ტაბულა სამოქალაქო განათლების ფონდმა 2010 წელს დააფუძნა. სამოქალაქო განათლების ფონდი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობების გავრცელების ხელშესაწყობად. ფონდის გამგეობის წევრები არიან:
ლევან რამიშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ტაბულას სარედაქციო საბჭოსა და თავისუფლების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე.
რამდენიმე ათეული წელია, როგორც ჟურნალისტი, ანალიტიკოსი და აქტივისტი, ის აქტიურად არის ჩართული საქართველოს ლიბერალური ტრანსფორმაციის პროცესში.
1996 წელს თანადააფუძნა თავისუფლების ინსტიტუტი, რომელიც კვლევისა და ადვოკატირების გზით ხელს უწყობს ბუნებით სამართალისა და თავისუფლების დამკვიდრებას.
იყო ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა და სხვადასხვა კანონის ავტორი, როგორიცაა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა და მაუწყებლობის კანონები, აგრეთვე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში - ნაფიც მსაჯულთა, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში - ინფორმაციის თავისუფლების, სამოქალაქო კოდექსში - არასამეწარმეო იურიდიული პირების, ზოგადი განათლების კანონში - მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უფლებების, პაციენტის უფლებების კანონში - ინფორმირებული თანხმობის შესახებ ნაწილები.
ლევან რამიშვილი 2010 წლიდან თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ასწავლის სხვადასხვა კურსს სამართლის ფილოსოფიის, კონსტიტუციური სამართლის, პოლიტიკური თეორიის და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. 15 წლის მანძილზე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ და შემდეგ ასოცირებული პროფესორი.
სხვადასხვა წლებში ის იყო გაზეთების მიმომხილველი, ჩვენ, ბიზნეს კურიერი, არგუმენტი და ჟურნალ ტაბულას რედაქტორი, მთავრობის სოციალური მართვის ცენტრის სოციოლოგი, ფედერალიზმის განვითარების ცენტრის განყოფილების გამგე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.
ლევან სუთიძე - ტაბულას მთავარი რედაქტორი და რელიგიის მიმომხილველი. ის ტაბულას გუნდის წევრია დაარსების დღიდან. იყო გადაცემის, “საუბარი რელიგიაზე”. ავტორი და წამყვანი. სუთიძუს პროფესიული საქმიანობა წლების განმავლობაში უმცირესობათა უფლებებზე იყო ფოკუსირებული და აღნიშნულია არაერთი ჯილდოთი, მათ შორის, “ტოლერანტობის ქომაგის” წოდებით.
კატო კოპალეიშვილი - 2023 წლის სექტემბრიდან ტაბულას საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი. მას აქვს გამოცდილება საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით. კატო კოპალეიშვილი მუშაობს The Insider-ის გამომძიებელი ჟურნალისტის, მაიკლ ვაისის წიგნზე, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვას ეხება.
ნინი გოგიბერიძე - ის იურისტია და სიღრმისეულად იცნობს საქართველოს მართლმსაჯულების სექტორში გატარებულ რეფორმებს. აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების დაგეგმვის, კოორდინაციისა და მართვის სფეროში. 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერაშორისო სამართლის ფაკულტეტი, ხოლო 2005 წელს მიენიჭა ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სფეროში. ნინი არის თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი. 2010-2013 წლებში იყო ჟურნალ ტაბულას აღმასრულებელი რედაქტორი.