხაზ გულაშვილმა დააარსა სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა. ეკა კვესიტაძემ ის საკუთარ ტოქშოუში მიიწვია, სადაც ბ-ნმა გულაშვილმა მრავალი ფაშისტურ-ჰომოფობიური განცხადება გააკეთა.

როგორი იყო ამაზე ზოგიერთი იმ ადამიანის რეაქცია, რომლებიც საკუთარ თავს ლიბერალებად მოიხსენიებენ? მათ შემოგვთავაზეს ახსნა: მალხაზ გულაშვილის პოპულარიზაციას ხელისუფლება უწყობს ხელს, რათა მის ფონზე საკუთარი თავი უფრო პროგრესულად მოგვაჩვენოს, ვიდრე არის. ამის მიზეზი კი ლიბერალურ-ოპოზიციურ პარტიებთან კონკურენციის შიშია.

ცოტა არ იყოს, ეჭვით ვუყურებ ხოლმე ისეთ ბრალდებებს, რომელთა მიხედვითაც ხელისუფლების პროექტებია ნოღაიდელი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, ალასანია, ოქრუაშვილი და მედვედევი. მაგრამ ეჭვი ეჭვია, ამ შემთხვევაში კი უეჭველი ფაქტი გამახსენდა - სანამ მას ეკა კვესიტაძე მიიწვევდა გადაცემაში, ბ-ნმა გულაშვილმა საკუთარი იდეების პრეზენტაცია „კავკასიის” ეთერში მოაწყო, ალეკო ელისაშვილის შოუში. ლიბერალურმა ოპოზიციამ (აი, იმან, რომელთანაც ხელისუფლებას კონკურენციის ეშინია, ნაკლებად პროგრესული ვჩანვარო) - თინა ხიდაშელის სახით - წაუყრუა ბ-ნ გულაშვილის ჰომოფობიას. არც ოპოზიციური ჟურნალისტიკის წარმომადგენელი ალეკო ელისაშვილი იყო სათანადო სიმაღლეზე - მას არ გაუპროტესტებია გულაშვილის არც ერთი ფაშისტური განცხადება. ამ ფონზე ნამდვილად დასაფასებელია ეკა კვესიტაძისა და შორენა შავერდაშვილს პოზიცია, რომლებიც შეეცადნენ - თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობს, წარუმატებლად - დაპირისპირებოდნენ ბ-ნ გულაშვილის დემაგოგიას.

რა არის პრობლემა მალხაზ გულაშვილის შემთხვევაში? ის, რომ გურამ შარაძის ნიშის დაჭერას ცდილობს? რასაკვირველია, არა. გურამ შარაძე ვერ ჩაითვლება წარმატებულ საზოგადოებრივ ფიგურად და არა მგონია, მისი როლი ბ-ნმა გულაშვილმა უკეთესად შეასრულოს.

მაგრამ ბ-ნ გულაშვილის სტრატეგიაში არის ერთი ძალიან ცუდი რამ, რაც მას გამოარჩევს მისი „იდეური” წინამორბედებისა თუ თანამოაზრეებისგან. მან გადაწყვიტა, განტევების ვაცის მექანიზმი აამუშაოს და ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა სექსუალურ უმცირესობებს გადააბრალოს (შეგახსენებთ, რომ ამ მექანიზმს წარმატებით იყენებდნენ ნაცისტურ გერმანიაში ებრაელებისა და სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ). ყველაფერი დანარჩენი - რელიგიური ფუნდამენტალიზმის ქადაგება თუ პრორუსული ორიენტაცია ვერანაირად ვერ იქნება ბ-ნ გულაშვილის ექსკლუზიური ნიშა. მაგრამ სექსუალური უმცირესობების აქტიური დევნა - აქ მას შეუძლია წამყვანი როლი ითამაშოს.

როგორი უნდა იყოს ჩვენი, ანუ იმ ადამიანების რეაქცია, რომლებისთვისაც უმცირესობების უფლებები არაა სულ ერთი?

ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი სტრატეგია იქნება, ზუსტად ისევე მოვექცეთ ბ-ნ გულაშვილს, როგორც ის ექცევა სექსუალურ უმცირესობებს. არავითარი ლიბერალური დიალოგი და რაციონალური არგუმენტების გაცვლა - თუ მას უნდა განტევების ვაცი, თავად ის ვაქციოთ „განტევების ვაცად” - სულ ცოტა, ჩვენს წრეში. ამის გაკეთება საკმაოდ ადვილია - შევთანხმდეთ, რომ არავინ შედის მასთან სამუშაო ურთიერთობაში, არავინ ერთიანდება მასთან, მიუხედავად იმისა, თუ რა საკითხი დგას დღის წესრიგში. მედიაში მიწვევა? - მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მასზე ვისაუბროთ, როგორც პრობლემაზე და არავითარ შემთხვევაში იმისთვის, რომ ის ვალაპარაკოთ სხვა პრობლემებზე. ვაქციოთ ის პერსონა ნონ გრატად.

“განტევების ვაცი” აქ ბრჭყალებში ზის, რადგან, ჩვეულებრივ, ეს ვაცი სრულიად უდანაშაულოა და შემთხვევითაა შერჩეული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იქნებ ჯობდეს ედუარდ შევარდნაძის ტერმინი “გაშვების თხა” გამოვიყენოთ, რადგან ჩვენს შემთხვევაში ბ-ნი გულაშვილი ნამდვილად დამნაშავეა, ის ნამდვილად ახდენს ფაშისტური იდეების გავრცელება-პოპულარიზაციას.

მე, რასაკვირველია, შორს ვარ აზრისგან, რომ მალხაზ გულაშვილი ამ ქვეყნის მთავარი პრობლემაა. მაგრამ ვფიქრობ, რომ მალხაზ გულაშვილთან დაუშვებელია სხვა პრობლემაზე საუბარი, გარდა იმისა, რომელსაც ის თავად წარმოადგენს.

გულაშვილი ჩვენთვის იდეალური სამიზნეა. ის აერთიანებს ბევრ ფენომენს, რასაც ვუპირისპირდებით: რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, უმცირესობების უფლებების შელახვას, პრორუსულ პოლიტიკურ ორიენტაციას (ისე, საინტერესო კავშირი იბმება ამ სამ მომენტს შორის, არა?). მისი „განტევების ვაცად” ქცევით ჩვენ შევძლებთ, რაღაც მინიმალური საერთო პოზიცია მაინც გამოვნახოთ - და მერე ვიკამათოთ ან, თუნდაც, ვიბრძოლოთ ერთმანეთთან.

რას ფიქრობთ?

P. S. დაახლოებით ვხვდები, როგორი იქნება სპონტანური რეაქცია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მხრიდან - განა ხელისუფლება არ არღვევს ადამიანის უფლებებს? რატომ ავირჩიოთ მაინცდამაინც მალხაზ გულაშვილი ჩვენს სამიზნედ?

მაგრამ ამაზე პასუხი მარტივია: იმის მიუხედავად, არღვევს თუ არა ხელისუფლება ადამიანის უფლებებს, ის დეკლარირებულად დემოკრატიისა და ლიბერალიზმის მომხრეა, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების ნაწილი და ადამიანები, რომელთაც ამ სტატიით მივმართავ. მალხაზ გულაშვილი დეკლარირებულად ილაშქრებს ამ პრინციპებისა და ღირებულებების წინააღმდეგ. ის აშკარა მტერია, ვინც არაფერს მალავს. ამიტომაცაა სრულიად გამართლებული ანალოგია ფაშისტებთან, რომლებიც ასევე არ თვლიდნენ საჭიროდ, საკუთარი ზრახვები დაეფარათ.

კომენტარები