სარედაქციო პოლიტიკა და სახელმძღვანელო გარე ავტორებისთვის

ტაბულა აქტიურად თანამშრომლობს დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და ავტორებთან (ფრილანსერებთან), რომელთაგან ბევრი უკვე წლებია, ჩვენს პლატფორმაზე რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს. ვინაიდან რედაქცია გაცილებით მეტ მასალას იღებს, ვიდრე მისი გამოქვეყნებაა შესაძლებელი, შევიმუშავეთ ერთიანი სარედაქციო სახელმძღვანელო.

ეს დოკუმენტი აერთიანებს როგორც ავტორებთან თანამშრომლობის ზოგად წესებს, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების - კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების პოლიტიკას, რომლის დაცვაც სავალდებულოა პლატფორმაზე გამოქვეყნებული ნებისმიერი მასალისთვის.

I. ძირითადი სარედაქციო მოთხოვნები

სტატიის იდეის (Pitch) წარდგენისას და მისი გამოქვეყნების შანსების გასაზრდელად, გარე ავტორებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი კრიტერიუმები:

სარედაქციო ხედვის გაზიარება: ავტორები უნდა იცნობდნენ და იზიარებდნენ გამოცემის პრინციპებს. ანალიზის შემოთავაზებისას, მოველით, რომ ოპონენტების პოზიციები პატიოსნად და ობიექტურად იქნება აღწერილი. ამბის გაშუქებისას, ფაქტები არ უნდა დაიმალოს იმის მიუხედავად, ეს რომელიმე პარტიისთვის თუ პოლიტიკოსისთვის უხერხული ხომ არ იქნება. რედაქცია აფასებს იუმორსა და მახვილგონივრულ წერას, თუმცა მიუღებელია ცინიზმი და უადგილო სარკაზმი.

დროში მდგრადი აქტუალობა: ტაბულა არ არის ორიენტირებული მხოლოდ ყოველდღიური ახალი ამბების ციკლის დევნაზე - ეს განსაკუთრებით ეხება გარე ავტორების მასალებს. თუ სტატია რამდენიმე დღეში ან კვირაში აქტუალობას კარგავს, ის ჩვენი პლატფორმისთვის შეუფერებელია. თემა უნდა მოიცავდეს ფართო კონტექსტს, რომელიც მიმდინარე ამბების მიღმაც რელევანტური დარჩება.

სიღრმისეული ანალიზი: რედაქციას უფრო მეტად აინტერესებს სტატიები, სადაც ავტორი დროს უთმობს კონტექსტის შექმნასა და საკითხის მრავალმხრივ კვლევას, ვიდრე კონკრეტული მოვლენის ზედაპირულ კრიტიკას. სტატიები, რომლებიც მხოლოდ შაბლონურ დასკვნებსა თუ ლოზუნგებზეა აგებული, როგორც წესი, არ განიხილება. მკითხველს სჭირდება არგუმენტები.

ეთიკური სტანდარტები: სტატიაში კატეგორიულად დაუშვებელია სიძულვილისა და შუღლის ქადაგება, დისკრიმინაციული გამოხატვა, ასევე დაუსაბუთებელი ბრალდებების ან ცილისწამების გამოყენება.

ორიგინალურობა და პლაგიატი: წარმოდგენილი ტექსტი უნდა იყოს ავტორის ორიგინალური ნაშრომი. პლაგიატის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის თვითპლაგიატი (სხვაგან უკვე გამოქვეყნებული ტექსტის ნაწილების ხელახლა გამოყენება სათანადო მითითების გარეშე), კატეგორიულად მიუღებელია.

ექსკლუზიურობა და ხელახალი გამოქვეყნება: რედაქცია განიხილავს მხოლოდ ისეთ მასალებს, რომლებიც სხვაგან არ გამოქვეყნებულა. ტაბულაში სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ავტორს უფლება აქვს, მასალა განათავსოს საკუთარ პირად ბლოგზე ან სოციალურ ქსელში, იმ აუცილებელი პირობით, რომ ტექსტში მითითებული იქნება საწყისი წყარო და დაერთვება ორიგინალი პუბლიკაციის ბმული.

ავტორობა და ფსევდონიმი: როგორც წესი, ავტორების მასალები ქვეყნდება მათი ნამდვილი სახელითა და გვარით. ფსევდონიმის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში - თუ ავტორი რედაქციასთან დაასაბუთებს, რომ ვინაობის გამჟღავნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის ან მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას, ან გამოიწვიოს პროფესიული და პოლიტიკური დევნა.

ინტერესთა კონფლიქტი: ავტორი ვალდებულია, რედაქციას წინასწარ აცნობოს ნებისმიერი პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის შესახებ (იქნება ეს ფინანსური, პოლიტიკური თუ პირადი), რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება გასაშუქებელ თემას.

ფაქტების გადამოწმება: მიუხედავად იმისა, რომ რედაქტორები ტექსტს საფუძვლიანად ეცნობიან, ინფორმაციის ფაქტობრივ სიზუსტეზე საბოლოო პასუხისმგებლობა ავტორს ეკისრება. ტექსტში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული წყაროების (განსაკუთრებით პირველწყაროების) ბმულები. ტექსტში ფაქტობრივი შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში, მისი გამოქვეყნების შანსი მკვეთრად მცირდება.

შესწორების პოლიტიკა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მასში ფაქტობრივი უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, ავტორი ვალდებულია ითანამშრომლოს რედაქციასთან ინფორმაციის დროულად და გამჭვირვალედ შესასწორებლად.

მოცულობა: გარე ავტორების სტატიებისთვის იდეალური მოცულობა 1,200-დან 1,500 სიტყვამდეა. განსაკუთრებით ვრცელი ტექსტის შემოთავაზების შემთხვევაში, ავტორმა წინასწარ უნდა გამოგვიგზავნოს არგუმენტაციის მოკლე შინაარსი.

ფართო აუდიტორიაზე ორიენტირება: ტაბულას სტატიები გასაგები უნდა იყოს ფართო მკითხველისთვის. დაუშვებელია აუხსნელი პროფესიული ჟარგონების ჭარბი გამოყენება. სტატია დასაწყისშივე ნათლად უნდა აჩვენებდეს, თუ რატომ არის ეს თემა მკითხველისთვის მნიშვნელოვანი.

თემატური მრავალფეროვნება: სარედაქციო რესურსის ოპტიმიზაციის მიზნით, გარე ავტორების მასალები უნდა ავსებდეს იმას, რასაც გამოცემის ჟურნალისტები უკვე აშუქებენ. იდეის გამოგზავნამდე, გთხოვთ გადაამოწმოთ, მსგავსი თემა უკვე ხომ არ გამოქვეყნებულა ჩვენთან. 

ვიზუალური მასალა: თუ ავტორი სტატიას ურთავს ფოტოებს ან გრაფიკულ მასალას, ის უნდა ფლობდეს მათზე საავტორო უფლებას, ან მასალა უნდა იყოს თავისუფალი გამოყენების (Public Domain / Creative Commons). სხვა შემთხვევაში, შესაბამის ილუსტრაციას რედაქცია უზრუნველყოფს.

ავტორის კომპეტენცია: იდეის წარდგენისას, ავტორმა უნდა დაასაბუთოს საკუთარი ექსპერტიზა ან შესაბამისი გამოცდილება მოცემულ სფეროში (მაგალითად, მიუთითოს სხვა სანდო გამოცემებში გამოქვეყნებული ნაშრომების ბმულები).

რედაქტირების პროცესი: რედაქტირება ფოკუსირდება სტილისტურ თანმიმდევრულობაზე, ტექსტის სტრუქტურულ გამართულობასა და სიზუსტის უზრუნველყოფაზე. ავტორს უფლება აქვს, გამოქვეყნებამდე ნებისმიერ დროს უკან გაიტანოს საკუთარი სტატია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას გამოსაქვეყნებელი ტექსტის სახეზე რედაქცია იღებს.

II. ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების პოლიტიკა

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, საავტორო და სარედაქციო პროცესებში ახალი სტანდარტების დანერგვა გახდა საჭირო. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე, სულ უფრო რთული ხდება ნამდვილი და სანდო კონტენტის იდენტიფიცირება.

გამომდინარე იქიდან, რომ ტაბულას მთავარი ფასეულობა მკითხველის ნდობაა, რასაც გამოცემა ტექნიკური ეფექტურობის ხარჯზე რისკის ქვეშ არ აყენებს, რედაქციამ შეიმუშავა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების პოლიტიკა. აღნიშნული პოლიტიკა თანაბრად ვრცელდება როგორც შტატიან თანამშრომლებზე, ისე გარე ავტორებსა და კონტრაქტორებზე.

ჩვენი მთავარი ფილოსოფიაა: AI-მ უნდა გააძლიეროს ადამიანის განსჯა და არა ჩაანაცვლოს იგი.

ძირითადი პრინციპები

შედეგზე პასუხისმგებელია ადამიანი: არცერთი მასალა, რომელსაც ტაბულა აქვეყნებს, არ უნდა იყოს გენერირებული AI-ის მიერ, გარდა იშვიათი და მკითხველისთვის ღიად დეკლარირებული გამონაკლისებისა (მაგ., სტატიის AI აუდიოვერსია). ნებისმიერი პროდუქტი, რომლის შექმნაშიც ხელოვნური ინტელექტი მონაწილეობდა, უნდა გადაიხედოს და დამტკიცდეს ადამიანის მიერ, რომელიც სრულ პასუხისმგებლობას იღებს მის შინაარსზე.

AI დამხმარეა და არა ჩამნაცვლებელი: რედაქცია მიესალმება AI ინსტრუმენტების, როგორც "პირადი ასისტენტის“, გამოყენებას მექანიკური, რუტინული ამოცანებისთვის (მაგ. კვლევა, ტრანსკრიფცია), რათა ავტორმა დრო გამოითავისუფლოს უფრო მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის. თუმცა, მიუღებელია მისი გადაქცევა ავტორის ძირითადი, კრიტიკული უნარების ჩამნაცვლებელ ინსტრუმენტად.

AI-ის შედეგები განიხილება როგორც გადაუმოწმებელი წყარო: ვინაიდან დიდი ენობრივი მოდელები (LLMs) ხშირად "ჰალუცინირებენ“ და მათ სატრენინგო მონაცემებშივე არის ჩადებული მიკერძოებები, ხელოვნური ინტელექტის ნებისმიერი ფაქტობრივი მტკიცება ისევე უნდა გადამოწმდეს სანდო წყაროებით, როგორც ნებისმიერი უცნობი წყაროდან ან ვიკიპედიიდან მიღებული ინფორმაცია.

რედაქტორთან კონსულტაცია გაურკვევლობისას: ვინაიდან AI-ის შესაძლებლობები სწრაფად ვითარდება და ვერც ერთი პოლიტიკა ვერ გაითვალისწინებს ყველა სცენარს, თუ ავტორი არ არის დარწმუნებული, მისაღებია თუ არა AI-ის ამა თუ იმ ფორმით გამოყენება, მან კონსულტაცია თავის რედაქტორთან უნდა გაიაროს.

აკრძალული ქმედებები (რისთვის არ ვიყენებთ AI-ს)

ხელოვნური ინტელექტის შემდეგი მიზნებით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია:

გამოსაქვეყნებელი შინაარსის გენერირება: AI-ს არ შეუძლია დაწეროს სტატიები ან ნებისმიერი სხვა კონტენტი, რომელიც ტაბულას სახელით გამოქვეყნდება. ეს მოიცავს ხელოვნური ინტელექტისთვის ტექსტის "გაუმჯობესების“ მინდობასაც, თუკი ეს ცვლის ავტორის არგუმენტაციას ან ორიგინალურ სტილს.

სტრუქტურის აწყობის დელეგირება: ავტორებმა არ უნდა სთხოვონ AI-ს საკუთარი აზრების სტრუქტურირება ან სტატიების ორგანიზება. ეს წერის პროცესის საკვანძო ნაწილია და მისი გადაბარება აზიანებს ავტორის კრიტიკული აზროვნების უნარებს და ამცირებს ნაშრომის ორიგინალურობას.

კრიტიკული აზროვნების დელეგირება: დაუშვებელია AI-ის გამოყენება ანალიტიკური განსჯის ჩასანაცვლებლად (მაგალითად, საკუთარ არგუმენტებში სუსტი წერტილების მოსაძებნად). ტაბულას ჟურნალისტიკის მთავარი ღირებულება სწორედ ის სიზუსტე და სიმკაცრეა, რომლითაც ავტორები საკუთარ ნაშრომებს უდგებიან.

აუდიოსა და ვიდეოს მანიპულაცია: AI ინსტრუმენტების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ტექნიკური ხარისხის გასაუმჯობესებლად (მაგ. ფონური ხმაურის ჩასახშობად) და არასოდეს ადამიანის ნათქვამის შესაცვლელად ან სინთეტიკური მეტყველების (Deepfake) შესაქმნელად.

AI-გენერირებული ფოტოების რეალობად გასაღება: არ ქვეყნდება ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოები რეალური სცენების იმიტაციით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად ფოტოა სტატიის განხილვის საგანი და მკაფიოდ არის მარკირებული, როგორც AI-გენერირებული.

III. მასალის გამოგზავნა

წესების გაცნობის შემდეგ, გარე ავტორებს შეუძლიათ იდეები (Pitches) ან მზა სტატიები გამოგზავნონ შესაბამის ელ-ფოსტაზე:

უკუკავშირის დრო: რედაქცია მაქსიმალურად ცდილობს განიხილოს ყველა შემოსული განაცხადი, თუმცა პასუხის გარანტიას ვერ გავცემთ. იმ შემთხვევაში, თუ ავტორი იდეის გამოგზავნიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში რედაქციისგან უკუკავშირს არ მიიღებს, მას შეუძლია საკუთარი სტატია დაუბრკოლებლად შესთავაზოს სხვა გამოცემებს.

ანაზღაურება: სტატიის გამოქვეყნებაზე თანხმობის შემთხვევაში, რედაქცია ავტორთან ინდივიდუალურად ათანხმებს ჰონორარის პირობებს.