ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

პუტინმა მიუთითა, რომ WSJ-ს დაპატიმრებული ჟურნალისტის ხანგოშვილის მკვლელში გაცვლა სურს

ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ირიბად მიუთითა, რომ დაინტერესებულია The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებითაა დაკავებული, აშშ-მ გაუცვალოს გერმანიის საპატიმროში მყოფ ვადიმ კრასიკოვში, რომელმაც ბერლინში საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა.

კრასიკოვი, სახელის დასახელების გარეშე, პუტინმა მაშინ ახსენა, როცა ის გერშკოვიჩის შესაძლო გათავისუფლებაზე საუბრობდა.

კარლსონმა პუტინს ჰკითხა, არის თუ არა მზად, კეთილი ნების ნიშნად გაათავისუფლოს 32 წლის ევან გერშკოვიჩი, WSJ-ს ჟურნალისტი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით უკვე ერთ წელზე მეტია პატიმრობაში რჩება. პუტინის თქმით, იმდენი კეთილი ნება გაიღეს, რომ, გონია, "ყველა ლიმიტი" ამოწურეს. თუმცა მან აღნიშნა, რომ მზად არიან ისაუბრონ ამერიკულ სპეცსამსახურებთან და გერშკოვიჩი "საპასუხო ნაბიჯის" სანაცვლოდ გაათავისუფლონ. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული პირობები, რომლებიც განიხილება სპეცსამსახურებს შორის და ამ საკითხზე მოლაპარაკება შესაძლებელია.

კარლსონმა გერშკოვიჩთან დაკავშირებით პუტინს ჰკითხა, არის ის NATO-ს ჯაშუში თუ ჟურნალისტ, რომელსაც შესაძლოა ინფორმაცია, "რომელიც არ უნდა მიეღო", ხელში ჩაუვარდა. პუტინმა საპასუხოდ თქვა, რომ არ იცის, ვისთვის მუშაობდა WSJ-ს ჟურნალისტი და სწორედ ამ კონტექსტში ახსენა პირი, რომელიც დაკავებულია "აშშ-ს მოკავშირე" ქვეყანაში და რომელსაც რუსეთი ასევე არ მიიჩნევს ჯაშუშად.

საუბრის დროს, რუსული სპეცსამსახურების ჯაშუშს, ხანგოშვილის მკვლელ ვადიმ კრასიკოვს პუტინმა "პატრიოტი" უწოდა.

"მომისმინეთ, აი, რას გეტყვით: ერთ ქვეყანაში, ქვეყანაში, რომელიც შეერთებული შტატების მოკავშირეა, [ციხეში] ზის ადამიანი, რომელმაც პატრიოტული წარმოდგენებით ევროპის ერთი ქვეყნის დედაქალაქში ბანდიტის ლიკვიდაცია მოახდინა. კავკასიაში მიმდინარე მოვლენების დროს, იცით ის (რედ. იგულისხმება ზელიმხან ხანგოშვილი) რას აკეთებდა? არ მინდა მოვყვე, მაგრამ მაინც ვიტყვი: ის ტყვედ აყვანილ ჩვენს სამხედროებს გზაზე ალაგებდა, შემდეგ კი მანქანით მათ თავებზე გადაივლიდა. რა ადამიანია ეს და საერთოდ ადამიანია? მაგრამ გამოჩნდა პატრიოტი, რომელმაც მისი ლიკვიდაცია მოახდინა ერთ ევროპულ დედაქალაქში. გააკეთა ეს საკუთარი ინიციატივით, თუ არა, ეს სხვა საკითხია". – აღწერა პუტინმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის ამბავი ისე, რომ მისი სახელი არ უხსენებია.

ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში, გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის ამერიკელ პატიმრებში გაცვლა სურდა. მედიაში გავრცელებული იყო რამდენიმე ვერსია, თუ ვისი გათავისუფლების სანაცვლოდ ითხოვდა რუსეთი კრასიკოვს. 2023 წლის სექტემბერში The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინს ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლება სურდა და შესაბამის საკითხზე მუშაობა უსაფრთხოების საკითხების მრჩეველს, ნიკოლაი პატრუშევს დაავალა. პატიმრების შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებუკ მოლაპარაკებებში, როგორც WSJ წერდა, ნახსენები იყო მათივე ჟურნალისტიც, ევან გერშკოვიჩი.


ეთნიკურად ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, ასევე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ყოფილი ოფიცერი იყო. 

მკვლელობაში ბრალდებით დაპატიმრებულს რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული.

ამ საკითხზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრასიკოვი ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის თანამონაწილეა.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარში ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში გერმანიის პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულად მოიხსენიებს.

"შეკვეთილი მკვლელობის მიზეზი გარდაცვლილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული მტრული ურთიერთობებია. მოკლულს ასეთივე ურთიერთობები აკავშირებდა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთანაც", – ნათქვამია განცხადებაში. 

გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 2019 წლის 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე უფრო მეტი წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში: რუსეთის შურისძიება - ზელიმხან ხანგოშვილის ცხოვრებისა და სიკვდილის ისტორია.

 

კომენტარები