ცვლილება საგადასახადო კოდექსში

ივანიშვილზე დაჩქარებულად მორგებული ოფშორების კანონი: სანქციების შიში?

ცვლილება საგადასახადო კოდექსში

ივანიშვილზე დაჩქარებულად მორგებული ოფშორების კანონი: სანქციების შიში?

განახლება: პარლამენტმა ოფშორების კანონი მიიღო

ქართული ოცნება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული კანონის პარალელურად პარლამენტში დაჩქარებულად განიხილავს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს. ივანიშვილის პარლამენტს სურს, რომ ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში მიღებული შემოსავალი ვალდებულებებისგან გათავისუფლდეს. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კანონის მიღების შემდეგ კომპანიას შეეძლება გათავისუფლდეს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების (ოფშორული ზონების) იურისდიქციისგან და საქართველოში აქტივები (მათ შორის, წილები/აქციები) ყოველგვარი გადასახადის გარეშე გადმოიტანოს. ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ კანონი პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მას სურს, პოტენციური სანქციებისგან დასაცავად ქონების ნაწილი საქართველოში დაუბრკოლებლად გადმოიტანოს.

რა წერია კანონის პროექტში

კანონის მიღების შემდეგ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს აქტივების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში:

  • კომპანია გათავისუფლდება მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან;
  • აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან;
  • საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.

კანონპროექტს თან სდევს შენიშვნა, რომ ეს ნაწილი გამოიყენება, თუ შეღავათიანი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100%-ს ფლობს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი). ახალი რეგულაცია 2028 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს.

კანონპროექტის ინიციატორების მტკიცებით, რადგან საქართველოში ინვესტიციის დაბანდება ხშირ შემთხვევაში ოფშორულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული კომპანიების მიერ ქვეყანაში შვილობილი საწარმოების მეშვეობით ხდება, არსებობს გადასახადებისგან თავის არიდების რისკი და ეს ხელს უშლის ეფექტურ საგადასახადო ადმინისტრირებას. 

"გადასახადისგან თავის არიდების პრევენციის, საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის და გადასახადის ადმინისტრირების გამარტივებისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესს". - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რა შეიძლება იყოს რეალური მიზანი

ტაბულა ქართული ოცნების ოცნების ინიციატივის შესახებ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლის დეკანს, ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილს ესაუბრა. ბედინეიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის განმარტება არადამაჯერებელია. მისი თქმით ხელისუფლებისთვის ქართულ პროექტებში ჩადებული ინვესტიციების წარმოვალობა ისედაც გამჭვირვალეა, ხოლო ახალი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით საქართველოს მიმზედვლად მსგავსი ინიციატივა ვერ აქცევს.

"ოფშორებში სასამართლოა, კორპორაციული მართვაა, აწყობილია, გამჭვირვალობა ფანტასტიკური არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, საკუთრების ექსპროპრიაციას არავინ გიკეთებს. საქართველოში ვიღაცამ ფული შემოიტანოს - ქვეყანაში, სადაც სასამართლო დაქვემდებარებულია ივანიშვილის, პარლამენტი, მთავრობაც ივანიშვილის კონტროლის ქვეშაა, ეს არაა საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანა. ამიტომ, არ მგონია, მიზანი ოფშორებიდან ფულის ნაკადის წამოსვლა იყოს". - ამბობს ბედინეიშვილი

ბედინეიშვილიც მიიჩნევს, რომ კანონის მიზანი სანქციების მოლოდინში მყოფი ბიძინა ივანიშვილისთვის ოფშორებიდან აქტივების ნაწილის საქართველოში გადმოტანის გამარტივება და გაიაფებაა.

"ეს არის პირდაპირ ივანიშვილზე მორგებული კანონი. რატომ აკეთებს ამას, ეს კიდევ სხვა სპეკულაციის თემაა. ოფშორებში ოპერირება, რა თქმა უნდა, ობიექტურად გართულებულია, მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ, შესაძლოა, სანქცირების ალბათობაც გაზრდილია ივანიშვილისთვის და მიაჩნია, რომ უფრო ადვილად მისწვდება სანქციები მის ჰოლდინგურ კომპანიებს ოფშორებში, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოში იქნებიან". - ამბობს ბედინეიშვილი.

მისივე განმარტებით, ივანიშვილს მისი აქტივების კონტროლი საქართველოში უფრო გაუმარტივდება. ამით ის შეამცირებს გამჭვირვალობას საკუთარ ინტერესებზე და გაზრდის კონტროლს კომპანიებზე.

"შეიძლება, დიდი სიამოვნებით არ აკეთებს ამას და იძულებულია ეს გააკეთოს, მაგრამ მისი ფინანსური ინტერესების იქ მოწყვლად მდგომარეობაში დატოვებას ურჩევნია საქართველოში ჰქონდეს. ჩემი აზრით, ეს არის ძირითადი მოტივაცია". - თქვა გიგა ბედინეიშვილმა. 

ტაბულამ ფინანსისტს ასევე ჰკითხა კანონის თანმხლებ სხვა რისკებზე. მისი აზრით, ეს კიდევ ერთი პირდაპირი ინდიკატორი იქნება იმისა, თუ როგორი ქვეყანაა საქართველო, როგორ კონტროლდება ბიზნეს სექტორი ხელისუფლებასთან ერთად და რამდენად სახიფათოა ის ზოგადად ბიზნესისთვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არაა დაკავშირებული.

არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ 2023 წლის სექტემბერში, აშშ-ს მიერ ოთარ ფირცხალაძის დასანქცირების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეზე ქვეყანაში საერთაშორისო სანქცია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ქართული სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. შესაბამისად, მაგალითად, ქართულ კომერციულ ბანკებს ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საერთაშორისო სანქციის აღსრულების ვალდებულება აღარ აქვთ და ჰიპოთეტურად სანქცირებული პირის აქტივები საქართველოში "დაცული" დარჩება.

რა ქონებას ფლობს ივანიშვილი ოფშორულ ზონებში

2021 წელს გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) მსოფლიო ლიდერების შესახებ ოფშორულ ბიზნესებსა და დამალული ქონებების შესახებ მონაცემები შეკრიბა, მასში კი ივანიშვილიც მოხდა. Pandora Papers-ის სახელით გამოქვეყნებული ფაილების თანახმად, ივანიშვილმა 1998-2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე 12 კომპანია დააარსა.

ერთ-ერთი კომპანია Silverpot Holdings Ltd შეიქმნა საბროკერო ანგარიშის მეშვეობით საჯაროდ აღნუსხული კომპანიების გასაკონტროლებლად. მეორე კომპანია Brighton Corporate Ltd შეიქმნა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ვალად აღებული სააქციო კაპიტალით დასაფინანსებლად. აღნიშნული ფონდი საქართველოში აფინანსებს სასტუმროებს, ჰიდროელექტროსადგურებს, სათბურებს და სხვა.

მასალების თანახმად, 2011 წელს ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების ფინანსურმა მარეგულირებელმა (BVI) გამოძიების მიზნით Alcogal-ს მიმართა და ივანიშვილის კიდევ ერთ ოფშორულ კომპანიის, Finseck-ის შესახებ ჰკითხა. პასუხად მიიღო, რომ ფირმა დაკავშირებული იყო ქონების მინდობით მართვასთან და იგი ივანიშვილმა შვილების კეთილდღეობისთვის დააფუძნა.

2021 წელს საქართველოში ოფშორული კომპანიების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომაც. კვლევის ფარგლებში გამოვლინდა 11 ოფშორული კომპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული და თავის მხრივ, 27 ქართულ კომპანიას ფლობს.

ივანიშვილთან დაკავშირებული იმ ოფშორული კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ქართულ ბიზნესებს ფლობდნენ ყოველწლიურად იზრდებოდა, რადგან TI-ს 2018 წლის კვლევაში მხოლოდ 9 კომპანია მოხვდა. 2012-2020 წლებში 6 ოფშორულ კომპანიას პირდაპირი პრივატიზაციის წესით სახელმწიფო ქონება გადაეცა, მათ შორის სამს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. 15-მა ოფშორულმა კომპანიამ სახელმწიფო ქონება აუქციონის გზით მიიღო. ამ ქონების საპრივატიზაციო ღირებულება, დაახლოებით, 77 მილიონი ლარია.

ბიძინა ივანიშვილის ოფშორული ჰოლდინგები მთელ მსოფლიოშია გაფანტული. მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც მათ შორის ქართულ საწარმოებს ფლობენ, რეგისტრირებულებია ბელიზში, პანამაში, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე და სხვა.

ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობს ბიზნესებს რუსეთშიც. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს 2022 წლის კვლევის თანახმად, ანალოგიურ სქემას ის საქართველოშიც იყენებს, სადაც რამდენიმე ათეულ კომპანიას ისე ფლობს, რომ მისი სახელი პირდაპირ არსად ჩანს. ორგანიზაციამ გამოავლინა 3 ოფშორული კომპანია (Vanity Overseas Limited, Wellminstone S.A. და Wenigen Management Limited), რომელთა გამოყენებითაც ივანიშვილი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ბიზნესს რუსეთში. თუმცა, ეს სრული სურათის მხოლოდ მცირე ნაწილია, რადგან ბიძინა ივანიშვილის მიერ გასხვისებული რუსული კომპანიების ამჟამინდელ მეწილეებს შორის კიდევ 20-ზე მეტი ოფშორული კომპანია ფიგურირებს, რომლებმაც ივანიშვილის წილები მას შემდეგ გადაიბარეს, რაც მან  რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადა.

ამომრჩევლის მოქრთამვა

კანონპროექტის კიდევ ერთი პუნქტის თანახმად, 2021 წლის 1 იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერებათ ფიზიკურ პირებს, რომლებიც საგადასახადო დავალიანების გამო პრაქტიკულად ვეღარ საქმიანობენ.

"წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით, ხორციელდება ფიზიკური პირების ხელშეწყობა და სტიმულირება. მათ ეძლევათ შესაძლებლობა ხელახლა, საგადასახადო ვალდებულების გარეშე, განაახლონ თავისი საქმიანობა". - განმარტავს ქართული ოცნება.

ეს ნიშნავს, რომ საგადასახადო დავალიანება 145 842 ფიზიკურ პირს ჩამოეწერება, რაც ჯამურად 591 458 571 ლარს შეადგენს. მათ შორის, უშუალო გადასახადი 225 746 111 ლარია, ჯარიმა - 138 611 457, ხოლო საურავი - 227 101 003 ლარი.

ქართული ოცნება საგადასახადო ამნისტიას საარჩევნო მხარდაჭერის გასაზრდელად იყენებს. პარტიამ ამგვარ გზას მიმართა, მაგალითად, 2016 წლის არჩევნების წინ, როდესაც მოქალაქეებს დაახლოებით 2 მილიარდი ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერა. მმართველმა პარტიამ მსგავსი ხერხი გამოიყენა და საკრედიტო ამნისტია დაამტკიცა 2018 წელსაც, როცა სესხი ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 ათასამდე მოქალაქეს ჩამოეწერა

კომენტარები